ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025

ალეკო ელისაშვილი – ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ნამუსიანი საქციელია, როდესაც დეპუტატები პარლამენტში არ დადიან და ხელფასს იღებენ

ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ნამუსიანი საქციელია, როდესაც დეპუტატები პარლამენტში არ დადიან და ხელფასს იღებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის შეფასებას კანონპროექტზე, რომელიც პარტიების საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას უკავშირდება და აღნიშნა, რომ ამის ზემოქმედებად განხილვა მოსალოდნელი იყო.

„კარგია, რომ ასეთი შეფასებაა და ეს მოსალოდნელიც იყო. რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოს საქმეებში ერევა, ამიტომ მოდი, ახლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ავკრძალოთ და რეგისტრაცია გავუუქმოთ. ეს დემოკრატიული და ნორმალური იდეა ნამდვილად არ არის, ისევე, როგორც დაფინანსების შეწყვეტა. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ამის ზემოქმედებად განხილვა.

ესეც გაუგებარია, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას რომ იღებენ და თან ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თან ვითომ ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. ეს კიდევ კარგი, გავიგოთ, გარკვეული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, მაგრამ დეპუტატები, რომლებიც არ დადიან პარლამენტში და ხელფასს იღებენ, აქ ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ეს ნამუსიანი და სწორი საქციელია. ამას ვერავინ ვერასდროს განგვიმარტავს და ვერ აგვიხსნის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის შეფასებას „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ გაითვალისწინებს.

„ჩემი ღრმა რწმენით, გაითვალისწინებენ. მმართველი გუნდი ახლა უზარმაზარი გამადიდებლის ქვეშ არის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროკავშირიდან. იმის ფუფუნება, რომ გადახიონ ვენეციის კომისიის დასკვნა და გადაყარონ, ასე არ იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

წითელ ზღვაში, ბერძნულ სატვირთო გემზე „ჰუსიტების“ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 15-ს კი ამ დრომდე ეძებენ

წითელ ზღვაში, ბერძნულ სატვირთო გემზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 15 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.„როიტერის“ ინფორმაციით, მაშველებმა წყლიდან ეკიპაჟის ექვსი წევრი ამოიყვანეს. გადარჩენილმა ექვსმა მეზღვაურმა წყალში 24 საათზე მეტი გაატარა.სატვირთო გემ Eternity C-ზე 25 ადამიანი იმყოფებოდა. თავდასხმა პირველად 7 ივლისს, შუადღისას განხორციელდა საზღვაო უპილოტო აპარატებით და რაკეტებით, რომლებიც სწრაფმავალი ნავებიდან „ჰუსიტი“ მებრძოლების მიერ იყო ნასროლი. 6 ივლისს მსგავს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰუსიტებმა“ აიღეს, რომლის სამიზნეც კიდევ ერთი სატვირთო გემი, Magic Seas იყო. გემის ეკიპაჟის ყველა წევრი მის ჩაძირვამდე გადაარჩინეს.

„ძალიან მძიმე ღამე გვქონდა… ექიმები ყველაფერს აკეთებენ“ – როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მუსიკოსის დამ, თაკო ჩარკვიანმა უთხრა. მისი თქმით, კრიტიკული იყო წუხანდელი ღამე, თუმცა, ყველაფერმა ჩაიარა.„გუშინ, ძალიან მძიმე ღამე გვქონდა, სადღაც დილისკენ ცოტა შეიცვალა მდგომარეობა, შედარებითია ყველაფერი... ღამე გადავიტანეთ, როგორც იტყვიან. ცოტა გამოვიხედეთ, ოდნავ, მინიმალურად, ვეპოტინებით... ღმერთის წყალობით... ღამე უარესს ველოდით. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მართვით სუნთქვაზე არ გადავიდეს. მამუკას ისეთი ფიზიკური მდგომარეობა აქვს, რომ ამდენს ვეღარ გადაიტანს, გამორიცხულია...ძალიან გაგვაწვალა ოსტეომელიტურმა ფეხმა, არც ერთი უჯრედი არ მოჰყვება, რომ აღდგეს... წარმოუდგენლად ვწვალობთ...გუშინ დავდე ფეისბუკ პოსტი, რომ ძალიან მჯერა ძლიერი ენერგეტიკის, ასეც მოხდა. ისეთი სითბო, სიყვარული და სიკეთე წამოვიდა... ყველას დიდი მადლობა ამისთვის“, - გვითხრა ჩარკვიანმა.

