საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან კომპანიის საქმიანობისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ სიახლეებს გაეცნენ, ასევე სამომავლო დასაქმების რეალურ პერსპექტივებს გაეცნენ.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან აფილირებული SOCAR Midstream Gas Operations-ი (SMGO) მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან იმ მიზნით, რომ საინჟინრო მიმართულებების სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სათავო ოფისსა და საქართველოს წარმომადგენლობაში სტაჟირების პროგრამებში ჩართოს.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, SMGO-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტების ბაკალავრები, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ახალგაზრდებს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლები უნივერსიტეტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ და სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ წარუდგინეს.
SMGO-ის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია რეგიონულ და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს და ახორციელებს გაზის სახმელეთო ექსპორტის მილსადენების, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP), ტრანსანატოლიური ბუნებრივი გაზის მილსადენის (TANAP) და ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) მართვა-ზედამხედველობას. მათ SMGO-ის საქმიანობისა და სიახლეების შესახებ ისაუბრეს და კომპანიის სახელით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით სტაჟირების სხვადასხვა პროგრამა შესთავაზეს.
როგორც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ განაცხადა, თანამშრომლობა ისეთ მსხვილ კომპანიასთან, როგორიცაა SOCAR Midstream Gas Operations-ი (SMGO), სტუ-ის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მასშტაბური პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალურ შანსს აძლევს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ორიენტირებულია სტუდენტებს მაღალი დონის პრაქტიკული და კარიერული შესაძლებლობები შეუქმნას. SOCAR Midstream Gas Operations-თან პარტნიორობა ჩვენს საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, თეორიული ცოდნა რეალურ, მასშტაბურ და საერთაშორისო პროექტებში გამოიყენონ. საექსპორტო მილსადენების მართვისა და ზედამხედველობის პროცესებში მონაწილეობა, როგორც კომპანიის სათავო ოფისში, ისე საქართველოს წარმომადგენლობაში, ჩვენი ბაკალავრებისა და მკვლევრებისთვის პროფესიული ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ის ფაქტი, რომ SMGO მათ არა მხოლოდ სტაჟირებას, არამედ სამომავლო დასაქმების პერსპექტივასაც სთავაზობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორმა კომპანიებმა, მათ შორის რეგიონულმა, ახალგაზრდებს რეალური სამუშაო გარემო შესთავაზონ შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რაც გრძელვადიანი ინვესტიციაა ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაში. კომპანიის მზაობა სტაჟირებისა და სამომავლო დასაქმების პროგრამებში აქტიურად ჩართოს ჩვენი სტუდენტები, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, ხაზს უსვამს ამ შეხვედრის როგორც საგანმანათლებლო, ისე რეგიონულ მნიშვნელობას“, – აღნიშნა ნატო ქათამაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტის სტუდენტები, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების მხარდაჭერით, SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს პირველად გასულ სასწავლო წელს შეხვდნენ. რიგით მეორე, მიმდინარე სასწავლო წლის შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სივრცეში გაიმართა.

