პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026

,,რასაც ადამიანი გულში მალავს, ის მის თვალებში იკითხება”-მამა სერაფიმე

ცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში მოღვაწე მოძღვარი, მამა სერაფიმე ბით-ხარიბი, რომელიც წარმოშობით ასირიელი გახლავთ და ქრისტეს ენაზე გალობით გაითქვა სახელი, ბავშვობაში ზოგ მასწავლებელს უჯანყდებოდა და მათ გაკვეთილზე აღარ შედიოდა.
მამა სერაფიმე ბავშვობაში თბილისში ცხოვრობდა. მერე, ოჯახური პირობების გამო, ციმბირში მოუწია წასვლა და სკოლაც იქ დაამთავრა. გარკვეული პერიოდი უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც ტაიკვანდოში სპორტის ოსტატიც გახდა, მაგრამ ბოლოს გულმა საქართველოში და იმ ადგილას გამოუწია, სადაც მისი თანამემამულეები ცხოვრობენ. ასურელების ქანდაში ჩამოსახლება მათი პირველი გენოციდის შემდეგ, 1833 წლიდან დაუწყიათ. ისინი  ძირითადად ირანიდან, ერაყიდან, თურქეთიდან  და სირიიდან გადმოსახლებულან. ამჟამად  სოფელში 2000-ზე მეტი ასურელი ცხოვრობს. ოჯახების უმეტესობა შერეულია და ისინი ქართულად და ასურულად საუბრობენ.  მართლმადიდებლურ სამყაროში ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი ერთადერთია, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ-არამეულ ენებზე აღევლინება.
მამა სერაფიმე ბავშვობიდან მღერის.  ერთი პერიოდი საესტრადო სიმღერებს მღეროდა. უკვე სასულიერო პირი იყო, არამეულ ენაზე გალობა რომ შექმნა. მან „ეტალონს“ საკუთარ ბავშვობაზე უამბო და ქრისტეს ენაზე გალობის შექმნის ამბავი მოუყვა.
მახსოვს, ბაღის გამოსაშვები საღამოსთვის ფოტოს გადაღება უნდოდათ ჩემთვის და მე არაფრით ვთანხმდებოდი. მასწავლებელმა შემოიტანა დიდი ბურთი და შემპირდა, ამ ბურთს გაჩუქებ, ოღონდ სურათი გადაიღეო. დავთანხმდი და გადავიღე.
სკოლაში სწავლის დასაწყისი პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო. 7 წლის ასაკში ბეტონის ამრევ მანქანაში ჩაავვარდი და 2 წელი საერთოდ არ ავმდგარვარ ფეხზე. მერე რაღაც ექსპერიმენტალური აპარატი მეკეთა და იმით დავდიოდი სკოლაში.
– ბეტონის ამრევ მანქანაში როგორ ჩავარდით, ძალიან ცელქი იყავით?
– კი, ძალიან ცელქი ვიყავი. გარეთ ვთამაშობდით ბავშვები. მუხიანში ხდებოდა ეს ამბავი – პირველი მიკრორაიონის მე-9 კორპუსს აშენებდნენ. ეს კარგად მახსოვს. პატარა მანქანა მქონდა და ის ჩამივარდა იმ ბეტონის მანქანაში. ხელი ჩავყავი, ამ დროს ჩაირთო და ბეტონთან ერთად დამატრიალა… ორი წლის მერე დავდექი ფეხზე. ხელი ისეთ დღეში მქონდა, მხოლოდ იმ ხელზე 11 ოპერაცია დამჭირდა. ფეხიც საშინლად მქონდა…
– სკოლაში სწავლობდით, როცა ეს ამბავი მოხდა?
– დიახ, მეორე კლასში უნდა გადავსულიყავი. დაწყებით კლასში გვასწავლიდა ინგა შოთაევნა. კომუნისტების დროს ვსწავლობდი და მაშინ სახელითა და მამის სახელით მივმართავდით მასწავლებლებს. ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანი იყო და ყველანაირად გვერდით დამიდგა. მოდიოდა, მასწავლიდა… მისი წყალობით, სასწავლო წელი არ გამიცდა და მადლობელი ვარ ღმერთისა, რომ ასეთი მასწავლებელი მყავდა. ძალიან ბევრი რამაა და დამოკიდებული მასწავლებლებზე.
მე-5 კლასში უფრო თამამი გავხდი და დამჯერი აღარ ვიყავი. სულ ვჩხუბობდი, შარიანი გახლდით, მაგრამ მასწავლებლებს მაინც ვუყვარდი. რომელი მასწავლებელიც არ მიყვარდა, მის გაკვეთილზე არც შევდიოდი. მე-8 კლასში ფიზიკის მასწავლებელმა ჩემი გარიცხვა მოითხოვა სკოლიდან – არც ერთხელ შემოსულა ჩემს გაკვეთილზეო. გადაირია ქიმიის მასწავლებელი, თქვენთან შეიძლება არ დადის, მაგრამ მე 5-იანს ვუწერო. იგივე თქვა ლიტერატურის მასწავლებელმა. რომელი მასწავლებელიც მიყვარდა, მათ საგანს ვსწავლობდი. ბოლოს, ფიზიკაში გამოცდა ჩავაბარე და ისე გადავედი მომდევნო კლასში. თან ჩემი მოთხოვნა იყო, რომ სხვა მასწავლებლისთვის ჩამებარებინა გამოცდა და არა იმისთვის, ვის გაკვეთილზეც არ დავდიოდი. ამის მერე, რუსეთში, ციმბირში გადავიდა ჩემი ოჯახი და იქ ვსწავლობდი. დღემდე მიყვარს ჩემი 175-ე სკოლა. მივდივარ ხოლმე. ჩემი ალგებრისა და გეომეტრიის და კიდევ სხვა საგნების მასწავლებლები ჩამოდიან ხშირად ჩემთან, მონასტერში. ძალიან მიყვარდა ალგებრა, რადგან უნიკალური მასწავლებელო გვყავდა – ქალბატონი ლიდა. მკაცრი იყო, მაგრამ მთელ კლასს მაინც სასწაულად გვიყვარდა.

როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, რომ ბავშვს უყვარდეს? ან, ფიზიკის მასწავლებლის მიმართ თქვენს პროტესტს რა იწვევდა?

– ფიზიკის მასწავლებელს ერთხელ ეგონა, რომ მე ვლაპარაკობდი და სახაზავი ჩამარტყა თავში. ეს ფაქტი იმდენად შემზარავი იყო… არასდროს არავის ვუცემივარ მანამდე და ძალიან დამცირებულად ვიგრძენი თავი… ალბათ ამპარტავანიც ვიყავი მაშინ, მაგრამ მას მერე  მის გაკვეთილზე აღარ შევსულვარ. ახალგაზრდა იყო და ალბათ პრაქტიკაც აკლდა.

ქალბატონი მანანა გიორგევნა, ლიტერატურის მასწავლებელი გვიყვარდა ყველას, რადგან, მაგალითად, როცა ლექსს ვყვებოდით, გვეუბნებოდა, მხოლოდ ზეპირად ნუ ამბობთ, შეიგრძენით, იმ ლექსში იცხოვრეთო… ყველაფერს ისე მხატვრულად და ლამაზად აკეთებდა, თეატრი გეგონებოდათ მისი გაკვეთილი. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ცხოვრებას ისე ყვებოდა, აშკარად განიცდიდა. მეგობარი იყო ჩვენი. სხვა მასწავლებლებიც ტკბილად მახსენდება. ვენერა ვლადიმეროვნა იყო მერე ჩვენი დამრიგებელი და თან შრომას გვასწავლიდა. თუ დირექტორთან დამიბარებდნენ, შემომყვებოდა და ეუბნებოდა, გავითავალისწინოთ, რომ ბავშვს ესა და ეს პრობლემა აქვსო. ასევე იქცეოდა ჩემს მშობლებთან – დედაჩემი რომ ბრაზდებოდა, ეუბნებოდა, ქალბატონო მაია, ძალიან გთხოვთ, არ ეჩხუბოთო.