ნიუ-მექსიკოს შტატში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულთა შორის ორი ბავშვია

ნიუ-მექსიკოს შტატში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანია დაღუპული. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამთო საკურორტო ქალაქ რუიდოსოში მოვარდნილმა ნიაღვარმა საცხოვრებელი სახლი წაიღო.ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაახლოებით ერთი საათის მონაკვეთში მდინარე რიო-რუიდოსოში წყლის დონემ 6 მეტრამდე მოიმატა, რაც წინა რეკორდულ მაჩვენებელაზე 1,5 მეტრით მეტია.ნიუ-მექსიკოს გუბერნატორმა, მიშელ ლუხან გრიშემმა რუიდოსოს რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დახმარების თხოვნით ფედერალურ მთავრობას მიმართა.შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში ნიუ-მექსიკოს მეზობელ ტეხასის შტატში წყალდიდობას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 160-ზე მეტი მოქალაქე დაკარგულად ითვლება.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.დოკუმენტის თანახმად, „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და კეთილსინდისიერი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის ნამდვილ ნებას“.რეზოლუციაში ვკითხულობთ: „ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა და საქართველოს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს“.დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, ვიდრე საქართველოს პოლიტიკური კურსის ხელშესახები ცვლილება არ მოხდება და ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება“.რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტით დაწყებული; კვლავ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად“.გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, „რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი აუდიტის საჭიროებას, მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის და სულ უფრო რეპრესიული პოლიტიკური და საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული მიღწევებისა და  ევროკავშირის წარმატებული რეფორმების კუთხით რეგრესს, ფუნდამენტურად ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კიდევ უფრო აძლიერებს ძალაუფლებას მმართველი პარტიის ხელში; ამასთან დაკავშირებით, მოუწოდებს ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას მე-2 მუხლში გათვალისწინებული ზოგადი პრინციპების, კერძოდ, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის შესახებ საქართველოს ვალდებულებების აშკარა დარღვევის გათვალისწინებით; კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ასოცირების შეთანხმებით მინიჭებული პრივილეგიების პირობებზე დაფუძნებული შეჩერება“.რეზოლუცია „მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებისკენ და მოუწოდებს ევროკავშირს, სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს მისი ფინანსური აქტივები; გმობს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე  პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების შეფერხებას; გმობს უნგრეთის მთავრობის ცალმხრივ ქმედებებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად“.დოკუმენტის მიხედვით, „რეზოლუცია მკაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და სისტემურ წამებას; მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ბოლო დროს მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტის ჩახშობას, განსაკუთრებით გამოძალვითი ჯარიმების გზით; გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მათგანის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ; მოუწოდებს ძალადობის ყველა აქტის ეფექტურად და სანდოდ გამოძიებისკენ და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ; გამოხატავს შეშფოთებას სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის არარსებობის გამო, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ კავშირების მქონე მაღალი რანგის მოსამართლეები ზედამხედველობენ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს“.სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუცია ასევე მოიცავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.„ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მან საჭირო სამედიცინო მკურნალობა მიიღოს საზღვარგარეთ; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ანგარიშვალდებული უნდა იყოს ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მას მიადგება; გარდა ამისა, მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა მიეცეთ“, – აღნიშნულია რეზოლუციაში, რომლის პროექტიც გუშინ გამოქვეყნდა.8 ივლისს გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში რამდენიმე შესწორება შევიდა. ერთ-ერთი შესწორება ეხება მზია ამაღლობელს. კერძოდ, ამაღლობელთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტში შევიდა შემდეგი შესწორება: „საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, მოეხსნას ყველა ბრალდება და მხედველობის გაუარესების გამო მიეცეს მკურნალობის საშუალება“.კიდევ ერთი შესწორება ეხება 4 ოქტომბრისთვის დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებს. მიღებული შესწორების თანახმად, „ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ 2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება გაუარესებულ სამართლებრივ გარემოში, რაც გამოწვეულია 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ორგანულ კანონსა და საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების მიღებით, ქართული რეჟიმის მიერ პოლიტიკური რეპრესიებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაზრდით; მიიჩნევს, რომ ამჟამინდელ პოლიტიკურ და სამართლებრივ პირობებში, მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევას წარმოადგენს ნებისმიერი პოტენციური მონაწილისთვის, რომელიც თავისუფალ, სამართლიან კონკურენციას ელოდება და, გარდა ამისა, ასეთი მონაწილეობა თვითდანიშნული ხელისუფლების მიერ გამოყენებული იქნება ახალი სტატუსკვოს აღიარებად. ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ ეს მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური ოპოზიციის დაპატიმრებული, დაკავებული ლიდერები და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და დააკვირდებიან კეთილსინდისიერი საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე პროცესი“.ამასთან, ევროდეპუტატმა დანილო დელა ვალემ მოითხოვა, რეზოლუციის პროექტიდან ამოღებული ყოფილიყო პუნქტი სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის შესახებ, თუმცა ეს შესწორება ვერ გავიდა.გარდა ამისა, რეზოლუციაში შევიდა ოპოზიციური პარტიების იმ წარმომადგენელთა ჩამონათვალი, რომლებიც დაკავებული არიან.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 28 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ისრაელის, პაკისტანის, რუსეთის და ჩინეთის, ჯამში, 28 მოქალაქე.„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები