ორშაბათი, მაისი 12, 2025

ეკატერინე ტიკარაძე – პანდემიის მიუხედავად, არ ვანელებთ ტემპს და დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ვახერხებთ

გვეძლევა საშუალება, მოგილოცოთ ახალმოსახლეობა და გავახაროთ 140 დევნილი ოჯახი, გადავცეთ ახალი საცხოვრებელი სახლი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წყალტუბოში განაცხადა, სადაც ახალაშენებულ კორპუსებში დევნილებს ბინები გადაეცათ.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მიუხედავად პანდემიისა, დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ტემპი არ ნელდება.

„ძალიან მიხარია, გვაქვს საოცრად პოზიტიური და დადებითი დღე იმერეთში. შეგვიძლია, კიდევ ერთხელ ვიამაყოთ დევნილების სააგენტოსა და სხვა კოლეგა სამინისტროების მხრიდან და ქალბატონი მაია ცქიტიშვილის დიდი ძალისხმევით გვეძლევა საშუალება, მოგილოცოთ ახალმოსახლეობა და გავახაროთ 140 დევნილი ოჯახი, გადავცეთ ახალი საცხოვრებელი სახლი. არაერთხელ გვითქვამს, რომ დევნილი მოსახლეობა, ერთი მხრივ, არის ჩვენი დიდი ტკივილი. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გული გვწყდება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დღესდღეობით არის ოკუპირებული და ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია მშვიდობიანი მოლაპარაკებების, საქართველოს ეკონომიკური წინსვლის გზით, მოვახერხოთ და დავიბრუნოთ ყველა ეს ტერიტორია, ასევე მოვახერხოთ და დავიბრუნოთ თქვენი სახლ-კარი, მშობლიური ადგილ-მამული. მაგრამ ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ მდგომარეობაში შეგიქმნათ მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი პირობები, ისეთი საცხოვრებელი პირობები, რომელიც საქართველოს ყველა მოსახლეს და მოქალაქეს ეკუთვნის. გვერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა დევნილი ოჯახისთვის ხელმისაწვდომი იყოს ადეკვატური, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი პირობები. ნამდვილად, ჩვენი საკმაოდ დიდი მიღწევაა, რომ უკვე წელს, მიუხედავად პანდემიისა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არსებობს, მაინც არ ვანელებთ ტემპს და ვახერხებთ დევნილი მოსახლოებისთვის გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე ასევე აღნიშნავს, რომ წლის ბოლომდე იმერეთში ბინებს კიდევ 420 ოჯახს გადასცემენ.

„წლის ბოლომდე გვექნება არაერთი ღონისძიება, ასევე კიდევ დავბრუნდებით იმერეთში, როდესაც 420 ოჯახს ისევ და ისევ ამ ტერიტორიაზე, შემდეგ ექვს კორპუსში გადავცემთ ბინებს. ასევე გავაგრძელებთ საქართველოს სხვა რეგიონების მონახულებას, სადაც გავახარებთ სხვა დევნილ მოსახლოებას და დევნილ ოჯახებს. მინდა, მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები თქვენს ცხოვრებაში. იცით, დევნილების სააგენტოს მხრიდან საკმაოდ კარგად ფუნქციონირებს პროექტი, რომელიც კონკრეტულად დევნილი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობაზე ზრუნავს და მოგიწოდებთ, ჩაერთოთ ამ პროგრამებში. მიმაჩნია, ის მნიშვნელოვნად აისახება თქვენს კეთილდღეობაზე“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ცალ ფეხზე დგომა არის რადიკალური ოპოზიციის წესი და ნირი, ვერ გამოვიდნენ საბჭოთა აზროვნებიდან, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და იმიტომაც არის ოპოზიცია...

ცალ ფეხზე დგომა არის რადიკალური ოპოზიციის წესი და ნირი, ვერ გამოვიდნენ საბჭოთა აზროვნებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.პაპუაშვილის თქმით, ამას ხედავს ქართველი ხალხი და იმიტომაც არის ოპოზიცია მუდმივი „ლუზერი“ არჩევნებში.„საერთო ჯამში, ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ მთლიანი ოპოზიცია შეკრა ერთმა გამონათქვამმა – ცალ ფეხზე დგომა, რომელიც ასე კარგად მოერგო ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას. ცალ ფეხზე დგომა არის მათი წესი და ნირი. სინამდვილეში, ეს არის ხალხი, რომელიც ვერ გამოვიდა საბჭოთა აზროვნებიდან. მათ უბრალოდ მოსკოვი ჩაანაცვლეს ბრიუსელით ან სხვა დედაქალაქით. როგორც საბჭოთა კავშირის დროს ელოდებოდა ზოგიერთი ინსტრუქციას მოსკოვიდან, ახლა ელოდებიან ინსტრუქციებს ბრიუსელიდან. 21-ე საუკუნეში რადიკალურ ოპოზიციაში არის საბჭოთა მენტალიტეტის ხალხი, რომებლსაც აქვთ ცალ ფეხზე მდგომი მონური მენტალიტეტი. ასე რომ, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და იმიტომაც არიან ისინი მუდმივი „ლუზერები“ არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ევროკავშირი უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 900 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 900 მილიონ ევროს გამოუყოფს.როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა, ჩარლზ ფრისმა უკრაინა-ევროკავშირის თავდაცვითი მრეწველობის მეორე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული თანხა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან დაიფარება და, საერთო ჯამში, უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის მხარდასაჭერად განსაზღვრული თანხის ოდენობა 3.3 მილიარდ ევროს მიაღწევს.ფრისის თქმით, გასულ კვირაში ლვოვში ასევე ხელი მოეწერა კონტრაქტებს, რომლის ფარგლებში მოხდება თანხების ინვესტირება უკრაინის თანამედროვე თავდაცვითი მრეწველობის სფეროებში, მაგალითისთვის კი რაკეტებისა და დრონების წარმოება დაასახელა.

