„აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კოვიდ-19 ის გამო ტურიზმის სექტორისთვის სავალდებულო რეგულაციების დანერგვა გახდა საჭირო. რეგულაციებზე მუშაობა სასტუმროების, კვების ობიექტების, ტურისტული კომპანიების, გიდების, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობდა და კერძო სექტორთან კომუნიკაციის შედეგად დამტკიცდა.
შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და კერძო სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერის მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს გაუთანაბრდეს.
ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში არსებულ სატრანსპორტო კომპანიების ოპერირებას იმ ფორმით, რომ დაცული იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობა. COVID-19- ის პირობებში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს, რომ ადაპტაცია მოახდინონ ახალ სტანდარტებზე.“ – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება – აღნიშნული გადაწყვეტილება 22 ივნისს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.