ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ამაყობს ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით

საქართველო ამაყობს თავისი ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით, კანონის უზენაესობით, რომელიც დღითიდღე მტკიცდება, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით, მედიის თავისუფლებით, ეკონომიკური დინამიზმით, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოთი და კორუფციის დაბალი დონით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა არა მხოლოდ საქართველოს მიღწევებზე ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, არამედ ქვეყნის ბუნებრივ ევროპულ სულისკვეთებაზე ისეთ განსხვავებულ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა და ლიტერატურა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კორუფციის დაბალი დონით, საქართველო ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც კი უსწრებს, ხოლო 2017 წლის სექტემბერში საქართველომ ჩაიბარა გლობალური მულტინაციონალური ინიციატივის – ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობის განმტკიცებას და ასაზრდოებს მოქალაქეთა ძალაუფლებას მთელ მსოფლიოში და ქვეყანა ამ აღიარებით ამაყობს.

“დაახლოებით 26 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული საქართველო ისწრაფვის ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლისკენ, უფრო სწორად – დაბრუნებისკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები. ეს არის ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობის არჩევანი, რომელიც ასახულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანში, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენი მისწრაფებები იმ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლიდანაც ჩვენ იძულებით ამოგვგლიჯეს, გაზიარებული და მიღებულია მეორე მხარის მიერ. როგორც ნატომ, ისე ევროკავშირმა, ასევე მათმა წევრმა სახელმწიფოებმა, მხარდაჭერის ხელი გამოუწოდეს ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას და ამას ქართველი ხალხი დიდად აფასებს. გერმანია ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე და დასაფასებელი და სანდო მეგობარი. 90-იანი წლების დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური დახმარების წყალობით, საქართველო გადაურჩა იმ მძიმე პირობებს, რომლებიც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას. დროთა განმავლობაში თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის მართლაც მრავალგანზომილებიანი გახდა და დღეს მოიცავს პოლიტიკას, ეკონომიკას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და ბევრ სხვა სფეროს. გერმანია გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს დასავლურ გეზის განხორციელებაში. გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი და ევროკავშირის ინსტიტუციური მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს, იქცეს მდგრადი დემოკრატიის მქონე ქვეყნად”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ევროკავშირთან ამბიციური ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად.

გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ტრანსფორმაციის ამსახველ უკანასკნელ მონაცემებზეც.

“საკმარისია, ვახსენოთ, რომ საქართველომ, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის თანახმად,104-ე ადგილიდან (2012 წელი) გადაინაცვლა 64-ე ადგილზე; ასევე, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, 137-ე ადგილიდან 48-ე ადგილზე; ასევე, 74 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია, გადაინაცვლა რა 120-ე ადგილიდან 46-ე ადგილზე საკუთრების უფლების კატეგორიაში. საქართველო არის ბუნებრივი კვანძი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ინიციატივებს, მათ შორის სამხრეთის დერეფანს და აბრეშუმის ახალ გზას. ჩვენმა მთავრობამ წამოიწყო ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ-დასავლეთის სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო ვაჭრობას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, რეგიონში ახალი დინამიკა შემოიტანა. აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რითაც მზადდება საფუძველი რეგიონში სამომავლო ინვესტიციებისა და კეთილდღეობისთვის. ევროკავშირის გარდამქმნელი ძალის, ასევე ჩვენი ხალხის ევროპული არჩევნისა და ურყევი გადაწყვეტილების წყალობით, საქართველო იქცა ლიდერად რეგიონში სტაბილური ევროპული დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით”, – განაცხადა პრემიერმა.

მისი განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსს, რომელიც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, გერმანულ და გლობალურ აუდიტორიებს მიეცეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და მდიდარი მემკვიდრეობის, ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის გაცნობის საშუალება.

სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით გაიმართა. თემატურ დისკუსიაში საქართველოს მთავრობის წევრებმა და ქართველმა ავტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) სააღდგომო ლიტურგიას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) სააღდგომო ლიტურგიას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.„8 აპრილს, დიდ ოთხშაბათს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სხვა სასულიერო პირებთან ერთად შვიდგზის ზეთისცხებას აღასრულებს.9 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, 10:00 საათზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვას აღავლენს, 18:00 საათზე კი წაკითხულ იქნება თორმეტი ვნების სახარება.10 აპრილს, დიდ პარასკევს, 09:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო შეასრულებს დიდ ჟამნობას, 14:00 საათზე – მწუხრის ჟამს და გარდამოხსნის გამოსვენებას.11 აპრილს, დიდ შაბათს, 23:00 საათზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს სააღდგომო ლიტურგიას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკანონოა ირანის მთავრობის მოწოდება, რომ მოქალაქეებმა ენერგეტიკული ობიექტების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მთავრობის მოწოდება, რომ ახალგაზრდებმა ენერგეტიკული ობიექტების გარშემო გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან, უკანონოა.„სრულიად უკანონოა. მათ ამის უფლება არ აქვთ“, – აღნიშნა ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო კომენტარში.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსს“ ირანელებთან მოლაპარაკებებზე ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განუცხადა.რაც შეეხება კითხვას, რამ განაპირობა მისი მუქარა, რომლის მიხედვითაც, „მთელი ცივილიზაცია დაიღუპება“, ტრამპმა უპასუხა: „ეს თქვენ უნდა გაარკვიოთ“.ირანის მთავრობამ მოუწოდა სტუდენტებს, სპორტსმენებს, არტისტებს და ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან.

