დათა პაპა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის და გაუტეხელობის სიმბოლო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. მდინარაძე დათა პაპას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ოჯახს უსამძიმრებს.
„დათა პაპა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის და გაუტეხელობის სიმბოლო…
ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელს საქართველოს“, – წერს მდინარაძე.
ხურვალეთელი დათა ვანიშვილი, რომელიც დათა პაპას სახელით იყო ცნობილი, გარდაიცვალა. ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს.
მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2012 წელს მოჰყვა, თუმცა მან სახლის დატოვებაზე უარი თქვა და მავთულხლართებს მიღმა მეუღლესთან ერთად დარჩა.
2014 წელს ის ოკუპანტებმა პენსიის ასაღებად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის გამო დააკავეს.
დათა ვანიშვილი 88 წლისა იყო.