,,საქართველოში მევენახეობა და მეღვინეობა მხოლოდ ბიზნესი არ არის. საქართველო ღვინის სამშობლოა – ეს კი ნიშნავს, რომ ამ დარგზე ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან უნდა აღიქმებოდეს როგორც მშობლის პასუხისმგებლობა საკუთარ შვილზე და არა როგორც ბიუჯეტისთვის აკიდებული ზედმეტი ტვირთი. ღვინის წარმოებისადმი მხოლოდ ცივი, წმინდა ეკონომიკური კალკულაციით ყურება დაუშვებელია. განვითარებული და ძლიერი მეღვინეობა ნიშნავს მსოფლიოს მხრიდან „ღვინის აკვნის“ მიმართ გაასმაგებულ ყურადღებასა და პატივისცემას. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოს აუცილებლად დაუბრუნდება მილიონობით ტურისტის, მაღალი ცნობადობისა და ჩვენი ეკონომიკისთვის უზარმაზარი დივიდენდების სახით. ჩვენ ყველას გვახსოვს პერიოდი, როდესაც დარგი ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ გლეხი აღარ აშენებდა ახალ ვენახებს, ძველი ვენახების რესურსი იწურებოდა და ხშირად ვაზის გაჩეხვის ტრაგიკულ პრეცედენტებსაც ვხედავდით… შეიძლება ითქვას, გარდაუვალი იყო დარგის სრული განადგურება. სწორედ ასეთ დროს, დარგის გადასარჩენად, ფეხზე წამოყენებისა და წახალისებისთვის, სახელმწიფო სუბსიდირების შემოღება უმნიშვნელოვანესი და ძალიან სწორი ნაბიჯი იყო. თუმცა, ყველას გვესმის, რომ უსასრულო სუბსიდირება და მუდმივად ერთი და იგივე წერტილში დგომა ვერ გაგრძელდება. არ შეიძლება მოზარდი ზუსტად ისევე იკვებებოდეს, როგორც მცირეწლოვანი ბავშვი. დარგი გაიზარდა, გაძლიერდა და მასთან ერთად სახელმწიფოს მზრუნველობის ფორმაც უნდა შეიცვალოს – ის უნდა გახდეს უფრო მოწიფული, მოქნილი და სტრატეგიული. მიმდინარე რთველმა მკაფიოდ გამოაჩინა ახალი გამოწვევები – კლიმატის ცვლილება და უამინდობა, რამაც გლეხების უდიდესი შრომა საფრთხის ქვეშ დააყენა. ასეთ დროს საჭიროა არა ხისტი ბიუროკრატიული ჩარჩოები ან უეცრად შემოღებული მკაცრი წესები, არამედ პრაგმატული და მზრუნველობით მიღებული გადაწყვეტილებები. დროა, ნელ-ნელა გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას. ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს და გამოაცხადოს ახალი, გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც ზუსტად უპასუხებს არსებულ გამოწვევებს და ორ თანმიმდევრულ ნაბიჯს მოიცავს: 4-წლიანი გარდამავალი პერიოდი: ეს იქნება ლოგიკური და სამართლიანი დრო ადაპტაციისთვის. ამ 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ინარჩუნებს ყურძნის სუბსიდირებას , რითაც გლეხს აძლევს დროს, უმტკივნეულოდ და მშვიდად მოემზადოს განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად. 10-წლიანი სადაზღვევო ფარი: გარდამავალი პერიოდის შემდეგ სახელმწიფო გადადის დარგის მხარდაჭერის ევროპულ მოდელზე . უნდა შეიქმნას კარგად გამართული, ძლიერი სადაზღვევო სისტემა, რომელიც მორგებული იქნება მევენახეობის ყველა ნაცნობ გამოწვევაზე (სეტყვა, გვალვა, უამინდობით გამოწვეული შაქრიანობის ვარდნა). სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას, მომდევნო 10 წლის მანძილზე მინიმუმ 80%-ით დაასუბსიდიროს გლეხის სადაზღვევო გადასახადი. რას მიიღებს გლეხი ამ სტრატეგიით?უპირველეს ყოვლისა – სტაბილურობასა და ხვალინდელი დღის რწმენას. გლეხი აღარ იქნება დამოკიდებული წლიდან წლამდე სუბსიდიის მოლოდინზე ან ბიუროკრატიულ გადაწყვეტილებებზე. ის მიიღებს დაცულობას ბუნებრივი კატაკლიზმებისგან, გარანტირებულ შემოსავალს საკუთარ მძიმე შრომაში და მკაფიო პერსპექტივას, რომ მაღალი ხარისხის ყურძნის მოყვანით მისი ოჯახის კეთილდღეობა წლები გაგრძელდება. სწორი განვითარებით გლეხი იქნება არა სახელმწიფოს დახმარებაზე დამოკიდებული ბენეფიციარი, არამედ ძლიერი, დაცული და ამაყი პარტნიორი. ბოლოს კი მინდა ქართული ხალხური გადმოცემიდან ერთი ამბავი გავიხსენო: სამშობლოს დასაცავად მიმავალი ქართველი მეომარი, ბრძოლის ველზე გასვლამდე, ჩოხის ჯიბეში ვაზის ყლორტს იდებდა, რათა მისი დაცემის შემთხვევაში იმ ადგილას ახალი ვაზი გაზრდილიყო…”-ამის შესახებ ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