აზერბაიჯანის პირველი ლედის ცხოვრების გზა

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან - მეჰრიბან ალიევასთან ერთად იმყოფება საქართველოში.მეჰრიბან ალიევა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პირველი ლედია მსოფლიოში. წლების წინ, ყველაზე გემოვნებიან და ლამაზ პირველ ქალბატონთა სიებშიც ხვდებოდა. 61 წლის მეჰრიბანი ახლა ისე აქტიურად არ ჩანს მსოფლიო მედიის ფურცლებზე, თუმცა აზერბაიჯანში მისი გავლენა არ შემცირებულა. მას ამიერკავკასიაში ყველაზე გავლენიან ქალადაც მოიხსენიებენ ხოლმე და მრავალი ტიტულის მფლობელია.მეჰრიბან არიფ ყიზი ალიევა (ქალიშვილობის გვარი - ფაშაევა) დაიბადა 1964 წლის 26 აგვისტოს, ბაქოში. ის ეთნიკური აზერბაიჯანელია. ინტელექტუალების ოჯახში დაიბადა, მისი წინაპრები, ფაშაევების კლანი, აღიარებული იყო, როგორც ყველაზე გავლენიანი, ეკონომიკის აკადემიურ წრეებსა და ბიზნეს სექტორებში. მისი ბაბუა, მირ ჯალალ ფაშაევი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და ფილოსოფიის დოქტორი იყო. მამამისი, არიფ ფაშაევი - აზერბაიჯანის საავიაციო აკადემიის რექტორი. დედამისი, აიდა იმანგულიევა, აღმოსავლეთმცოდნეობას სწავლობდა. აიდას მამა, ნასირ იმანგულიევი, ბაქოს გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო.მეჰრიბანის გარდა, მის მშობლებს კიდევ ერთი ქალიშვილი, ნარგიზ ფაშაევა ჰყავდათ, რომელმაც ასევე მიიღო ფილოლოგიის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და აზერბაიჯანის დედაქალაქში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის რექტორია.მეჰრიბანმა ბავშვობაში სწავლისადმი განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, რამაც მას საშუალება მისცა მარტივად ჩარიცხულიყო მშობლიურ ქალაქში სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი მედიცინის განყოფილებაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგივან სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში გადავიდა, რომელიც 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა.სწავლის შემდეგ რუსეთის დედაქალაქში დარჩა და სამსახურიც იქვე იშოვა, მოსკოვში, ჰერმან ჰელმჰოლცის თვალის დაავადებათა კვლევით ინსტიტუტში. იმ დროს ინსტიტუტს აკადემიკოსი მიხაილ კრასნოვი ხელმძღვანელობდა. ეს შესანიშნავი მომზადება იყო ახალგაზრდა ექიმისთვის.1990-იანი წლების შუა პერიოდში სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საზოგადოებრივ საქმიანობას შეუდგა. მისი მონაწილეობით დაარსდა ფონდი „აზერბაიჯანული კულტურის მეგობრები“, რომელსაც პირველი ლედი დღემდე ხელმძღვანელობს.მეჰრიბანი და ილჰამი 1983 წელს დაქორწინდნენ. ახალდაქორწინებულები იმ დროს ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ. მეჰრიბანი ახალი გადასული იყო მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში, ხოლო ილჰამი მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ასპირანტურას სწავლობდა.ერთი წლის შემდეგ შეეძინათ ქალიშვილი, ლეილა ალიევა, ხოლო 1989 წელს - გოგონა, სახელად არზუ. 1997 წელს, როდესაც წყვილი ლონდონში იმყოფებოდა, ვაჟი, ჰეიდარი გაჩნდა.წყვილის შვილები აზერბაიჯანში ასევე დიდი გავლენით სარგებლობენ. მათი პირადი ცხოვრებაც იყო განხილვის საგანი. ლეილა მომღერალ ემინ აგალაროვზე დაქორწინდა. წყვილს 2008 წელს ტყუპი ვაჟი შეეძინა. ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ თბილი ურთიერთობა შეინარჩუნეს.არზუმ ბიზნესმენ აიდინ კურბონოვის ვაჟზე, სამედ კურბონოვზე იქორწინა. ერთი წლის შემდეგ ახალდაქორწინებულებს პირველი შვილი, აიდინი შეეძინათ, ხოლო 2016 წელს ქალიშვილი, აზიზა ეყოლათ.რაც შეეხება წყვილის ერთადერთ ვაჟს, რომელიც ბაბუის მოსახელეა და მამის მემკვიდრე, ხშირად საუბრობენ მის გავლენებზე და დუბაისა თუ სხვა ქვეყნებში არსებულ მის ქონებაზე. ჰეიდარს ცოლი და ორი შვილი ჰყავს.როცა 2017 წლის 21 თებერვალს მეჰრიბან ალიევამ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ამან პოლიტოლოგებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბევრი ამტკიცებდა, რომ ეს აზერბაიჯანში ნეომონარქიისთვის მზადების დასაწყისი იყო. არსებობდა თეორია, რომ ალიევის გადადგომის შემდეგ მის თანამდებობას მისი მეუღლე დაიკავებდა, შემდეგ კი დედამისი ქვეყნის კონტროლს თავის ზრდასრულ ვაჟს, ჰეიდარ ალიევ უმცროსს გადასცემდა...ბევრს წერენ ალიევების ოჯახის გავლენებზე და უზარმაზარ ქონებაზე. გავრცელებული ცნობებით, მათ საკუთარ ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც ეკუთვნით უძრავი ქონება თუ კომპანიები. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ჟურნალისტების ცნობით, The Washington Post-ზე დაყრდნობით, 2011 წელს მეჰრიბანის 14 წლის ვაჟი, ჰეიდარი, დუბაიში ცხრა მდიდრული სასახლის მფლობელი გახდა. სასახლეები დაახლოებით 44 მილიონ დოლარად შეიძინეს. ქალიშვილები, ლეილა და არზუ, ასევე ფლობენ დუბაიში მათ სახელზე რეგისტრირებულ ქონებას. ალიევის შვილების საკუთრებაში არსებული ქონების ჯამური ღირებულება 75 მილიონ დოლარად არის შეფასებული. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ლეილა და არზუ აკონტროლებენ აზერბაიჯანულ მობილურ ტელეფონების კომპანია „აზერფონს“.არზუ „სილქ ვეი ბანკის“ თანამფლობელია...მეჰრიბანი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა, ასევე, აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი (2017 წლიდან), ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი. მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) წევრი (2005–2017); მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე. აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი, აზერბაიჯან-საფრანგეთის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების სამუშაო ჯგუფისა და „აზერბაიჯანის კულტურის მეგობრების ფონდის“ ხელმძღვანელი; კეთილი ნების ელჩი ISESCO-ში (2006), გაეროსა და ოის-ში.ასევე წლების განმავლობაში მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და გემოვნებიან პირველ ლედიდ მსოფლიოში. საჯარო მოხელე შიიტი მუსლიმია. თუმცა ორთოდოქსმა ფრთამ არაერთხეд გააკრიტიკა "რწმენისთვის შეუფერებელი" ქცევისა და ჩაცმულობის სტილის გამო.ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ალიევამ არაერთხელ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია; პლასტიკური ქირურგიის გავლენა მეჰრიბანის გარეგნობაზე, სავარაუდოდ, „ადრე და შემდეგ“ ფოტოებს შორის განსხვავებაში ჩანს. თუმცა, აზერბაიჯანის პირველ ლედის კომენტარი ამ ჭორებზე არ გაუკეთებია.დღეს მეჰრიბან ალიევა კვლავ აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და უცხოურ ვიზიტებზეც სულ ახლავს მეუღლეს.

როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, გადაცემაში "იმედის დილა" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ საუბრობს:- დღეს, დღის განმავლობაში, ქარი გაგრძელდება. ხვალ ჩადგება, შესუსტდება და აღარ იქნება. თუმცა, 8, 9 აპრილს ისევ ქარია მოსალოდნელი. 10-ში ცოტა შესუსტდება, 11-ში ისევ ქარი გვექნება. 12-ში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და აღარც ქარი იქნება.ძირითადად შიდა ქართლში, გორი-სურამის მონაკვეთზე, თბილისშიც, გარეუბნებში უფრო ძლიერი ქარი იქნება. 20-22 მეტრ წამამდე მიაღწევს ქარის სიჩქარე და მთიან-მაღალმთიან რაიონებშიც, დაახლოებით, 15-17 მეტრ წამამდე იქნება, ეს საკმაოდ ძლიერ კატეგორიაში გადის.აღმოსავლეთ საქართველოში დღეს უნალექო ამინდი იქნება. ხვალ ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მათ შორის, თბილისშიც ღრუბლიანი ამინდი და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 8-ში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და 9-დან 11-მდე დროგამოშვებით, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი.მაღალ მთაში თოვლის სახით იქნება ნალექი. 12-ში გამოიდარებს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოში.12-შიც და 13-შიც (აღდგომასა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ქარიც არ გვექნება. ტემპერატურაც ცოტა მოიმატებს - დასავლეთ საქართველოში 23-24 გრადუსამდე, აღმოსავლეთში - 20-21 გრადუსამდე.11-ში წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც საღამომდე გაგრძელდება, თუმცა გვიან ღამით უკვე შეწყდება. ზოგან თუ დარჩება მცირე ნალექი, უფრო მეტად ჩრდილოეთ მთიან რაიონებში.დასავლეთ საქართველოში დღეს ზოგან მცირე წვიმა იქნება. ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. უმეტეს რაიონში მაინც 8-ში, 9-ში, 10-ში, 11-ში ხანმოკლე ხასიათის წვიმა იქნება. ამ დღეებში ტემპერატურა 15, 16, 17 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, დაახლოებით, ასეთი ტემპერატურა გვექნება. კვირას და ორშაბათს, 12-ში და 13-ში, უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურაც მოიმატებს. ​ამ კვირაში თოვლი მაღალმთიან რეგიონებში: ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში, გოდერძიზე, აჭარის მაღალმთიან რაიონებში იქნება. რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ალბათ, უფრო ღამის საათებში თოვლჭყაპი თუ იქნება. ძირითადად ნალექი მაღალმთიან რეგიონებში იქნება. 

გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერი – არ არსებობს სამხედრო მიზანი, რომელიც გაამართლებს საზოგადოების ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას ან მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულ ტანჯვას

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში „ღრმად შეშფოთებულია“ იმ განცხადებით, რომელიც მიანიშნებს, რომ მთელი ხალხი ან ცივილიზაცია შეიძლება, „პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების შედეგების“ წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.მედიის ცნობით, გუტერეშის პრესსპიკერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელი არ უხსენებია.„არ არსებობს სამხედრო მიზანი, რომელიც გაამართლებს საზოგადოების ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას ან მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულ ტანჯვას“, – განაცხადა გუტერეშის პრესსპიკერმა.როგორც სტეფან დუჟარიკმა აღნიშნა, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ლიდერებს კვლავ შეუძლიათ, „განადგურების ნაცვლად, დიალოგი აირჩიონ“. მისივე თქმით, მოლაპარაკებების სასარგებლოდ არჩევანი ახლავე უნდა გაკეთდეს.გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებით, ანტონიუ გუტერეშის მოწოდებაა მშვიდობისკენ მიმავალი გზის მოსაძებნად დიპლომატიის გაძლიერება და ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა.

ბოლო სიახლეები