შაბათი, ივლისი 12, 2025

2020 წელს ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები, პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე 11%-ით გაიზარდა, კომერციული რეკლამა კი 9%-ით შემცირდა

2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 75,2 მილიონამდე ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 7,6 მილიონი ლარით მეტია. 2020 წლის დასაწყისში კომუნიკაციების კომისია ამბობდა, რომ ბიზნეს სექტორის პასიურობის მიუხედავად, სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს შემოსავლების მკვეთრი კლება არ დაფიქსირდებოდა, რადგან მაუწყებლების კომერციული რეკლამიდან შემცირებულ შემოსავლებს, პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავლები დაუბალანსებდა. კომუნიკაციების კომისიის პროგნოზი გამართლდა და პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს მაუწყებლებს ჯამურად სარეკლამო შემოსავლებში 11%-იანი მატება აქვთ, საიდანაც 13,9 მილიონი ლარი ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა.

რაც შეეხება მხოლოდ კომერციულ რეკლამას, 2020 წლის დინამიკა კვარტლების მიხედვით ასეთია: პირველ კვარტალში მაუწყებლებმა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტი შემოსავალი მიიღეს, მეორე კვარტალში კი 39% კლება დაფიქსირდა, მესამე კვარტალში დინამიკა შეიცვალა და მაუწყებლებს 7%-იანი მატება ჰქონდათ, ხოლო მეოთხე კვარტალში  3%-იანი – კლება.  ჯამურად წლის ჭრილში კომერციული რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა წინა წელთან შედარებით 9%-ით ნაკლები შეადგინა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლების კლება, პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა დააბალანსა.

2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზი აჩვენებს, რომ კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლების ყველაზე დიდი კლება 2020 წლის მეორე კვარტალში მოხდა, გასათვალისწინებელია, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში მასშტაბური შეზღუდვები დაწესდა და ყველა სფერო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, მათ შორის როგორც რეკლამის დამკვეთები, ისე მაუწყებლები. ახალ რეალობასა და გამოწვევებზე გადაწყობას გარკვეული დრო დასჭირდა, მესამე კვარტალში კი როგორც ამას კომისია ვარაუდობდა,  სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა და 7%-იანი მატება დაფიქსირდა.

პანდემიის გარდა, კომერციული სარეკლამო შემოსავლების ჯამური კლება დიდწილად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის, ვინაიდან  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს 2020 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,3 მილიონიანი კლება ჰქონდა, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს – 0,344 მილიონიანი. რაც შეეხება სხვა მაუწყებლებს 2020 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხები მაუწყებლების მიხედვით ასეთია:

ტელეკომპანია „იმედმა“ სარეკლამო შემოსავლებიდან 29 მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც 3,3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია. ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა„ -12,8 მილიონის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 2,1 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამა იყო. ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 11,1 მილიონი ლარი სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 4,3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია.  „ტელეკომპანია პირველმა“  6,2 მილიონი ლარის  სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 1,9 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა.  „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“  2,8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი  მიიღო, საიდანაც 0,5 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია. რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“, მან 2,3 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც პოლიტიკურმა რეკლამამ 0,4 მილიონი ლარი შეადგინა. ტელეკომპანია „პოსტვ“-მ ჯამში 1,6 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 0,3 პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხებია.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 1,1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი  მიიღო, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი არ ჰქონია. „სილქნეტის“ მიერ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 1,4 მილიონი ლარია, არხს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ განუთავსებია. „სეტანტა ჯორჯიამ“ 0,76 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო,  ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი არ ჰქონია. სარეკლამო შემოსავლების 8% სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა.

სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს წლების განმავლობაში არსებული სურათი შეიცვალა, კერძოდ,  ბოლო წლებში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების 70%-ზე მეტს ორი მაუწყებელი ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“ იკავებდა. 2017 წელს „იმედს“ სარეკლამო ბაზრის 35% ეკავა, „ რუსთავი 2“ -ს  41%, 2018 წელს „იმედს“  ბაზრის 34% ჰქონდა, „რუსთავი 2“-ს 41 %, 2019 წელს იმედს 40%, „რუსთავი 2“-ს 33%.  2020 წელს აღნიშნული სურათი შეიცვალა და სარეკლამო ბაზრის  79% უკვე 4 მაუწყებელი ტელეკომპანია „იმედი“ , „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ იკავებს.

უფრო ზუსტად, 2020 წელს სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა – 39%  ტელეკომპანია „იმედი“, 17% – „რუსთავი 2“, 15% – „მთავარი არხი“, 8% – „ტელეკომპანია პირველი“  4%- GDS-ი. ტელეკომპანია „ფორმულა“-3%,  „პოსტვ“- 2%, სარეკლამო შემოსავლების 12% სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა.

რაც შეეხება რადიო მაუწყებლებს, 2020 წელს რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 6,8 მილიონი ლარი  შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით ნაკლებია. რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების კლება დიდწილად სწორედ პანდემიას  უკავშირდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ, რომ გახარიას მინისტრობის პირობებში, 2019 წლის 20 ივნისს აქციის დაშლა მოხდა ისეთი მეთოდებით, რამაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, ეს საქმე...

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, დაშლის ოპერაციის დროს გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება არ იყო სრულყოფილი, შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ამ საქმის ხელახალ გამოძიებას ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ავალდებულებს.„შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს. 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტზე შტურმი რომ იყო, ეს დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ. ამავე სასამართლომ დაადგინა, რომ შემდეგ, დაშლის ოპერაციის დროს გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება არ იყო სრულყოფილი.ჩვენ გვაქვს სტრასბურგის სასამართლოდან ორი მოცემულობა. ერთი, დადგინდა, რომ ეს იყო შტურმი, რომლის მოტივი და მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა. აბა, პარლამენტს სიამოვნების გამო არავინ შტურმით არ იღებს. აქვე გავახსენებ ყველას, რომ ევროკავშირი თავად იყო ჩართული, რომ ამ შტურმის მონაწილეები გარეთ ყოფილიყვნენ. შეგახსენებთ, ნიკა მელიას გირაო ბრიუსელს აქვს გადახდილი, იმიტომ იყო ის გარეთ. ბრიუსელს ჰქონდა გადახდილი იმ ადამიანის გირაო, რომელიც იმ შტურმში მონაწილეობდა, რომელზეც სტრასბურგმა თქვა, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე. აქაც კიდევ ერთხელ ისმის კითხვის ნიშნები ბრიუსელის მიმართ, რა პროცესებთან გვქონდა საქმე და რას ახალისებდა; მეორე, არის უკვე კანონიერ საზღვარს გაცდენილი აქციის დაშლის ოპერაცია და ღონისძიება. ამ საკითხს იძიებს ახლა პროკურატურა. ჩვენ ვნახეთ, რომ, ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში, ამ აქციის დაშლა მოხდა ისეთი მეთოდებით, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს. მნიშვნელოვანია, ეს საქმე იყოს გამოძიებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ჩვიდმეტ ქვეყანას ვეტყვი: თავიანთ ქვეყნებში ჩაიხედონ, მათ პოლიციელს რომ წიხლით შედგეს, პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, მოითმენენ?! ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის,...

მნიშვნელოვანია, შეწყდეს უსამართლო თავდასხმა საქართველოზე და აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალიან დაავადდა ამ სენით ბრიუსელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ეს არის ის, რაც მოსახლეობის იმედგაცრუებას იწვევს და ამას აჩვენებს გამოკითხვები, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიმართ ნდობა ეცემა.„არ ვიცი, პოლიციელზე წიხლით შედგომა, ასაფეთქებელი პიროტექნიკის დამიზნებით სროლა, პარლამენტის დაწვა თუ არის მშვიდობიანი ქმედება? ამ ჩვიდმეტი ქვეყანას ვეტყვი ერთ რამეს: თავიანთ ქვეყანაში ჩაიხედონ და მათ პოლიციელს რომ წიხლით შედგეს ვინმე, მათ პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, მათ რომ უშენდნენ პიროტექნიკას, მოითმენენ ამ ყველაფერს და არ ექნებათ რეაგირება?! სამწუხარო, იცით, რა არის? ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის. ეს არის უბრალოდ უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც, როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ თვლის, დაბალ ღობედ გვთვლის. ჩვენ პოლიციელებს წიხლები უნდა ურტყან, ქვები, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლონ და ეს არის მათი გადმოსახედიდან ნორმალური. ეს არის ზუსტად ის, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს ჩვენი მოსახლეობის იმედგაცრუებას. ამას აჩვენებს გამოკითხვები, როდესაც ნდობა ევროკავშირის მიმართ ეცემა, რადგან უყურებენ, რომ ზემოდან დაგვყურებენ, როგორც თითქოს მეორეხარისხოვან ქვეყანას და ჩვენთან ყველაფერი უნდა იყოს შესაძლებელი, თუკი მათ მიერ დაფინანსებული ხალხის მხრიდან ხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს და ეს არის მთავარი განწყობა ქართველ ხალხში. მნიშვნელოვანია, ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ უსამართლო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დაავადდა ამ სენით ბრიუსელი და ზოგიერთი დედაქალაქის გარემოცვა, რომ ამ აგრესიული რიტორიკით, მუქარის ტონით ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე.„გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დროზე დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე. ის გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა შეაჩეროს საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა და დაუბრუნდეს ძირეულ ღირებულებებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა. ის ხალხი, სახელმწიფოები, ხელისუფლებები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციელზე წიხლით შედგომა, პოლიციელისთვის ქვის და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის მშვიდობა, არ აცნობიერებენ, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. ამიტომ ეს არის მთავარი – დასრულდეს ფარისევლობა და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზიდან დროზე მობრუნდნენ, დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.

