თუმცა ამ ანალიზში მეორე კადრიც არსებობს და ის სრულიად განსხვავებულ ამბავს გვაუწყებს – გული, თურმე, ისევ ფეთქავს, თანაც საკმაოდ კარგად. ევროკავშირი „შფოთვებით აღსავსე მსოფლიოში სტაბილურობის კუნძულად“ ასე ბევრ ევროპელს 2018 წლის შემდეგ არ მიუჩნევია. მოკლედ რომ ვთქვათ, მსოფლიოს მიმართ შიში ევროპელებს უფრო ევროპელებად აქცევს.
თუ საკითხს სიღრმისეულად შევხედავთ, ეს შეფასება გასაკვირი სულაც არ არის. ევროპა ომის შიშისგან იშვა და მშვიდობის დაპირებაზე აშენდა. როდესაც მსოფლიო კვლავ საშიში ხდება, მოქალაქეები ამ საწყის დაპირებას ინსტინქტურად უბრუნდებიან.
ევროპა, როგორც თავშესაფარი
მოქალაქეები ევროკავშირისგან დაცვას ელიან. მათი სურვილია, რომ ევროკავშირმა ერთ ხმაში ისაუბროს და მეტი სამოქმედო რესურსი ჰქონდეს.
თუმცა, მაშინ როცა მოქალაქეები ხელისუფლებებს „მეტი ევროპისკენ“ მოუწოდებენ, თავად მთავრობები გადასახდელ თანხაზე ვაჭრობენ. მომავალი ბიუჯეტისთვის, რომელიც 2028 წლიდან 2034 წლამდე პერიოდს მოიცავს, მაგიდაზე ორი ტრილიონი ევრო დევს და დედაქალაქებმა უკვე მოიმარჯვეს „ცული“ ხარჯების შესაკვეცად. უფრო ამბიციური ევროპა ყველას სურს, ოღონდ იმ პირობით, თუ ხარჯებს მეზობელი ქვეყნები დაფარავენ.
იგივე ვითარებაა საერთაშორისო ასპარეზზეც. მოქალაქეები ითხოვენ ევროპას, რომელსაც საერთაშორისო სამართლის დაცვა შეუძლია. ამ საკითხში წინააღმდეგობა განსაკუთრებით თვალშისაცემია, როდესაც საქმე ახლო აღმოსავლეთს ეხება. ოცდაშვიდი წევრი ქვეყანა კვლავ ვერ თანხმდება ისრაელთან ასოცირების შეთანხმების თუნდაც ნაწილობრივ შეჩერებაზე. ისინი ასევე გაყოფილნი არიან ისრაელის დასახლებებიდან შემოსული პროდუქციის წინააღმდეგ სანქციების საკითხშიც. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ისრაელმა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და ამაზე რეაგირება არავის მოუხდენია.
პაციენტები ძლიერ ევროპას ითხოვენ, ექიმები კი მკურნალობის კურსზე კვლავ ვერ თანხმდებიან.
დიდი პარადოქსი
ეს არ არის ერთადერთი პარადოქსი ამ კვლევაში.
ევროკავშირისადმი ევროპელების მხარდაჭერა ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა და, ამის მიუხედავად, ევროსკეპტიკური პარტიები პოზიციებს მაინც იმყარებენ. ერთი შეხედვით, ეს დამაბნეველია. რეალურად კი, ეს აღარ არის ძველი ფორმისა და შინაარსის დებატები, რადგან ულტრამემარჯვენეებმა მიდგომა შეცვალეს. მარინ ლე პენის „ფრექსიტი“ (Frexit) და ხეერტ ვილდერსის „ნექსიტი“ (Nexit) წარსულს ჩაბარდა. ეს სლოგანები გაქრა, რადგან ისინი საზოგადოებას აშინებდა. ახალი მიზანი უფრო ფარული და დახვეწილია: საუბარი აღარ არის ევროკავშირიდან გასვლაზე, ამის ნაცვლად, აქცენტი მისი სტრუქტურის შეცვლაზე კეთდება – ულტრამემარჯვენეებს ევროპის შიგნიდან ტრანსფორმაცია სურთ.
როდესაც საქმე იმიგრაციას ეხება, ეს სტრატეგია ამართლებს. ულტრამემარჯვენეებმა გაიტანეს მკაცრი პოზიცია, რომელიც სულ რაღაც ხუთი წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა, დღეს კი დომინანტურ ხაზად არის ქცეული. ევროპა იქცა სათამაშო მოედნად მათთვის, ვისაც სულ ცოტა ხნის წინ მისგან დისტანცირება სურდა.
რას გვეუბნება „ევრობარომეტრი“
„ევრობარომეტრის“ ეს ბოლო ანგარიში, მთლიანობაში, შესაძლოა, სიყვარულის ისტორიასაც გვიყვებოდეს. ეს არის ურთიერთობა, რომელიც თანაბრადაა დაფუძნებული როგორც შიშზე, ისე ნდობაზე. ეროვნული საზღვრების მიღმა არსებული საფრთხეების წინაშე მოქალაქეები ევროკავშირისგან ელიან დაცვას, რომელსაც ცალკე აღებული ვერცერთი სახელმწიფო დამოუკიდებლად ვეღარ უზრუნველყოფს. ეს ევროპისთვის ისტორიული შესაძლებლობაა.
თუმცა, ეს ხაფანგიც არის: რაც უფრო დიდია მოლოდინი, მით უფრო სასტიკი იქნება იმედგაცრუება, თუ ევროპა ამ მოლოდინს ვერ გაამართლებს. სიყვარულის ისტორია შესაძლოა სწრაფად გადაიქცეს ტრაგედიად, რომლის დროსაც ულტრამემარჯვენეებს, ახალი ამომრჩევლების მოსაზიდად, საკუთარი ევროსკეპტიციზმის შენიღბვაც კი აღარ დასჭირდებათ.
სტატიის ავტორი: ოლივერ ჰანრიონი, ბელგიის ფრანგულენოვანი ტელე-რადიომაუწყებელი (RTBF (Radio-télévisionbelgedelaCommunauté française)
ფოტოს ავტორი: ბელგიის ფრანგულენოვანი ტელე-რადიომაუწყებელი (RTBF)

