ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

შიო მესამე – ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ

15 ივნისს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო მესამის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეების დაჯილდოება.

დამსწრე საზოგადოებას კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა წაუკითხა და მიულოცა მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.

როგორც პატრიარქის სიტყვაში იყო აღნიშნული, თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდებისათვის მყარი სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების მიცემა.

„დღეს მეტად სასიხარულო მიზეზით შევიკრიბეთ. მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს საპატრიარქო განათლების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს „ღირებულებითი განათლების“ კლუბების პროექტს.

ეს შეხვედრა გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ ამ თანამშრომლობით განვლილი გზა, ერთად გავიხაროთ იმ კეთილი ნაყოფით, რომელიც ამ წლების განმავლობაში გაწეულმა შრომამ გამოიღო და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მომავალი თაობების აღზრდის საქმეში გვაკისრია.

თანამედროვე სამყაროში, როდესაც ჩვენ თვალწინ სწრაფად იცვლება საზოგადოებრივი გარემო და ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის ზნეობრივი ღირებულებები, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ადამიანის პიროვნული და საზოგადოებრივი ცხოვრება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდებისათვის მყარი სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების მიცემა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეკლესიის, ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შრომა და ზრუნვა მომავალ თაობაზე. ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ, რომ თავის დროზე სახელმწიფომ ნდობა გამოუცხადა ჩვენს წამოწყებას და დღეს უკვე მჭიდროდ და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით.

სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ ათასობით მოზარდს ეძლევა საშუალება, სასკოლო გარემოში ჩაუღრმავდეს ზნეობრივ და ქრისტიანულ ღირებულებებს და შეძლოს, ცოდნასთან ერთად, ისეთი ღირებულებებით ცხოვრება, როგორებიცაა სიყვარული, პასუხისმგებლობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, თანაგრძნობა და მოყვასზე ზრუნვა. სწორედ ეს იყო პროექტის თავდაპირველი მიზანიც. ამ საქმეში კი თითოეული თქვენგანის მონაწილეობა და თავდადება განსაკუთრებულად ფასეულია, რადგან სწორედ ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ. პროექტი ყოველწლიურად ვითარდება და ძლიერდება. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ მისი შედეგები თვალნათლივ აისახება სასკოლო გარემოზე. ვხედავთ, როგორ იქმნება უფრო ჯანსაღი, თბილი და ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასია. იმედს გვაძლევს ის დადებითი გამოხმაურება და მხარდაჭერა, რომელსაც პროექტის მონაწილეებისგან: მოსწავლეებისგან, პედაგოგებისა და სასულიერო პირებისგან ვიღებთ.

წელს კიდევ ერთი სიახლე გვაქვს: პროექტი ეპარქიებშიც წარმატებით მიმდინარეობს და მომავალი წლიდან მასში ჩართული ეპარქიების სამღვდელოების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მადლობა, გვსურს, გადავუხადოთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის ყველა თანამშრომელს, რომელთაც თავის დროზე სათანადოდ შეაფასეს საპატრიარქოს მცდელობა, მოზარდთათვის უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო ის ღირებულებები, რომლებსაც სამყაროში უდიდესი კაცთმოყვარეობით აღსავსე ქრისტიანული მოძღვრება ქადაგებს. მადლობა პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს, რათა „ღირებულებითი განათლება“ სკოლაში იყოს ის მნიშვნელოვანი საგანი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს სკოლის მოსწავლის ფასეულობებისა და მისი, როგორც ღირსეული და კარგი მოქალაქის ჩამოყალიბებაში. მადლობა ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და პროექტში ჩართულ ყველა სასულიერო პირს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში შრომობენ სკოლებში „ღირებულებითი კლუბების“ დაარსებისა და შედეგიანი ფუნქციონერებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შემდგომ დღეებში მათ გამოავლინეს განსაკუთრებული ერთგულება და სიყვარული ეკლესიის მიმართ. მოგეხსენებათ, უწმინდესის საფლავთან განუწყვეტლივ აღევლინებოდა პანაშვიდები, დაწესებული იყო მორიგეობა, ხოლო დაკრძალვისა და შემდგომი საეკლესიო პროცესების ორგანიზებაში მათ დიდი პასუხისმგებლობითა და თავდადებით მიიღეს მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გულითად მადლობას გიხდით ყველას თავდაუზოგავი მსახურებისა და შრომისთვის, რომელიც გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს სამშობლოს და ეკლესიას მომავალშიც ეყოლება ქრისტეს რწმენის ერთგული, სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებზე აღზრდილი მოქალაქეები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, – ნათქვამია შიო მესამის მისასალმებელ სიტყვაში.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წერს, ამჟამად საქართველოს მასშტაბით 141 სკოლაში 175 კლუბი ფუნქციონირებს, რომლებშიც 4 375 მოსწავლეა ჩართული. პროგრამა ასევე ხორციელდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და უცხოეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდებისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სხვა სასულიერო და საერო პირები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დემოკრატი სენატორები ირანთან მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს ირანისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე შტატებისთვის

დემოკრატი სენატორები ირანთან მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს ირანისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე აშშ-ისთვის.დემოკრატი სენატორების თქმით, არსებული შეთანხმება არ უზრუნველყოფს საკმარის სარგებელს აშშ-ის მოქალაქეებისთვის და აჩენს კითხვებს მისი ეფექტიანობის შესახებ. მათი თქმით, დოკუმენტი უფრო მეტად წარმოადგენს მომავალში შეთანხმების მიღწევის ჩარჩოს, ვიდრე კონკრეტულ და დაბალანსებულ შეთანხმებას.ამასთან, სენატორები აცხადებენ, რომ მემორანდუმი ირანს არ აძლევს საკმარის სტიმულს საბოლოო პირობებზე რეალური შეთანხმების მისაღწევად და შესაძლოა, პროცესის გაჭიანურებას შეუწყოს ხელი.„ვხედავ, როგორ იგებს ირანი ამ მემორანდუმით, მაგრამ ვერ ვხედავ, როგორ ეხმარება ეს რომელიმე ამერიკულ ოჯახს. პრეზიდენტ ტრამპს არასდროს აუხსნია, რატომ ჩავერთეთ ამ ომში, მაგრამ ახლა უკვე აშკარაა, რა დიდი იყო მისი ფასი“, – განაცხადა სენატორმა ელიზაბეტ უორენმა.ამასთან, სენატორმა მარკ უორნერმა განაცხადა, რომ ამერიკა დღეს ნაკლებად ძლიერია, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო.„მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი გამარჯვებას გამოაცხადებს, რადგან ომი ამერიკელებისთვის დანაკარგების თვალსაზრისით კატასტროფაა. ვფიქრობ, ხალხი უკან მოიხედავს და იტყვის, რომ ეს არჩევითი ომი კატასტროფა იყო და ამერიკა დღეს ნაკლებად ძლიერია, ვიდრე ომის დაწყებამდე ვიყავით“, – განაცხადა უორნერმა.

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციები ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და რეპუტაცია შელახონ

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტები ძალის არმქონეა, ქართული მხარე მათ სრულიად იგნორირებას ვერ მოახდენს, რადგან ამ დოკუმენტებით ყალიბდება გარვეული ნარატივები, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას ისახავს მიზნად.„რეზოლუციებს რომ ძალა არ აქვს და ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩვენ ეს უკვე ვნახეთ. როდესაც ეს რეზოლუცია და ანგარიში დამტკიცდა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტზე, მაშინ გაკეთდა ჩვენი განცხადება. გარკვეული ყურადღება დავუთმეთ მათ ძალიან მარტივი მიზეზის გამო. თავად ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ხშირად გვსმენია, რომ ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას ევროპარლამენტის რეზოლუციებს, რომ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის პოლიტიკაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ევროპარლამენტი არის ევროკავშირის ისეთივე ინსტიტუტი, როგორც ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო. შესაბამისად, ჩვენ სრულიად იგნორირებას მათ დოკუმენტებს ვერ გავუკეთებთ იქიდან გამომდინარე, რომ მასში გარკვეული პოლიტიკოსების აზრები აისახება, გარკვეული ნარატივი ყალიბდება. ეს არის სრულიად ტყუილზე, სრულიად ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შელახონ. ამას ძალა არ აქვს, არანაირი პოლიტიკური წონა ამ დოკუმენტებს არ აქვს, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია, თუნდაც სამი ევროპარლამენტარი ასეთი ფორმით ესხმოდეს თავს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას სრულიად უსაფუძვლოდ, სრულიად ტყუილებზე დაფუძნებით და უპასუხოდ დავტოვოთ თუნდაც მათი ასეთი კამპანიები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც, უკვე რამდენი წელიწადია, მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს – დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ვიდეომიმართვას ევროკავშირის გაფართოების საკითხზე.„ქალბატონ რასას ჩვევია ღიად რაღაცების თქმა, რაც ნათელს ჰფენს მთლიანად დამოკიდებულებას ამ პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რისთვის იყო 2022 წელს გააქტიურებული ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. დღევანდელი პროცესი კიდევ უფრო აშკარად აჩვენებს, თუ რამდენად ჰქონდა ინსტრუმენტის ხასიათი 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შეთავაზებას ომში მყოფი უკრაინისათვის და სხვა ქვეყნებისთვის ჩვენს რეგიონში. 2022 წლამდე იყო პერიოდი, როცა ევროკომისიამ საერთოდ გაფართოების პორტფელი ამოიღო კომისიის მანდატიდან და გაფართოების კომისარიც არ ჰყავდათ. ასეთი კომისიაც არსებობდა გასულ წლებში. არ იყო აქტუალური და ომის შემდგომ გახდა აქტუალური ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. ომი იყო საჭირო იმისთვის, რომ ევროკავშირი დაფიქრებულიყო გეოპოლიტიკურ აუცილებლობაზე? რთული აღიარებებია ნამდვილად ქალბატონი რასას მხრიდან, რაც კიდევ უფრო მეტ ანალიზს საჭიროებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუ რისთვის იყენებს ეს ხალხი ევროკავშირის გაფართოებას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოსთვის, როგორც იდეოლოგიური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირთან ჩვენი ისტორიიდან, კულტურიდან, იდენტობიდან გამომდინარე. ეს არის ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არეალი თუ სივრცე, სადაც ვხედავთ ჩვენს თავს. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხი და ამ დროს სხვებისთვის ეს სხვაგვარი ინსტრუმენტი ყოფილა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ცელქი ბავშვები გიყვართ? თუ არ იცელქა ბავშვმა, დაიჩაგრება ცხოვრებაში…“ – შალვა ამონაშვილი

ბავშვთა აღზრდაში ცელქობის როლზე საუბრისას, პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი აღნიშნავს, რომ აქტიური და ცელქი ქცევა, შესაძლოა, ბავშვის მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყოს და ზრდასრულ ასაკში ლიდერული უნარების ჩამოყალიბებასაც შეუწყოს ხელი.„ცელქი ბავშვები გიყვართ? მაგრამ ჯობია, არ იცელქონ, ხომ? აი, თუ არ იცელქა ბავშვმა, დაიჩაგრება ცხოვრებაში. ამბობენ, ცელქობა მომავალი ცხოვრებისთვის მზადებააო. ცელქი ადამიანები რომ გაიზრდებიან, ლიდერები ხდებიან“, - ამბობს შალვა ამონაშვილი.

საქართველოში XII საუკუნის ბრძოლის ხსოვნისადმი მიძღვნილი “რაინდული ციხე-სიმაგრე” შენდება

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ახალი სასტუმრო Sky Castle შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრის ფორმით აშენდება. ამ გადაწყვეტილების უკან მხოლოდ მარკეტინგული იდეა არ დგას - ეს დიდი ისტორიული გამარჯვებისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში საქართველოს მეფის, დავით აღმაშენებლის არმიამ სელჩუკთა ლაშქარი დაამარცხა. სწორედ ამ გამარჯვებამ დაუდო საფუძველი საქართველოს ოქროს ხანას. ბრძოლაში მონაწილეობდნენ ჯვაროსანი რაინდებიც, რომლებიც იერუსალიმიდან ქრისტიანი ძმების დასახმარებლად ჩამოვიდნენ. მათი მარშრუტი აჭარის სანაპიროს გასდევდა - იმავე ტერიტორიას, სადაც დღეს სამშენებლო ჰოლდინგი European Village სასტუმრო Sky Castle-ს აშენებს.პროექტის პრეზენტაცია 16 ივნისს თბილისში გაიმართა."Sky Castle მხოლოდ სასტუმრო არ არის. ეს ისტორიული მემორიალია. ცხრა საუკუნის წინ, 1121 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლაში მეფე დავით აღმაშენებლის სარდლობით ქართველმა მეომრებმა სელჩუკთა არმია დაამარცხეს და საქართველო დაიცვეს, რითაც ქართული ისტორიის ოქროს ხანას ჩაუყარეს საფუძველი. იმ ბრძოლაში ქართველებთან ერთად მხარ-და-მხარ იბრძოდნენ ჯვაროსანი რაინდები, რომლებიც იერუსალიმიდან ქრისტიანი ძმების დასახმარებლად მოვიდნენ. მათი გზა ბრძოლის ველისკენ აჭარის სანაპიროზე გადიოდა. საქართველოსა და ევროპის ამ ისტორიული კავშირის პატივსაცემად ვაშენებთ Sky Castle-ს, რომლის არქიტექტურაც შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეების სტილთან არის დაახლოებული", - განაცხადა European Village-ის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ფარტენაძემ.

„იცი რა აკლდა?!…“ – რას ამბობს კონორ მაკგრეგორი ილია თოფურიაზე

UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურიას მარცხის თაობაზე ისაუბრა. „ილია კარგი ბიჭია, თუმცა ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ეს დაემართებოდა. ვნახე მისი ვარჯიშები და იცი რა აკლდა? 1000 დოლარი უნდა დაედო და თავისი სპარინგ-პარტნიორებისთვის ეთქვა: თუ დამაგდებთ, ეს ფული თქვენია. ისინი მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებდნენ. დიახ, შეცდომები დაუშვა.დაბრუნდება, თუმცა ჯერ სახე უნდა მოიშუშოს, რადგან მძიმე დაზიანებები მიიღო. თოფურია ახლა ძალიან ბნელ წერტილშია და საკუთარ თავში ღრმად უნდა ჩაეძიოს, იმისთვის, რომ ძალები იპოვოს. ვფიქრობ, შეძლებს დაბრუნებას და მე ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ", - განაცხადა მაკგრეგორმა.

ბოლო სიახლეები