პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პარტიების აკრძალვა მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ პარტია კანონის მიხედვით დაკისრებულ თავის როლს როცა აღარ ასრულებს, ეს გადაწყვეტილება მისაღებია.
„პარტიულობის აღარაფერი ეტყობათ, ეს პარტიები რევოლუციურ ორგანიზაციებად, შულავერის კომიტეტად გადაიქცა. ქვეყნის არსებობას და სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. ადამიანთა ჯგუფი ქვეყნის არსებობას როცა ემუქრება, რას დაირქმევს — პოლიტიკურ პარტიას, თუ ნებისმიერ სხვა სახელს, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. წარმოდგენილი პრეტენზიები არანაირ შესაძლებლობას არ ტოვებს იმისთვის, რომ პარტიად იწოდებოდეს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საბოტაჟს ინტენსიურად ახორციელებს. ეს არაერთხელ გახდა დაპირისპირების, მათ შორის მძიმე ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი. მათი მცდელობები არ გაჩერებულა, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ეწევიან. ამ ყველაფერმა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიიღო მწვავე ხასიათი, თუმცა ეს მცდელობები არც იმის წინ გაჩერებულა. სარჩელი მომზადდა, რადგან დესტრუქციულმა საქმიანობამ და ექსტრემიზმმა სისტემური ხასიათი მიიღო“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

