საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ახალგაზრდა მკვლევრებმა – ქართველმა და უცხოელმა დოქტორანტებმა საჯარო ლექციები გამართეს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის მოწვევით, საჯარო ლექციებს უძღვებოდნენ FAU Erlangen-Nürnberg-ის N-Squared Lab-ის (გერმანია) მკვლევარი და დოქტორანტი რაულ სიმპეტრუ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი და მკვლევარი სალომე ფიროსმანიშვილი.
საჯარო ლექციებს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირინე გოცირიძე და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
რაულ სიმპეტრუმ თავისი თემის – „კუნთები, მანქანები და მოძრაობა: EMG-ის როლი სიმულაციასა და რეაბილიტაციაში“ – ფარგლებში ისაუბრა თანამედროვე EMG ტექნოლოგიებზე და მათ შესაძლებლობებზე ადამიანის მოძრაობის კვლევის, რობოტიკისა და რეაბილიტაციის კუთხით. მომხსენებელმა ვრცლად მიმოიხილა თავისი კვლევის ინტერესები, რაც მოიცავს ნეიროინტერფეისებს, ელექტრომიოგრაფიას (EMG) და ადამიანის მოტორულ კონტროლს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი სამეცნიერო მუშაობა აქტიურად მიმართულია ნეირომუსკულური დარღვევების მქონე ადამიანებისთვის ხელის ფუნქციის აღდგენისა და გაუმჯობესებისკენ. რაულ სიმპეტრუმ დამსწრე საზოგადოებას გააცნო, თუ როგორ ეხმარება მანქანური სწავლება ნეირორეაბილიტაციის პროცესების ეფექტიანად მართვასა და ბიომექანიკური სიმულაციების შექმნაში.

სალომე ფიროსმანიშვილის თემა – „ნეირონული აქტივობიდან ელექტრულ სიგნალამდე და პირიქით“ – ეხებოდა ნეირონული იმპულსების (სპაიკების) დამუშავებისა და მათი ელექტროფიზიოლოგიურ სიგნალებად გარდაქმნის მათემატიკურ და საინჟინრო მოდელებს. მან ისაუბრა ნერვული სისტემიდან წამოსული ბიოსიგნალების დეკოდირების მეთოდებზე, ციფრული ფილტრაციის ალგორითმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც თან ახლავს მაღალი სიზუსტის მონაცემთა მიღებასა და ინტერპრეტაციას ბიოსამედიცინო კვლევებში.
ორივე მკვლევარმა პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე აუდიტორიას გააცნო ის კონკრეტული თანამედროვე მოწყობილობები და მონაცემთა შეკრების უახლესი ტექნოლოგიები, რომლებსაც ისინი კვლევის პროცესში იყენებენ, რამაც სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
პროფესორ ირინე გოცირიძის თქმით, მსგავსი ტიპის საჯარო ლექციების გამართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის თანამედროვე სტანდარტებით განვითარებისთვის.
„როდესაც ახალგაზრდა მეცნიერები თავიანთი კვლევების შესახებ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უზიარებენ ინფორმაციას, ეს ქმნის ცოცხალ აკადემიურ პლატფორმას გამოცდილების გაცვლისთვის. ეს პროცესი განსაკუთრებით საინტერესოა სტუდენტებისთვის, რადგან ისინი თეორიულ მასალასთან ერთად, ნათლად აღიქვამენ მეცნიერების პრაქტიკულ და გამოყენებით მხარეს, რაც მათ მოტივაციას ამაღლებს. პედაგოგებისთვის კი ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, თვალი ადევნონ საერთაშორისო სამეცნიერო ტენდენციებს და სასწავლო პროცესში უახლესი მიღწევები შემოიტანონ. ასეთი შეხვედრები საფუძველს უყრის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების დასახვას“, – აღნიშნა ირინე გოცირიძემ.
ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი მუდმივად ორიენტირებულია სტუდენტებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, პრაქტიკასა და კვლევაზე დაფუძნებული განათლება. დეკანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ასეთი ტიპის საჯარო ლექციები ფაკულტეტის ორგანიზებით მომავალშიც ხშირად გაიმართება, რაც გახდება გარანტი იმისა, რომ სტუ-ის სტუდენტები მუდმივად იქნებიან ინტეგრირებულნი გლობალურ სამეცნიერო სივრცეში, დროულად მიიღებენ ინფორმაციას ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და ჩამოყალიბდებიან კონკურენტუნარიან სპეციალისტებად, რომლებიც მზად იქნებიან უპასუხონ თანამედროვე შრომის ბაზრისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინდუსტრიის გამოწვევებს.

