ლაბორატორიული კვლევების ფარგლებში Moderna-ს ვაქცინამ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამანეიტრალებელი ანტისხეულები წარმოქმნა. ამის შესახებ კომპანია Moderna Inc-ში განაცხადეს.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სავარაუდოდ, Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2-დოზიანი რეჟიმი დღემდე აღმოჩენილი შტამების წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.
თუმცა, კომპანიაში განაცხადეს, რომ წინასწარი კლინიკური კვლევების ფარგლებში სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი შტამისთვის ვაქცინის ბუსტერს გამოიკვლევენ.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.
19 დეკემბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი სახეობა გამოავლინეს.