ფაქტია, რომ ადვოკატებიც, სამწუხაროდ, ჩართულები არიან პოლიტიკურ თამაშებში, რათა თავიანთი ჰონორარი გაამართლონ. ფაქტია ისიც, რომ დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენეს მოლაპარაკებისას, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, არ იყო ადეკვატური იმ ისტორიული რეალობისა, რასაც ჰქვია დავით გარეჯის საქართველოს შემადგენლობაში არსებობა, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატების განცხადებებს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ არანაირი დოკუმენტი არ იქნებოდა ხელისუფლებას, მაინც არ უნდა დაეთმო პოზიცია და ის უნდა ეძებნა.
„საერთოდ არანაირი დოკუმენტი რომ არ ყოფილიყო, არ უნდა დაეთმო ხელისუფლებას პოზიცია და უნდა ეძებნა ის, რის მოძებნაც მოხერხდა ბოლო პერიოდში, ამაზე ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილმა, სავსებით გამჭვირვალედ, სრული ინფორმაცია წარმოადგინა, მაგრამ არავინ რომ არ ილაპარაკოს ამ თემაზე, საოცარია იმისთვის ბრძოლა, რომ ეს ტერიტორია, გინდა თუ არა, აზერბაიჯანს ეკუთვნის და სამწუხაროდ, ადვოკატებიც ჩართული არიან ამ ბრძოლაში იმ მხარის პოზიციებიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოსი არ არის დავით გარეჯი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.