სკოლა მეორე სახლია ბავშვისთვის. დილის 9-ზე უკვე იქ ხარ და 2-3 საათამდე რჩები. ხანდახან 4 საათამდე გვიწევდა ყოფნა, რადგან, თუ რამეს ვერ გავიგებდით, მასწავლებელი რჩებოდა ჩვენთან ერთად და გვამეცადინებდა. ბავშვებს სულ ვეუბნები, სკოლა თქვენი მეორე სახლია და როგორც ოჯახში გასწავლიან ზნეობას, სკოლამაც უნდა ჩაგიტაროს მორალური ცხოვრების გაკვეთილები-მეთქი. 12 წელი სწავლობ იქ და სახლია აბა რა არის?! ყველა ბავშვს მოვუწოდებ, ვურჩევ, რომ ეს ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები იმდენად სასიკეთოდ გამოიყენონ, რომ, საბოლოოდ, საქართველოს ეამაყებოდეს ისინი. ღვთის წყალობა ყველა ჩვენგანშია. ბავშვი კი სუფთა და სპეტაკია. პატარა რომ ვიყავი და 2-იანი მივიღე, დედაჩემმა იტირა. ეს რომ დავინახე, მას მერე დავიწყე სწავლა, რომ დედაჩემის გული გამეხარებინა. ბავშვებს მიზნად უნდა ჰქონდეთ, რომ გული გაუხარონ მშობლებსა და მასწავლებლებს და ისევ მათ გამოადგებათ ეს ყველაფერი.

– მამაო, ციმბირში წასვლა რატომ მოგიწიათ?

– ეს 90-იანი წლები იყო და ცხოვრება რთული გახლდათ. სურსათსაც ვერ ვყიდულობდით… როგორც ყველა ასურელი, მამაჩემიც ხელოსანი კაცი იყო. მას ციმბირიდან სამსახურის შემოთავაზება ჰქონდა და იქ გადავედით. გაჭირვებამ წაგვიყვანა. იქ დავამთავრე სკოლა და რომ დავბრუნდი, საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე.

– ბავშვობიდან მღეროდით?

– დიახ, ვცდილობდი… ორი ვოკალის მასწავლებელი მყავდა – ლალი ნიკოლაძე და ალი მხეიძე. ბადრი ასათიანი სწავლობდა ამ სასწავლებელში. დღეს ის რეჟისორია. მას დავეხმარე, რაღაც წავიმღერე  და ამ დროს  ლალიმ იყვირა, ალი, შეხედე, რა მასალა აქვს ამ ბავშვსო. მეხვეწებოდნენ, თუ გინდა ნუ ივლი, ოღონდ გამოცდები ჩააბარეო. იშვიათად მივდიოდი სასწავლებელში…

სპორტით ვიყავი დაკავებული – ტაიკვანდო იტეეფში ვვარჯიშობდი და სპორტის ოსტატიც გავხდი. საქართველოში ოთხგზის ჩემპიონი რომ გავხდი, უკრაინაში წავედი და იქ დავიწყე ამ დარგში მუშაობა. დღესაც ჩამოდიან ჩემთან ის სპორტსმენები, ვინც ჩემთან ერთად ვარჯიშობდა.

– ესტრადაზეც მღეროდით…  მაშინ არამეული გალობის შესახებ უკვე იცოდით?

– არა, მხოლოდ ერთხელ ვიმღერე ქართულ-არამეული სიმღერა სცენაზე. ქართულად იწყებოდა და არამეულში გადადიოდა. ძალიან ლამაზი სიმღერა გამოვიდა. ჩვეულებრივი, საესტრადო სიმღერა იყო.  მხოლოდ ერთხელ ვიმღერე ბესო კალანდაძის „ტირიფები“. სხვა დროს მხოლოდ იმას ვმღეროდი, რასაც მე თვითონ ვწერდი. მხოლოდ ჩემი და ჩემი დის დაწერილ სიტყვებზე და მუსიკაზე ვმღეროდი.

– გალობა როდიდან დაიწყეთ?

– უეცრად. 2013 წლის იანვრის დასაწყისი იყო. უკვე სასულიერო პირი ვიყავი. სეფისკვერებზე გავუშვი ჩემი მრევლი და გაბრაზებული დაბრუნდა უკან. ვტრაპეზობდით. რა გჭირს შვილო-მეთქი, ვკითხე. რაღა რა მჭირს მამაო, სეფისკვერებზე რომ ვიყავი იკითხეს სადაა ძველ ქანდაში ქრისტიანული ტაძარი, მანდ თათრები არ ცხოვრობენო. ვუთხარი, დამშვიდდი შვილო, არ ინერვიულო, ისეთ გალობას დავწერ, მთელი მსოფლიო გაგვიცნობს-მეთქი. ეს სიტყვები ისე, წამომცდასავით, არც მიმიქცევია ყურადღება. ტრაპეზს რომ მოვრჩით, თავისთავად, გულში დავიწყე გალობა. მერე თითქოს ხმებში დავალაგე. დავუძახე მგალობლებს და… 2013 წლის შობის ღამეს, 7 იანვარს პირველად ვიგალობეთ არამეულ ენაზე და ეს გალობა ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა მართლმადიდებლურ სამყაროში.

