წინასწარ მსგავსი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია საგუშაგოს აშენებას გეგმავდა, მე არც უნდა მქონოდა, რადგან ეს იყო პოლიციური, ოპერატიული ღონისძიება. შესაბამისად, მე არ წარმოვადგენდი იმ ორგანოს, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, – ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მას არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება.
“არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია. მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რა ინფორმაციასაც ვფლობდი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მივაწოდე სასამართლოს.
საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაციას რაც შეეხება, წინასწარ მსგავსი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია საგუშაგოს შენებას გეგმავდა, მე არც უნდა მქონოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო პოლიციური, ოპერატიული ღონისძიება. შესაბამისად, მე არ წარმოვადგენდი იმ ორგანოს, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა.
საოკუპაციო ხაზთან მუდმივად იყო რთული პროცესები, მათ შორის მოქალაქეების დაკავების შემთხვევები. ჩემი გუბერნატორობის პერიოდშიც, სამწუხაროდ, რამდენიმე მსგავსი შემთხვევა იყო. ბორდერიზაციის პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი პროცესია, რომელიც, იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მალე დასრულდება, თუმცა, სანამ ეს უმძიმესი რეალობა გვაქვს, ამ რეალობას თან ახლავს მსგავსი საკითხებიც”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

