რაც შეეხება ინდივიდუალურ შეხვედრებს, შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ, თუმცა ის წინადადება, რომელიც დღეს იქნა წამოყენებული, ნამდვილად არ არის ჩვენთვის მისაღები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათი მოთხოვნაა ახალი და ვადამდელი არჩევნები.
„რატომ უნდა დავარქვათ რაღაცას პლებისციტის სახელი, როდესაც შეიძლება, რომ გაიმართოს პირდაპირ პლებისციტი და არა არჩევნები, რომლებიც წარმოჩენილი იქნება პლებისციტად. არჩევნები და პლებისციტი ორი სრულიად განსხვავებული თემაა. ჩვენ მოთხოვნაა ახალი და ვადამდელი არჩევნები, ამ მოთხოვნის ერთგული ვართ 31 ოქტომბრის შემდეგ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
„მოქალაქეები“ და „გირჩი“ ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ. კვირას ჩანიშნულია შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებელთან“. ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტია „მოქალაქეები“ მზად ვართ ელჩების თანდასწრებით შეხვდეს „ქართულ ოცნებას“ და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას.