აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ვერსალის სასახლეში გამართულ ვახშამზე მოაწერა ხელი. ამის შესახებ „სიენენი“ წერს. როგორც მედია ამერიკელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აღნიშნავს, დონალდ ტრამპმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მანამდე ურთიერთგაგების მემორანდუმს ელექტრონულად მოაწერეს ხელი, თუმცა ახლა დოკუმენტის ფიზიკური, ოფიციალური ვერსიაც გაფორმდა.
„სიენენის“ ცნობით, ირანის მხრიდან კი დოკუმენტს ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა ელექტრონულად მოაწერა ხელი, რაც შეთანხმების პროცესის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს.
ამასთან, ამერიკული მხარის ინფორმაციით, პარასკევს ჯეი დი ვენსის მონაწილეობით ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია კვლავ იგეგმება.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპს ვერსალის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და მისმა მეუღლემ ბრიჯიტ მაკრონმა უმასპინძლეს. ლიდერებმა ისტორიულ რეზიდენციაში სასახლე დაათვალიერეს. ჟურნალისტებს სასახლეში არ უშვებდნენ, თუმცა ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს, როგორ გადაადგილდებოდა ტრამპი სასახლის მდიდრულ დარბაზებში. ტრამპმა განაცხადა, რომ ვერსალში ვახშამზე მაკრონის მიწვევა მიიღო, რადგან ის „ლამაზი ადგილების ფანია“.

