ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, თბილისისა და მისი შემოგარენის მცენარეთა კვლევა ჩატარდა

 

ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, სპეციალისტებმა არა მარტო მთაწმინდის ფერდობი და მისი შემოგარენი, არამედ მთლიანად თბილისის მუნიციპალურ საზღვრებში არსებულ მცენარეთა მდგომარეობა შეისწავლეს. ამის შესახებ პროექტის ფიტოსანიტარიული კვლევების ჯგუფის წარმომადგენელმა ირინა დანელიამ პროექტის კვლევითი ნაწილის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
როგორც ირინა დანელიამ განაცხადა, ჩატარდა, როგორც ფიტოპათოლოგიური, ისე სატყეო პათოლოგიური კვლევები, რომლებმაც გამოავლინა წიწვონების ეპიფიტოტია და ოცზე მეტი პათოგენური სოკოს გვარი.
„ლაბორატორიული სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია, თუმცა წინასწარი შედეგებით დადგენილია მავნებლების ჯგუფი, რომელიც ძირითადად ფიჭვის კორომებშია გავრცელებული. სხვა წიწვოვნებში და ფოთლოვან სახეობებში განსაკუთრებით საშიში მავნებლები გამოვლენილი არ არის, ასევე, არ არის გამოვლენილი ღეროს პათოგენი ნემატო, სამაგიეროდ მიკრობიოლოგიური ნაწილის კვლევებით კარგად გამოჩნდა, თუ რა მძიმე სურათია რეალურად. გამოვლენილია 20-ზე მეტი პათოგენური სოკოს გვარი, მათ შორის, მინიმუმ 4 საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი გარკვეულ მიკოტოქსინებს გამოიმუშავებენ და ძლიერი ალერგენები არიან“, – განაცხადა ფიტოსანიტარიული კვლევების ჯგუფის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ნიმუშები კანადაში, გელფის უნივერსიტეტში გადაგზავნილია. კვლევის დასრულების შემდეგ დასკვნას და რეკომენდაციებს სპეციალისტები განიხილავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.4. მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 19:49 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჯერ დაკონკრეტებული არ არის.

გოგა ჯაჯვანი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სამ ოქროს მედალს დაეუფლა

ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჯაჯვანმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა.ატაცში ქართველმა ძალოსანმა 166 კგ დასძლია, აკვრაში 197 კგ-ს გაუმკლავდა, ხოლო მესამე ოქროს მედალს ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 363 კგ-ით დაეუფლა. გოგა ჯაჯვანი ასევე გახდა ევროპის რეკორდსმენი.იმავე წონით კატეგორიაში იასპარეზა გერვასი თაბაგარმა და აკვრის დისციპლინაში დაფიქსირებული 196 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა.ქართველი ძალოსნები ალბანეთში ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობენ.

ირაკლი კობახიძე – ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანისთვის შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება

თეორიულად შეუძლებელია, ადამიანებმა რვა საათი იმუშაონ სხვადასხვა სამსახურში, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გაეზარდოთ შესაბამის პირებს ანაზღაურება.„მიზანი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო საწარმოებში, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე დავზოგეთ 60 მლნ ლარზე მეტი.  არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგანაც, თეორიულად შეუძლებელია, რვა საათი იმუშაონ ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური. ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის დეფიციტური პროფესიები და არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. ასეთ პირობებში ჩვენ ფიქტიურად ან ხელოვნურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, უნდა შევთავაზოთ ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება. ეს იქნება სწორი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილი

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია: გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქართველოში საქმიანობის შესახებ და გერმანიის მთავრობის განმარტებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გარედან არის თავს მოხვეული და დაფინანსებული.„ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – ის, რომ გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი და მთავარი წამხალისებელი. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი, რასაც დედაქალაქის ქუჩებში ვხედავთ, არის გარედან თავს მოხვეული, დაფინანსებული. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, უცხოელების სახით, ქვეყნის შიგნით აქ, საქართველოში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან და მენეჯმენტს უწევენ აღნიშნულ ქმედებებს. ძალიან მძიმე და სამწუხაროა ეს ყველაფერი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მეუფე შიო – დღევანდელ მსოფლიოში, როცა ასეთი სულიერი ძნელბედობაა, განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს, ქადაგებისას განაცხადა.მეუფე შიოს თქმით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი – ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი საერთოდ?ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ, რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან – თავმდაბლად, შურიანიდან – მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან – მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ – მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც, დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ბოლო სიახლეები