სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ევროპის სამეცნიერო ქსელ NEMOR-ის წევრი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ოფიციალურად შეუერთდა ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სამეცნიერო-კვლევით გაერთიანებას – NEMOR (Network for European Mountain Research), რომელიც ევროპული მთიანი რეგიონების კვლევისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს აერთიანებს. NEMOR-ის წევრობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის, ევროპულ კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და კავკასიის მთიანეთის სამეცნიერო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენის თვალსაზრისით.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, გარდა NEMOR-ისა, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ჩართულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით მოქმედ გლობალურ ინიციატივაში – Mountain Partnership-ში (მთის პარტნიორობა), რომელიც მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების, მთის ეკოსისტემების დაცვისა და მთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას ემსახურება. ამასთან, ფაკულტეტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი გაწევრიანებულია მინერალოგიური მუზეუმების პროფესიონალთა საერთაშორისო საზოგადოებაში (SMMP), ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) წევრი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტისა და მისი შესაბამისი აკადემიური ერთეულების საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მასშტაბსა და მნიშვნელობას.

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, NEMOR წარმოადგენს ევროპული მასშტაბის სამეცნიერო-კვლევით ქსელს, რომლის საქმიანობაც მიმართულია მთიანი რეგიონების ბუნებრივი, ეკოლოგიური, გეოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური თავისებურებების კომპლექსური შესწავლისა და მათი მდგრადი განვითარების ხელშეწყობისკენ. ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ უნივერსიტეტს, სასწავლო-სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუციას და ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და სპეციალისტებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და კვლევითი რესურსების გაზიარებას. NEMOR-ის საქმიანობა კატალონიის ეკოლოგიური კვლევებისა და სატყეო გამოყენების ცენტრის (CREAF) კოორდინაციით ხორციელდება, რაც ქსელის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და კვლევითი საქმიანობის ორგანიზებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისთვის NEMOR-ის წევრობა გაცილებით მეტია, ვიდრე საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში გაწევრიანება. ეს არის შესაძლებლობა, ფაკულტეტის აკადემიური და კვლევითი საქმიანობა კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს ევროპულ სამეცნიერო დღის წესრიგს, გაფართოვდეს საერთაშორისო პარტნიორობა და გაიზარდოს ქართული სამეცნიერო სკოლის ჩართულობა მთიანი რეგიონების კვლევის თანამედროვე პროცესებში. ევროპული ორგანიზაციის წევრის სტატუსი ფაკულტეტს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ ჩაერთოს ევროპულ სამეცნიერო და ინოვაციურ კონსორციუმებში, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივი კვლევითი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში, გააღრმაოს თანამშრომლობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან და ხელი შეუწყოს სამეცნიერო ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ურთიერთგაცვლას. ამასთანავე, საერთაშორისო ქსელში მონაწილეობა ქმნის ახალ პერსპექტივებს აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, მათ შორის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფებში ჩართვის, სამეცნიერო დისკუსიებში მონაწილეობის, ერთობლივი პუბლიკაციების მომზადებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტუდენტებისთვის შექმნილ შესაძლებლობებსაც. ევროპულ სამეცნიერო ქსელში ინტეგრაცია ხელს შეუწყობს მათთვის საერთაშორისო აკადემიურ გარემოსთან დაახლოებას, კვლევითი გამოცდილების მიღებასა და მთის მდგრადი განვითარების თანამედროვე კონცეფციების გაცნობას. აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია მომავალი სპეციალისტების მომზადებისთვის, რადგან სამთო-გეოლოგიური მეცნიერებების, ბუნებრივი რესურსების მართვის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამედროვე პროფესიული კომპეტენციები სულ უფრო მეტად ეფუძნება ინტერდისციპლინურ კვლევასა და საერთაშორისო გამოცდილებას“, – აცხადებს დეკანი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს მორიგ წარმატებას ულოცავს და აცხადებს, რომ NEMOR-ის ფარგლებში თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება კავკასიის მთიანეთის ბუნებრივი და სამეცნიერო პოტენციალის ევროპულ კვლევით სივრცეში წარმოჩენა. სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ჩართულობა NEMOR-ის საქმიანობაში ევროპელ მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ კავკასიის სპეციფიკურ გეოლოგიურ-ეკოლოგიურ თავისებურებებს, ხოლო ქართველ მეცნიერებს – კვლევები და გამოცდილება საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ფარგლებში წარმოაჩინონ.

„ფაკულტეტისთვის განსაკუთრებით პერსპექტიულია თანამშრომლობა ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა მთიანი რეგიონების გეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები, გეოდინამიკური პროცესებისა და ბუნებრივი საფრთხეების შეფასება, მინერალური და სხვა ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, ჰიდროგეოლოგია, განახლებადი ენერგეტიკა, მთის ეკოსისტემების დაცვა, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების კვლევა და ბუნებრივ გარემოსთან ადაპტირებული განვითარების მოდელების შემუშავება. ამ მიმართულებებით ევროპულ სამეცნიერო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თანამედროვე კვლევითი მეთოდოლოგიების დანერგვასა და საქართველოს მთიანი რეგიონების წინაშე არსებული გამოწვევების მეცნიერულად დასაბუთებული გადაწყვეტის გზების ძიებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ NEMOR-ის ქსელში გაწევრიანება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს ევროპული სამეცნიერო გამოცდილება და თავად გახდეს საერთაშორისო ცოდნისა და კვლევითი ინიციატივების ფორმირების აქტიური მონაწილე.

ევროპული ორგანიზაციის წევრობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის საერთაშორისო ინტეგრაციის მნიშვნელობას და ქმნის ახალ საფუძველს ევროპულ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის. ვულოცავ ფაკულტეტს და წარმატებებს ვუსურვებ“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი, ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. ჟურნალისტი ბრალდებას არ აღიარებს.ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - „ბუპრენორფინის“ შემცველი 500 აბზე მეტი მედიკამენტი აღმოაჩინეს.გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

“თუ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს ტყუილს, ვის აწყობს ამ ტყუილის გამოაშკარავება, – პასუხი მარტივია – პროკურატურას”

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.“კითხვა: – თუ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს ტყუილს და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ასახელებს პიროვნებას და მზადაა სხვა პირებიც დაასახელოს, ვის აწყობს ამ ტყუილის გამოაშკარავება და ობიექტური გამოძიების ჩატარება? პასუხი მარტივია- პროკურატურას და შესაბამისად სახელისუფლებო ვერტიკალს! კითხვა: – თუ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს სიმართლეს და შეუძლია დაასახელოს პირები, რომლებიც მოითხოვდნენ მისგან არარსებული ბრალის აღიარებას და ახდენდნენ მასზე ზეწოლას, ვის არ აწყობს და ეშინია სიმართლის გამოაშკარავების და არ უნდა უნდოდეს ობიექტური გამოძიების ჩატარება? პასუხი მარტივია- პროკურატურას და შესაბამისად სახელისუფლებო ვერტიკალს! კითხვა: – თუ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება და პროკურატურა სამართლებრივად წელგამართულია და ასევე გამოირიცხება შიში პოლიტიკური სარჩულით დევნისა, ვის უნდა აწყობდეს სასამართლო სხდომების საჯარობაა? პასუხი მარტივია- პროკურატურას და შესაბამისად სახელისუფლებო ვერტიკალს! კითხა: – თუ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება და პროკურატურა სამართლებრივად წელგამართულია და ასევე არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს პოლიტიკური განცხადებებისა და მხილებისა, ვის არ უნდა აწყობდეს სასამართლო სხდომების დახურვა? პასუხი მარტივია- პროკურატურას და შესაბამისად სახელისუფლებო ვერტიკალს! როგორია მოცემულობა? პროკურატურა არ იწყებს გამოძიებას!!! პროკურატურა ითხოვს სასამართლო სხდომების დახურვას და სასამართლოც უკმაყოფილებს აბსოლუტურად დაუსაბუთებელ შუამდგომლობას! მთავარი კითხვა: ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხის უმრავლესობა როგორია? პასუხი უტყუარია- გონიერი და საღად მოაზროვნე!!! დასკვნაც მარტივია, ხომ??? პ.ს. დანარჩენი “თუები” შემდგომ… პ.ს. პ.ს. ვინც ვერ გაიგეთ, ასქროლეთ, თქვენ ვერც გაიგებდით...”, – წერს ლილი გელაშვილი. 

