საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს სტუ-ის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის პროფესორებს – მერაბ ახობაძეს და გია სურგულაძეს სტუ-ის ოქროს მედლები, ხოლო პროფესორებს – რევაზ კაკუბავას, ზურაბ ბოსიკაშვილს, შოთა ზაზაშვილს, ომარ შამანაძეს, ნოდარ აბელაშვილს, ბესარიონ შანშიაშვილს, მზია ცირეკიძეს, მანანა ჩიხრაძესა და სიმონ ხოშტარიას სტუ-ის საპატიო დიპლომები აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადაეცათ.
როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, დაჯილდოებული პროფესორები წლების განმავლობაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ემსახურებიან უნივერსიტეტს. მისი თქმით, ამ ადამიანებმა აღზარდეს მრავალი ღირსეული თაობა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წარმატებაში.
„რეალობაა რომ ინფორმატიკა ეკონომიკის, განათლების, მრეწველობისა და სახელმწიფო მართვის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. სწორედ ამ სფეროში შექმნილი ცოდნა და ინოვაციები განსაზღვრავს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს და მომავალ განვითარებას.
ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების წვლილი ამ პროცესში განსაკუთრებულია. ისინი ქმნიან ცოდნას, ავითარებენ სამეცნიერო სკოლებს, ასწავლიან სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიურ აზროვნებას და მათ აძლევენ შესაძლებლობას იყვნენ კონკურენტუნარიანები როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სივრცეში. გულწრფელ მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის, თავდადებისთვის და იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც უნივერსიტეტის სახელის გაძლიერებას უკავშირდება.
გილოცავთ ამ დამსახურებულ ჯილდოებს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ახალ წარმატებებსა და კიდევ უფრო დიდ სამეცნიერო მიღწევებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული ჯილდო – „ოქროს მედალი”, ქართველი და უცხოელი მეცნიერებს გადაეცემა უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. დაჯილდოებულ პირს, ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გადასცემს.

