აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობას ბრაზილიიდან ექსპორტირებული საქონლის უმეტესი ნაწილისთვის 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესება დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ლულამ და მისმა მთავრობამ აშშ-თან კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები არ აწარმოეს“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ბრაზილიის პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკა საზიანოა როგორც ამერიკელებისთვის, ისე ბრაზილიელებისთვის.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლულამ ბრაზილიელი ხალხის კეთილდღეობისთვის სასარგებლო გარიგების დადებაზე წინ საკუთარი ეგო დააყენა და ეს ტარიფები ამის საფასურია“, – აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
როგორც, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილებას წელიწადნახევრიანი გამოძიება უძღოდა წინ, რომელმაც დაადგინა, რომ ბრაზილიის პოლიტიკა ციფრული ვაჭრობის, ტარიფების, ინტელექტუალური საკუთრების, ეთანოლზე წვდომისა და ტყეების გაჩეხვის მიმართულებებით აშშ-ის ვაჭრობას აზარალებს.

