საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავიაკატასტროფის გამო ირანის მთავრობასა და ირანელ ხალხს უსამძიმრებს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანაგრძნობას ვუცხადებ ირანის მთავრობასა და ირანელ ხალხს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
გავრცელდა ცნობა, ირანში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი გარდაიცვალა.
სამგზავრო თვითმფრინავს 66 მგზავრი გადაჰყავდა. უბედური შემთხვევა დღეს ზაგროსის მთიან რეგიონში მოხდა. თვითმფრინავი თეირანიდან იაუსჯის მიმართულებით მიფრინავდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ATR 72 ტიპის ხომალდი აფრენიდან 20 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას ახორციელებდა.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
წერენ იმაზეც, რომ ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა.