„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკოში პარტიული სია 17:55 საათზე, ვადის ამოწურვამდე 5 წუთით ადრე წარადგინა. სიის პირველი ნომერი მოულოდნელად შეიცვალა და ის მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე იქნება.
ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ სიის მეორე ნომერია გრიგოლ ვაშაძე, მესამე – ნიკა მელია, მეოთხე – ხატია დეკანოიძე, მეხუთე – კობა ნაყოფია. ათეულში ასევე მოხვდნენ დევი ჭანკოტაძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი და ხათუნა სამნიძე.
სიაში ასევე არიან კახა ოქრიაშვილი (15), გუბაზ სანიკიძე (16), ცეზარ ჩოჩელი (18) და თამარ კორძაია (19). ბლოკის საარჩევნო სიაში არ არის „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია. არსებული ინფორმაციით, მან თავად თქვა უარი სიაში ყოფნაზე და ამის მიზეზებს მოგვიანებით განმარტავს.
„ეს არის გამარჯვების მომტანი სია. დიდხანს მსჯელობდით და ამიტომ შემოვიტანეთ სია ბოლო წუთებში“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.