ქანდაში  2000 ასურელი ცხოვრობს, თუმცა დედები უმეტესობას ქართველები გვაყავს. ბევრი მთიული ქალია ჩვენს სოფელში გამოთხოვილი, სვანებიც… განათლების სამინისტრომ ახლა უკვე დაგვინიშნა არამეულის გაკვეთილი. ვერ გადახვალ მე-7 თუ მე-8 კლასში, თუ არამეული არ ჩააბარე.

– მამა სერაფიმე, მღეროდით, სპორტით იყავით დაკავებული… სასულიერო ცხოვრების გზას როგორ დაადექით?

– მადლობა ღმერთს, მონასტერში რომ წამოვედი. უფალს შევპირდი და ღვთის წყალობით შევასრულე. უფალს რომ შევპირდი, მის გზას დავადგებოდი, დიდხანს გავურბოდი ამ დაპირებას, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ეს გადაწყვეტილება მივიღე.

– დღესაც წერთ საგალობლებს?

– რა თქმა უნდა! მსოფლიომ გავიცნო. ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში და მუსიკის საღამოებს ვატარებთ. ვიყავით კვიპროსზე, იტალიაში, შვედეთში… პოლონეთში და კანადაში ახლა მივდივართ.

– როგორ აღიქვამენ ქრისტეს ენაზე გალობას?

– სტოკჰოლმში ოფიციალურად მიგვიპატიჟა საქართველოს ელჩმა შვედეთში, ბატონმა მალხაზ კაკაბაძემ. რაღაც ფესტივალი ტარდებოდა და უნდოდა, ჩვენს შესახებაც გაეგო მსმენელს. ამ ფესტივალს ესწრებოდნენ შვედეთის მეფე და დედოფალი. რომ მოვრჩი გალობას, ერთი წუთის განმავლობაში არავინ უკრავდა ტაშს. ვიფიქრე, მორჩა, არ მიგვიღო ხალხმა-მეთქი. თურმე ყველა ელოდებოდა, როდის ექნებოდათ რეაქცია მეფესა და დედოფალს. ისინი ფეხზე ადგნენ და ისე დაგვიკრეს ტაში. ამის მერე ტაში აღარ ჩერდებოდა. დედოფლის ცრემლები რომ დავინახე… ეს უსაზღვრო ემოცია იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანზორ ჩუბინიძე – თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები კომპლექსური და ტრანსნაციონალურია, აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება და საერთაშორისო ფორუმი „დიდი კედელი – 2026“ კარგი საშუალებაა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების (PAP) მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი – 2026“.ანზორ ჩუბინიძემ საუბრისას ყურადღება ფურუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ გამოცდილების გაზიარების კარგ საშუალებას იძლევა.„ფორუმი არის ძალიან კარგი საშუალება აზრთა ურთიერთგაცვლის, ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების. მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები არის ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალური. აუცილებელია ამაზე პროფესიონალური აზრის შექმნა და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით „დიდი კედელი – 2026“ საერთაშორისო ფორუმი არის ძალიან კარგი საშუალება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დედა, მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართავს.„ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის.ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის, წარმატებაც და განსაცდელიც, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!! ის უფალს უყვარს და უფრო ძლიერს დაუბრუნებს თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს! ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე!! მადლობა!!!ამაყი ვარ შენი სიძლიერით დედი!“, - წერს მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში.ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან“ გამართული შეხვედრის დროს დაშავდა.„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალური ინფორმაციით, კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა. ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

“ჩვენ ვიყავით მომსწრე, თუ როგორ აუკრძალეს მარინ ლე პენს არჩევნებში მონაწილეობის მიღება“