რომის პაპი ლეო XIV – დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოგვიწოდებს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი

რომის პაპი ლეო XIV დაპატიმრებული ჟურნალისტების გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა, – ამის შესახებ მან ვატიკანში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.„ამ დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოგვიწოდებს ყველა ჩვენგანს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი“, – განაცხადა რომის პაპმა.ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, გასული წლის ბოლოს მონაცემებით, მსოფლიოში 361 ჟურნალისტია დაპატიმრებული.რომის პაპმა ასევე დაპირისპირების დაძლევის საჭიროებაზე ისაუბრა.„მშვიდობა იწყება თითოეული ჩვენგანით: იმით, თუ როგორ ვუყურებთ სხვებს, ვუსმენთ სხვებს და ვსაუბრობთ სხვებზე. ამ თვალსაზრისით, იმას, თუ როგორ ვურთიერთობთ, აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა. ჩვენ უნდა ვუთხრათ „არა“ სიტყვების ომს“, – თქვა ლეო მე-14-მ.მედიასთან შეხვედრისას პონიფიკოსმა ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის საკითხზე და აღნიშნა, რომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს პასუხისმგბელობით.

ბექა ლილუაშვილი – მიხეილ სააკაშვილის სივრცე ქართულ პოლიტიკაში ამოწურულია, რაც მალე გაიგებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი

მიხეილ სააკაშვილის სივრცე ქართულ პოლიტიკაში ამოწურულია, რაც მალე გაიგებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ევროპის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტმა, გოტა ჭანტურიამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიხეილ სააკაშვილის ბანერის ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვა.როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში უამრავი გამოწვევის ფონზე ოპოზიციაში რაღაც საკითხებზე შეიძლება დაპირისპირება იყოს.„სამწუხაროა, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, რაც სახელმწიფოს არსებობისთვის მომავალში აქტუალურია თითოეული ადამიანისთვის, მიუხედავად „იმედის“ პროპაგანდისა, მიუხედავად ტყუილებისა, რასაც ხელისუფლება თავს ახვევს საზოგადოებას, უზარმაზარი სოციალური პრობლემები, უზარმაზარი მიგრაციული ნაკადი ქვეყნიდან, კორუფციის უზარმაზარი პრობლემები, ოპოზიციის შიგნით რაღაც საკითხებზე შეიძლება, ხდებოდეს დაპირისპირება. ერთი რამ ცხადია და ეს ბევრჯერ გვითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის სივრცე ქართულ პოლიტიკაში ამოწურულია. ქართველი ხალხი მას ამ სივრცეს აღარ მისცემს. რაც უფრო მალე გაიგებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მით უმჯობესია. დღეს „ქართული ოცნების“ დამარცხების მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მოგვიტანოს, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკაში სივრცის გაქრობამ. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, შიგნით რაღაც ბანერი აწიეს, ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას არ მოეწონა, ეს მათი შიდა საკითხია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლისთვის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია

დღესდღეობით, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის სიკეთეების მაქსიმიზაციაზე და, ამავდროულად, წევრი ქვეყნების ავტონომიისა და ტრადიციების პატივისცემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით.პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია.„ევროპული კავშირის ცენტრალური სტრუქტურების ზედმეტმა გაძლიერებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს თითოეული ქვეყნის უნიკალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის. მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის. ამავდროულად, პარლამენტის გადმოსახედიდან, ჩვენ ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი მოპყრობის მომსწრენი გავხდით. სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით, დაუწესოს ვალდებულებები უფლებების მინიჭების გარეშე. ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ ინსტიტუტებში, სადაც საქართველო ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი. ევროკავშირის ცენტრალიზებული სტრუქტურა ზოგჯერ ისეთ პირობებს აწესებს, რომელზეც თავად ევროკავშირი ვერ თანხმდება. ამ პრაქტიკის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა საქართველოსადმი მოთხოვნა, შეექმნა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინალური სისტემა, რომელიც „ვეტინგის“ სახელითაა ცნობილი და უცხოელი აქტორების მიერ უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ეს სისტემა, დანერგვის შემთხვევაში, შეეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ხალხისგან მომდინარეობს. გამოდიოდა, რომ ხელისუფლების მთლიანი შტო დაკომპლექტდებოდა უცხოელი აქტორების მიერ, რაც ეროვნული სუვერენიტეტის არსს ეწინააღმდეგება. მეეჭვება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო თავის სუვერენიტეტში ასეთ ჩარევას დაუშვებდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში, პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება.„დემოკრატია გულისხმობს მსჯელობას და არა იძულებით თავსმოხვევას. კონსენსუსი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების კოლექტიურად მიღებას, ყველა წევრი სახელმწიფოსა და პარტნიორის ინტერესებისა და გამოწვევების პატივისცემის საფუძველზე. ეს, ასევე, ნიშნავს ევროპას, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება არა მხოლოდ ცენტრალიზებულ ორგანოებში, რომლებიც პირდაპირი წესით არ არიან არჩეულნი, არამედ უფრო და უფრო ახლოს ხალხთან. ამ მხრივ, კარგი იქნებოდა, უფრო კრიტიკული თვალით შეგვეხედა მიმდინარე დისკუსიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის შეცვლას უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პრინციპით. ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში, პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები