თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დოჰაში დაგეგმილ მოლაპარაკებებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი მრჩეველი, ჯარედ კუშნერი დაესწრებიან. შეხვედრა 30 ივნისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.
„დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიმდინარე კვირაში დოჰაში გაემგზავრებიან მაღალი დონის შეხვედრებზე დასასწრებად, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთგაგების მემორანდუმის განხილვას. ამ მაღალი დონის მოლაპარაკებების პარალელურად, ტექნიკური მოლაპარაკებებიც გაგრძელდება“, – განაცხადა ლევიტმა.
მისივე თქმით, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს.
„რაც ჩვენ გვეხება, ჩვენ ვასრულებთ ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. ძალადობას ძალადობით უპასუხებენ. იყო თავდასხმები კომერციულ გემებზე, რასაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, უპასუხა და ეს გაგრძელდება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამის საჭიროება აღარ იქნება. პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, სურს, რომ სამშვიდობო პროცესი გაგრძელდეს. ირანელებისთვის საუკეთესო იქნება, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რადგან პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ არ ეშინია ჩვენი სამხედრო ძალის გამოყენების“, – განაცხადა ლევიტმა.