რაც გინდა, თქვი, რაც გინდა, გააკეთე. თვითონ ფორმა ურთიერთობების დაუბრუნდა , რაც იყო საბჭოთა კავშირში. რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, რასაც მინდა, იმას ვიტყვი იმიტომ, რომ მე ვარ ბრიუსელი და ამიტომ ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ დაგჩაგრო. შენ არ ხარ ჩემი წევრი და ამიტომ მე შენ დაგჩაგრავ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.მისი თქმით, ევრობიუროკრატიამ დაკარგა პოლიტიკური მორალი სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას და განსაკუთრებით, საქართველოს მიმართ.გოგა ხაინდრავა გამოეხმაურა იმ ორმაგ სტანდარტებს, რომელიც დასავლეთს აქვს და აღნიშნა, რომ კრიტიკა, რომელიც ისმის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის მიმართ, მიუღებელია.„ჩვენ ვიყავით მომსწრე, თუ როგორ აუკრძალეს მარინ ლე პენს რომელიც დღეს არის ერთ-ერთი პოპულარული პოლიტიკოსი საფრანგეთში, არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მცდელობა იყო, რომ „ალტერნატივა გერმანიაში“ გაეუქმებინათ. ეს ხომ ბევრად ადრე იყო, ვიდრე საქართველოში დაიწყებოდა ეს პროცესი.ეს იმაზე მეტყველებს, რომ დაიკარგა მორალი, მორალი აღარ არის. რაც გინდა, თქვი, რაც გინდა, გააკეთე. თვითონ ფორმა ურთიერთობების დაუბრუნდა , რაც იყო საბჭოთა კავშირში. რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, რასაც მინდა, იმას ვიტყვი იმიტომ, რომ მე ვარ ბრიუსელი და ამიტომ ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ დაგჩაგრო. შენ არ ხარ ჩემი წევრი და ამიტომ მე შენ დაგჩაგრავ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

