საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც, მკაცრი პირობების დაცვით, ექიმის დახმარებით სიცოცხლის დასრულების უფლებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 291-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი, 241 დეპუტატი წავიდა.
კანონის ძალაში შესვლამდე, პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ კანონპროექტის ცალკეულ დებულებებს შესამოწმებლად საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს გადასცემს. მისი საბოლოო ამოქმედება მხოლოდ საბჭოს დასკვნის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
მედიის ცნობით, კანონი შეეხება სრულწლოვან პირებს, რომლებსაც სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე და განუკურნებელი დაავადება აქვთ და ისინი სიცოცხლის ბოლო ეტაპზე იმყოფებიან. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დაავადება აუცილებლად უნდა იწვევდეს მუდმივ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტანჯვას ან არ უნდა ექვემდებარებოდეს მკურნალობას.
ამასთან, პაციენტმა სიცოცხლის დასრულების სურვილი ექიმს საკუთარი ნებით უნდა განუცხადოს. ამის შემდეგ ექიმი, სხვა სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე, გადაწყვეტილებას 15 დღის ვადაში მიიღებს. ორდღიანი მოსაფიქრებელი პერიოდის გასვლის შემდეგ, პაციენტმა სასიკვდილო პრეპარატი თავად უნდა მიიღოს. ამას ფიზიკურად თუ ვერ შეძლებს, პრეპარატის შეყვანას ექიმი ან ექთანი უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება და მოთხოვნა კვლავ პაციენტისგან მომდინარეობს, რაც ამ პროცედურას ევთანაზიისგან განასხვავებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, პროცედურის ჩატარების დღეს ექიმმა კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, რომ პაციენტი გადაწყვეტილების განხორციელებას კვლავ საკუთარი ნებით ეთანხმება.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო საბჭოს კანონის რამდენიმე ასპექტის შემოწმება სთხოვა, მათ შორის ორდღიანი მოსაფიქრებელი ვადის, რომელიც, ოპონენტების აზრით, პაციენტისთვის საკმარისი არ არის, ასევე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირების მიერ თანხმობის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობის საკითხი.
„ბიბისის“ ცნობით, საფრანგეთში სიცოცხლის ნებაყოფლობით დასრულების საკითხი წლების განმავლობაში მწვავე პოლიტიკური დებატების საგანი იყო. კანონპროექტს კათოლიკური ეკლესია და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი ეწინააღმდეგებოდნენ. მედიის ინფორმაციით, ამჟამად სიცოცხლის ნებაყოფლობით დასრულება ან ევთანაზია ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია ლეგალური, მათ შორის ნიდერლანდებში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ესპანეთსა და შვეიცარიაში.

