მაინტერესებს, დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება ირაკლი ღარიბაშვილისთვის ციხეში შეგზავნილი წერილის ავთენტურობაში? სიტყვა -სიტყვით არ სრულდება? ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის ნათესავს ახალი, უფრო მძიმე ბრალდების პირობებში, სასჯელი 3 წლამდეც შეუმცირდათ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაებრალებინათ არარსებული დანაშაული, – ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გელაშვილი წერს, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს მარტოს უწევს ბრძოლა მთელი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანის წინააღმდეგ.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან არათუ ზოდები, არამედ ერთი ოქროს ნივთიც კი არ ამოუღიათ.
„მაინტერესებს, დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება ირაკლი ღარიბაშვილისთვის ციხეში შეგზავნილი წერილის ავთენტურობაში? სიტყვა-სიტყვით არ სრულდება? ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის ნათესავს ნაკლები ბრალდების ეპიზოდების პირობებშიც კი, მიუხედავად ბრალდებულთა სურვილისა, არ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო ახალი, უფრო მძიმე ბრალდების პირობებში, სასჯელი 3 წლამდეც შეუმცირდათ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაებრალებინათ არარსებული დანაშაული!
ქრთამი – ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, გარდა პირის ჩვენებისა, რომელმაც ამ ჩვენებით მიიღო სამართლებრივი სარგებელი, სასჯელის არათუ განახევრება, არამედ რეალური სასჯელის მესამედი!
მე, როგორც ადვოკატი, სხვის საქმეს არ განვიხილავ, ყველას თავისი „სიმართლე“ და ღირსება აქვს, მაგრამ ვისაც ეჭვი გეპარებოდათ, ვინც აბსურდულს უწოდებდა წერილს, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ მიმდინარეობს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ნიშნით დევნა, კიდევ ვერ დარწმუნდით?
სწორედ ბრალის ასეთ ფორმულირებას გულისხმობდნენ, როცა ღარიბაშვილის პოლიტიკაში მობრუნების 1-%- იან დასაშვებობის გადაზღვევაზე წერდნენ! რუბიკონი გადალახულია!
მივმართავ პროკურატურის მაღალჩინოსნებს: რამდენი ათასობით საქმე განიხილეთ და დღემდე იხილავთ 2012 წლამდე უკანონოდ, უსამართლოდ და ბევრიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და გაუბედურებული ადამიანებისას? ბევრი გინახავთ საქმე, სადაც ოჯახის წევრებიც კი ადებდნენ ხელს ერთმანეთს, ზოგი თავისუფლების, ზოგი სიცოცხლის სანაცვლოდ, გინახავთ შეთითხნილი ბრალდებებით, ცრუ დასმენებით ციხეში გამოკეტილი ადამიანები. ეს იყო საშინელება, ეს იყო უდიდესი ბოროტება, რომელსაც ქართველმა ხალხმა უთხრა – არა!
ეს არა, მხოლოდ წარსულს არ ეხება. ეს – არა, ნიშნავს უარს და გაფრთხილებას – აღარასოდეს, არავინ არ უნდა გაბედოს ადამიანების დევნა, პოლიტიკური ნიშნით, ვიღაცის, თუნდაც სახელისუფლო ვერტიკალის მხრიდან, თორემ ისტორიას უყვარს გამეორებები!
ალბათ შეამჩნევდით, რომ სტატუსების წევრისგან თავს ვიკავებ ამ ბოლო დროს, რადგან ჩემი, როგორც ადვოკატის პრეროგატივა სამართლებრივი დავაა, ჩემი ტრიბუნა სასამართლო სხდომის დარბაზია, მაგრამ ზოგჯერ მაინც გვიწევს განცხადებების გაკეთება, მით უფრო, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პატიმარია და მას მარტოს უწევს ბრძოლა მთელი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს, მაგრამ სიმართლე მაინც მოდის, მოსდის ურმით, წვალებით, ოღროჩოღრო ბილიკებით, მაგრამ მაინც…
ჩემი სტატუსი მიმართულია იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, ანალიზის უნარი აქვს და არ არის პოლიტიკურად არაჯანსაღად ანგარიჟებული (მადლობა უფალს, ასეთი ბევრია) და არა იმ ნაწილისთვის, რომელსაც აზრის გადმოცემა მხოლოდ გინებით, ქუჩური მეტყველებით ან სხვისგან ნაკარნახევი მესიჯბოქსებით შეუძლია, ვინც ფულზე იყიდება და სხვას ამუნათებს ამ დროს, ვინც ირაკლიზე „მეტად ერთგულია“ ბიძინა ივანიშვილს, ან კიდევ „ჩემზე მეტად მხარდამჭერია „ქართული ოცნების“. ასეთებთან კამათსაც კი არ აქვს აზრი და იცით რატომ? ადვოკატებმა არაერთხელ განვაცხადეთ და ახლაც დავწერ – ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან არათუ ზოდები, არამედ ერთი ოქროს ნივთიც კი არ ამოუღიათ, ერთი ძვირფასი ნივთიც კი! მაგრამ მაინც დარწმუნებით წერენ. ეს ნიშნავს, რომ ან გაიგეს, მაგრამ მაინც უნდა წერონ, რადგან ამაში ფულს უხდიან, ან წაკითხულისა და მოსმენილის გააზრების უნარი არ აქვთ! ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა”, – წერს გელაშვილი.