“ერთხელ რომ უღალატებ შენს ამომრჩეველს, როდესაც არ ცნობ კონსტიტუციურ წესრიგს, ამით შენს თავს აყენებ კონსტიტუციური წესრიგის მიღმა”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ არაერთხელ უღალატა საკუთარ ამომრჩეველს, უარი თქვა დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და კონსტიტუციურ წესრიგს დაუპირისპირდა.მისი შეფასებით, ევროპული ქვეყნების მაგალითები ადასტურებს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური ძალების აკრძალვა დემოკრატიული პროცესის ნაწილია.დეპუტატის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უარი თქვეს მანდატებზე, რითაც საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს, ახლა კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესში მონაწილეობით იმ სტრუქტურების ლეგიტიმაციას აღიარებენ, რომლებსაც მანამდე არალეგიტიმურად აცხადებდნენ.„ის, რაც დემოკრატიული პროცესია გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ესპანეთში, საბერძნეთსა თუ სხვა ევროპულ ქვეყნებში, ბუნებრივია, დემოკრატიული პროცესი იქნება საქართველოშიც. აღარაფერს ვამბობ მოლდოვაზე, სადაც ბოლო წლებში 4 პარტია აკრძალეს და ეს მთელმა ევროპულმა პოლიტიკურმა ელიტამ მოიწონა, ან კიდევ უკრაინაზე, სადაც 18 პარტია აიკრძალა, თითქოს ომის საბაბით.მაგრამ ომი არაფერ შუაშია დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებასთან. დემოკრატია ომის დროსაც დემოკრატიაა და მშვიდობის დროსაც. პარტია თუ არის დემოკრატიული, ის ომის დროსაც უნდა ფუნქციონირებდეს და მშვიდობის დროსაც, ხოლო თუ პარტია თავისი ქმედებებით, მიზნებით, მოწოდებებით, მოქმედების ფორმებითა და შინაარსით ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ნორმალურ და მშვიდობიან ფუნქციონირებას, ასეთი პოლიტიკური ძალის ადგილი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში არც ომის და არც მშვიდობიანობის დროს. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს, რომ ასეთი პოლიტიკური ძალა უნდა აიკრძალოს.როდესაც პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები პირდაპირი ტექსტით მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ხელისუფლება უნდა დაამხონ (მაგალითად, შარშანდელი 4 ოქტომბრის მოვლენები საქართველოში) და შესაბამის მობილიზებასაც ეწევიან, ბუნებრივია, ეს არ არის დემოკრატიული პროცესი. რადიკალებმა მოიფიქრეს ტერმინი „მშვიდობიანი დამხობა“ – თითქოს სიტყვა „მშვიდობიანის“ გამოყენებით სცადეს თავიანთი დანაშაულებრივი გეგმებისა და განზრახვების შეფუთვა, მაგრამ როდესაც პრეზიდენტის სასახლეში სცადეს შეჭრა, ამით მათი გეგმები ყველასთვის გამოაშკარავდა. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მათ არ უნდათ დემოკრატიული პროცესი. დემოკრატიულ სახელმწიფოში კი, თუ არ გინდა დემოკრატიული არჩევნები და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადიხარ, ე.ი. შენი ადგილი, როგორც პოლიტიკური ძალის, იმ დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის.პოლიტიკური პარტიებისა და ენჯეოების სახელით მოქმედი უცხოური აგენტურა 2016 წლიდან მოყოლებული, საბოტაჟითა და დემოკრატიული პროცესის უგულებელყოფით ცდილობდა ნებისმიერი არჩევნების დელეგიტიმაციას. ასე იყო 2016 წლის არჩევნების შემდეგ. იგივე გაგრძელდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების, 2020 და 2024 წლების საპარლამენტო და 2021 და 2025 წლების თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში.2024 წლის არჩევნების შემდეგაც მათ მორიგ ჯერზე უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს და უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე. არადა, რადიკალებს, ჯამში, საპარლამენტო მანდატების 2/5-ზე მეტი ჰქონდათ, რაც ძალიან მაღალი წარმომადგენლობაა. მათ შეეძლოთ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, კონსტიტუციური პროცესის ფარგლებში, ებრძოლათ საკუთარი პოლიტიკური ხედვების განხორციელებისთვის.დღეს იგივე პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში არიან და დაობენ იმ დოკუმენტის წინააღმდეგ, რომელიც მათ მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებული პარლამენტის მიერ შექმნილმა, ასევე არალეგიტიმურად გამოცხადებულმა კომისიამ მიიღო. დაობენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეების წინაშე, რომელთაგან ორი სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დანიშნა მათ მიერვე არალეგიტიმურად გამოცხადებულმა პრეზიდენტმა. იმას კი ვერ აცნობიერებენ, რომ ამით ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ, აღიარებენ ამ სტრუქტურების ლეგიტიმაციას.მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ ყველა ეს სტრუქტურა და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესიც ლეგიტიმურია, თვითონ პერმანენტულად რატომ გადიან ხოლმე კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებიდან? ეს ფაქტი და ეს პროცესი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ რადიკალური დაჯგუფებების მიზანი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლაა. ვფიქრობ, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც კარგად დაინახავენ.როდესაც მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და დახიეს მანდატები, ამითაც უარი თქვეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე. მათ, პირველ რიგში, სწორედ საკუთარ ამომრჩეველს, იმ 800 000 კაცს უღალატეს, რომელთა სახელითაც და რომელთა ინტერესებზეც ახლა დაიწყეს აპელირება.