ილია მეორე – ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეებს

განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმინდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობა, გილოცავთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მილოცვაშია აღნიშნული.როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ხვალ ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას, რომელთა სახელზეც სვეტიცხოველია აგებული და ეს დღე განსაკუთრებულია.„განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმინდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობა, გილოცავთ.ხვალ კი ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას. მოგეხსენებათ, სვეტიცხოველი მათ სახელზეა აგებული და, ამდენად, ეს დღე ჩვენი ერისთვის და ქვეყნის უპირველესი ტაძრისთვის განსაკუთრებულია. სვეტიცხოვლის გამორჩეულობას კი არა მარტო საქარველოში, არამედ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ის, რომ აქ დაკრძალულია კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.დასავლეთ საქართველოში დაცულ სიწმინდეთაგან კი ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ღვთისმშობლის სამოსელი. 15 ივლისს სწორედ მისი ხსენების დღეა – ვლაქერნობა. როგორი მადლით აღსავსე დღეებია! როგორი საოცარი სიწმინდეები გვაქვს და როგორი პატივისცემა გვმართებს მათი!ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეთ. წყალობა და შეწევნა უფლისა, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, მოციქულთა და ყოველთა წმინდათა ღვთისათა არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.

„ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით… ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი…” – რას ამბობს თვითმხილველი რიკოთზე მომხდარ ავარიაზე რომელსაც სამი ადამიანი მათ შორის 3 წლის ბავშვის...

რიკოთზე წუ­ხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.არსებული ინფორმაციით, ტრა­ი­ლერ­ი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლს დაეჯახა.თვითმხილველების თქმით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, დაღუპულია 3 წლამდე ბავშვი.ავა­რი­ის გამო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი რი­კოთ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იყო.„არ ვიცი, ახლა ამას აქ რატომ ვწერ, დილის 05:16 საათია. ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით, ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი, ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, და აი, ეს მოხდა! 5 წლის ბავშვი წამებში გარდაიცვალა! ცოცხალია მშობლები და 2 შვილი, თუმცა არ ვიცი, ამ მდგომარეობიდან რა გამოიყვანთ... ერთი მინდა გითხრათ, გაუფრთხილდით თქვენს თავებს და სხვებს. არავინ ვიცით, ჩვენ გადაწყვეტილებებს რა მოჰყვება. ძალიან გთხოვთ, იარეთ ნელა!" - წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.ამ დროისთვის რიკოთზე მოძრაობა აღდგენილია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1300-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 1300-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს. ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით "ესოშიეითედ პრესმა" გაავრცელა.როგორც საქმესთან დაკავშირებულმა წყარომ გამოცემას უთხრა, დიპლომატიური უწყება გათავისუფლების შესახებ წერილს იმ 1,107 საჯარო მოხელეს და დიპლომატიური სამსახურების 246 თანამშრომელს უგზავნის, ვინც შეერთებულ შტატებში მსახურობს.სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებს ოფიციალურად 120 დღეში გაათავისუფლებს, საჯარო მოხელეებს კი 60 დღის შემდეგ.

ბოლო სიახლეები