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს – გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის თხოვნის გათვალისწინებით და მხარეებს შორის შერიგების საფუძველზე მიიღეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია აბუ-დაბის სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემა Lovin Dubai-ის ინფორმაციით, შემცირდა მსჯავრდებულისთვის დაკისრებული ჯარიმაც, კერძოდ, 300 ათასი დირჰამიდან 150 ათას დირჰამამდე.გადაწყვეტილება მხარეებს შორის შერიგებისა და დაზარალებულთა მხრიდან მათი გათავისუფლების თხოვნის შემდეგ მიიღეს.შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა.მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს.მოგვიანებით მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე ასეთი განცხადება გააკეთა: “აბუ-დაბის მთავრობას, თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები - მებრძოლები ვართ და ასეთი რამ შეიძლება მოხდეს”.

სტუ-ში საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა კონფერენცია – უმაღლესი განათლების განვითარების ახალი შესაძლებლობები და სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტივები – გაიმართა

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა წარმოადგენს სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ ისტორიულ მაგალითს, რომელშიც პოლიტიკური ნდობა, საერთო გეოპოლიტიკური ხედვა და ეკონომიკური ინტერესები სახელმწიფოებს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მყარ საფუძვლად იქცა. ამ ურთიერთობების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება ორი ქვეყნის ლიდერების ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის პირად მეგობრობას. სწორედ მათი ურთიერთნდობა გახდა მნიშვნელოვანი წინაპირობა იმ მასშტაბური რეგიონული პროექტების განხორციელებისთვის, რომლებმაც სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური და ეკონომიკური ლანდშაფტი შეცვალა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთ კავკასიური გაზსადენი ორი ქვეყნის ისტორიული და პოლიტიკური დაახლოების, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და საერთაშორისო ასპარეზზე მათი როლის გაძლიერების სიმბოლოდ იქცა. დღეს ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი სივრცე განათლება, მეცნიერება და ინოვაციაა. თუ წინა ეპოქაში საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი ენერგეტიკული დერეფნები და ეკონომიკური ურთიერთკავშირები იყო, თანამედროვე რეალობაში ასეთივე სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება ცოდნის, ინტელექტუალური რესურსებისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების ერთობლივ განვითარებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა კონფერენცია სწორედ ამ ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე შინაარსით გაგრძელების შესაძლებლობაა. ჩვენი ამოცანაა, ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მიერ ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვის საფუძველზე, პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობა აკადემიური თანამშრომლობის ახალ ხარისხში გადავიყვანოთ, განვავითაროთ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, ორმაგი ხარისხის შესაძლებლობები, სამეცნიერო კვლევები, ტექნოლოგიური ინოვაციები, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროექტები“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ კონფერენციაზე განაცხადა.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-19 სხდომის ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა კონფერენცია გაიმართა. საერთაშორისო მასშტაბის ფორუმმა საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, განათლების სფეროში გადაწყვეტილების მიმღები პირები, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები გააერთიანა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, პროფესორი ზვიად გაბისონია; აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე იდრის ისაევი; საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ფაიგ გულიევი; საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.კონფერენციის მთავარი მიზანი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უმაღლესი განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ინსტიტუციური პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა და უნივერსიტეტებს შორის გრძელვადიანი, მდგრადი თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო. ფორუმი მიზნად ისახავდა უმაღლესი განათლების რეფორმების, ინსტიტუციური განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და უნივერსიტეტების მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას, რექტორებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს შორის პირდაპირი დიალოგის გაძლიერებას, აგრეთვე ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის მყარი საფუძვლის შექმნას.ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.„საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა კონფერენციის მასპინძლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მსგავსი საერთაშორისო ფორუმები ქმნის შესაძლებლობას, ორი ქვეყნის უნივერსიტეტების ხელმძღვანელებმა უშუალოდ განვიხილოთ უმაღლესი განათლების განვითარების აქტუალური საკითხები, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და დავსახოთ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა დღეს მნიშვნელოვანი გარდაქმნების ეტაპზეა. განათლების რეფორმა, რომლის განხორციელებაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაა, საჭიროებს თანმიმდევრულობას, სისტემურ მიდგომას და სახელმწიფოსა და აკადემიური საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობას. მივესალმები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის სწორ პოლიტიკას და იმ სახელმწიფოებრივ ხედვას, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემის განვითარება ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური წინსვლისა და ინტელექტუალური პოტენციალის გაძლიერების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად არის განსაზღვრული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე რეფორმა ორიენტირებული იყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, უნივერსიტეტების გაძლიერებაზე, სამეცნიერო საქმიანობის განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალების მომზადებაზე. მჯერა, რომ განათლების სისტემის წარმატებული განვითარება მხოლოდ სახელმწიფოსა და უნივერსიტეტების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. ჩვენ, უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია, აქტიურად ჩავერთოთ მიმდინარე პროცესებში, გავაძლიეროთ აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელებაში. საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა კონფერენციას განვიხილავ როგორც მომავალზე ორიენტირებულ პლატფორმას, რომელმაც ჩვენი უნივერსიტეტების პარტნიორობა კონკრეტულ შედეგებამდე უნდა მიიყვანოს. საბოლოო მიზანი კი არის ძლიერი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ქვეყნის განვითარებასა და მომავალი თაობების წარმატებას მოემსახურება“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ. ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილემ, იდრის ისაევმა, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მისმა აღმატებულებამ ფაიგ გულიევმა.კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სესია საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლესი განათლების სისტემების მიმოხილვას დაეთმო. სესიის - „საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლესი განათლების სისტემები: სტრუქტურა, პრიორიტეტები და განვითარების პერსპექტივები“ - ძირითადი ამოცანა იყო ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემების სტრუქტურის, ინსტიტუციური მოწყობის, განვითარების პრიორიტეტების, მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო პერსპექტივების წარმოჩენა.საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ, ხოლო აზერბაიჯანის უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები წარმოადგინა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ულქარ სატაროვამ.კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის პანელური დისკუსია - „საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა უმაღლესი განათლების სფეროში: დიალოგიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია; სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე; ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, ნინო ტალიაშვილი; ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ელჩინ ბაბაევი; აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ადალათ მურადოვი; აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობისა და მრეწველობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი რუფათ აზიზოვი.კონფერენციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პანელური დისკუსია - „უნივერსიტეტები, როგორც უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციის, ინოვაციებისა და რეგიონული განვითარების მამოძრავებელი ძალა“ - დაეთმო უნივერსიტეტების როლს უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციის, ინოვაციების განვითარებისა და რეგიონული პროგრესის პროცესში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ვახტანგ ცაგარელი; სეუ-ს რექტორი, პროფესორი გია კავთელიშვილი; ბსუ-ს რექტორი, პროფესორი ტიტე აროშიძე; აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გულჩოჰრა მამადოვა; აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვილაიათ ვალიევი; ADA უნივერსიტეტის სტრატეგიისა და განვითარების მიმართულების ვიცე-რექტორი, პროფესორი ვაფა კაზდალი.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა კონფერენციის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის უმაღლესი განათლების სფეროში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და ინსტიტუციური კავშირების განმტკიცების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების ხელშეწყობას.

ბოლო სიახლეები