დღეს სასამართლო პროცესზე, თუ არ ვცდები, ნიკა გვარამია ჩვენ, პარლამენტში მყოფ პარტიებს, გვსაყვედურობდა, რომ მათი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, შეგვეძლო, არ შეგვეწყვიტა მათთვის მანდატები, რადგან ეს ჩვენი „ექსკლუზიური“ უფლება იყო და თავად უნდა გადაგვეწყვიტა, შევუწყვეტდით თუ არა მათ მანდატებს. მისი თქმით, არ უნდა გაგვეთვალისწინებინა მათი მოთხოვნა. თითქოს ნანობს, რომ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, თითქოს შეცდომად მიაჩნია ეს ნაბიჯი. თუ ასეა, აღიარონ, რომ შეცდნენ, ბოდიში მოუხადონ საკუთარ ამომრჩეველს, იმ 800 000 კაცს, რომელთა სახელითაც ახლა მანიპულირებენ.არადა, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში, როდესაც მაშინაც უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და ჩვენ უარი ვთქვით მათი მანდატების შეწყვეტაზე, საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი ჩიოდნენ: ძალით გვამუშავებენ, არ გვიწყვეტენ მანდატებსო, და თავს ტრეფიკინგის მსხვერპლებად აცხადებდნენ.როდესაც ერთხელ უღალატებ შენს ამომრჩეველს, უღალატებ მეორედ, მესამედაც. როდესაც არ ცნობ და უპირისპირდები კონსტიტუციურ წესრიგს, ამით საკუთარ თავს კონსტიტუციური წესრიგის მიღმა აყენებ და დარწმუნებული ვარ, სასამართლოს გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში XX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2026“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალის – „ხელისუფლება და საზოგადოება – ისტორია, თეორია, პრაქტიკა“ ორგანიზებით, ყოველწლიური, რიგით XX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2026“ გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ასევე, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისგან შემდგარი დელეგაცია.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. პროფესორმა თამარ წერეთელმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობა გადაუხადა ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციასა და მის ხელმძღვანელს, პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერს. ვიცე-რექტორი კონფერენციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მიესალმა, წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა და ხაზი გაუსვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას.თავის გამოსვლაში სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა ყურადღება გაამახვილა კონფერენციის - „ხელისუფლება და საზოგადოება“ - მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ ინტელექტუალური კაპიტალი არის უნივერსიტეტის მთავარი ფასეულობა და მსგავსი მაღალი რანგის საერთაშორისო პლატფორმები საუკეთესო შესაძლებლობაა თანამედროვე გლობალური გამოწვევების სამეცნიერო ჭრილში გასაანალიზებლად. ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს ქვეყნის მასშტაბით საერთაშორისო სამეცნიერო გრანტებისა და კვლევითი პროექტების მოცულობით, მათ შორის, Horizon Europe-ის ფარგლებში, რაც ნათლად ადასტურებს, რომ უნივერსიტეტის სამეცნიერო-საინჟინრო და ტექნოლოგიური პოტენციალი სრულად პასუხობს საერთაშორისო კვლევით სტანდარტებს. მან იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციის მუშაობა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, საჯარო მმართველობის, ბიზნესტექნოლოგიებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ახალ თეორიულ და პრაქტიკულ ხედვებს ჩამოაყალიბებს და საფუძველს ჩაუყრის კიდევ ბევრ ერთობლივ აკადემიურ პროექტს.„საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების მრავალწლიანი უწყვეტი დინამიკა ადასტურებს მის აქტუალობასა და წონას თანამედროვე სამეცნიერო სფეროში. გლობალიზაციისა და ბიზნესტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე, საჯარო მმართველობისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების კომპლექსური ანალიზი მოითხოვს მრავალმხრივ ინტერდისციპლინურ მიდგომებს. ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია გერმანელი კოლეგების ჩართულობა. ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის მონაწილეობა ფორუმს არა მხოლოდ მაღალ ევროპულ აკადემიურ სტანდარტს სძენს, არამედ ქმნის ეფექტურ მექანიზმს ქართულ და გერმანულ საუნივერსიტეტო წრეებს შორის ცოდნისა და კვლევითი მეთოდოლოგიების პირდაპირი გაზიარებისთვის, რაც საფუძვლად უდევს ერთობლივი საგანმანათლებლო სივრცის გაძლიერებას”, - განაცხადა ვიცე-რექტორმა.ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა. პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ დეტალურად ისაუბრა იმ აკადემიურ სიკეთეებზე, რასაც აღნიშნული საერთაშორისო პლატფორმა ფაკულტეტის განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციისთვის უზრუნველყოფს.„ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის ეს კონფერენცია უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან იგი პირდაპირ პასუხობს ჩვენს სტრატეგიულ მიზანს ინტეგრირებულ ვიყოთ საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის ჩართულობა, რაც ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაერთონ ინტერდისციპლინურ დისკუსიებში და გაეცნონ გერმანულ გამოცდილებას ბიზნესის, მენეჯმენტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინერგიის მიმართულებით. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები და სექციური მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციური ხედვების ჩამოყალიბებას და საფუძველს ჩაუყრის ახალ, ერთობლივ ქართულ-გერმანულ კვლევით პროექტებს“, - განაცხადა დეკანმა.სტუ-ის ინფორმაციით, XX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ხელისუფლება და საზოგადოება - 2026“, მუშაობა სამ სექციად გაგრძელდა: საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და მეთოდოლოგია; პოლიტიკა და კულტურა; საჯარო მმართველობის ეკონომიკური საკითხები და სამართლებრივი ბაზა.სამეცნიერო ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, გამოიცემა საკონფერენციო ნაშრომების კრებული, მინიჭებული საერთაშორისო ინდექსით.

ბოლო სიახლეები