ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

180-დღიანი დიპლომატიური მისია საქართველოში-ირანის ელჩის ანგარიში, გზავნილები და შეფასებები“ 

,,6 თვიანი მუშაობის შესახებ ანგარიში, რომელიც პრესკონფერენციამდე მედიის წარმომადგენლებს გავაცანი
დღეს, საქართველოში უწყვეტი ექვსთვიანი ცხოვრების შემდეგ, მსურს, როგორც „პასუხისმგებლიანმა დიპლომატმა“, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ჩემი ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეხედულებები.
საქართველო ირანისთვის მხოლოდ გეოგრაფიული არეალი არ არის სამხრეთ კავკასიის რუკაზე; საქართველო ირანისთვის ისტორიული, ცივილიზაციის მაფორმირებელი იდენტობა და ირანის ზეგანის მეზობლად მდებარე უძველესი ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, რომლის არქეოლოგიური და ისტორიული მემკვიდრეობა მთელი სამი ათასი წლის განმავლობაში დოკუმენტურად და თვალსაჩინოდ უკავშირდებოდა ირანს. ამ ხნის განმავლობაში, ყველა აღმავლობისა თუ დაღმასვლის, სიმწარისა თუ სიხარულის მიუხედავად, ორ ერს შორის ურთიერთობები მუდმივად გრძელდებოდა.
ამ კავშირის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის დღესაც ყველაზე მეტი სპარსული სიტყვა ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოიყენება.
ანალოგიურად, სიტყვა გორჯი -„ქართველი“ ირანში მხოლოდ საქართველოს აღმნიშვნელად არ აღიქმება; ის ერთგვარი ბრენდია, რომელიც ადამიანების სახელებში, ტოპონიმებსა თუ ზოგიერთ პროდუქტის აღსანიშნავად გვხვდება და სრულიად ნაცნობ მნიშვნელობას ატარებს. ჩვენი ბავშვები ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში ეცნობიან იმას, რასაც დღეს ირანში „ქართული ბისკვიტი“ ეწოდება.
ირანის მრავალ ქალაქში შეხვდებით სახელწოდებებს, როგორიცაა „გორჯი ბაზარი“ — მაგალითად, თავრიზის ბაზრის ერთ-ერთი ნაწილი — ან „გორჯი მაჰალე“ (ქართული უბანი). ეს ის ადგილებია, სადაც ქართველები სახლდებოდნენ და ხელს უწყობდნენ სავაჭრო, ეკონომიკურ და სასოფლო-სამეურნეო ურთიერთობების განვითარებას.
დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისში (პარლამენტში) წარმოშობით ქართველ ირანელებს საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ და ისინი ოფიციალურად მონაწილეობენ ირანის საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებაში.
სამშობლოს დაცვისას და ამერიკის შეერთებული შტატების თავდასხმების პერიოდში, წარმოშობით ქართველ ირანელთა საზოგადოებიდან არაერთი დაიღუპა მოწამეობრივად. მათი უკვდავი სახელები სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის გმირების ბრწყინვალე სიაში. ისინი, ისევე როგორც მათი წინაპრები, თავგანწირვით იცავდნენ ირანს — მაგალითად, იმამყული-ხან უნდილაძე ჰორმუზის სრუტის დაცვისას და ალექსანდრე ბატონიშვილი ირან-რუსეთის ომების დროს. ასევე, ისეთი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ ალაჰვერდი-ხანი არქიტექტურაში, შაიეგანი ფილოსოფიასა და აზროვნებაში, და ნასრი ხელოვნებასა და კულტურაში, ჩვენს თანამედროვე ისტორიაში წარმოშობით ქართველ ირანელთა საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან.
ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ამ 180 დღეშიც შეუფერხებლად გრძელდებოდა, განსაკუთრებით ირანის მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურების გაწევის მიმართულებით — როგორც საქართველოში მცხოვრები მცირერიცხოვანი თანამემამულეებისთვის, ასევე მრავალრიცხოვანი ტურისტებისთვის.
ამ 180 პერიოდის განმავლობაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო კონსტრუქციულ კონტაქტსა და თანამშრომლობაში იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათ ირანის მდგომარეობისა და პოლიტიკის დეტალებს აცნობდა. საქართველო განიხილებოდა არა როგორც შორეული, არამედ როგორც საერთო გეოგრაფიული, ცივილიზაციური და კულტურული სივრცე, რომელიც მუდმივად იყო ყურადღებისა და განსაკუთრებული ინტერესის საგანი.
ამ ყურადღებისა და ინტერესის ფარგლებში, საქართველოში — ისევე როგორც ირანის სხვა მეზობელ ქვეყნებში — განხილვისა და კონსულტაციების საგანი გახდა მოვლენების სრული სურათი, გადადგმული ნაბიჯები, პოლიტიკა, საომარი ვითარება და სამშობლოს დაცვის საკითხები.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიეწოდათ ზუსტი ინფორმაცია ჰორმუზის სრუტეზე ირანის სუვერენიტეტის განხორციელების მექანიზმების შესახებ. ასევე, დიპლომატიური არხების მეშვეობით მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, და მრავალი სხვა სახელმწიფოს პასუხისმგებელ პირებს გადაეცათ დეტალური ინფორმაცია ირანის მოწინააღმდეგე ძალების, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების შესახებ, რომლებიც ირანის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიასაც იყენებდნენ.
ნება მომეცით აღვნიშნო: ირანმა საკუთარი ეროვნული ძალების იმედად, დამოუკიდებლად დაიცვა თავისი ტერიტორია ისეთ პირობებში, როდესაც ქართული საზოგადოებრივი აზრი — როგორც პოლიტიკური ხელისუფლების, ისე საზოგადოების დონეზე — ღიად გამოხატავდა აღშფოთებას ირანის მიმართ ჩადენილი უსამართლობის გამო.
ამ პერიოდში მრავალი ჟურნალისტი ცდილობდა საკუთარი მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით დაეგმო აგრესორების ქმედებები, რითაც აჩვენებდა ერთგულებას სამართლიანობისა და ეთიკურობის პრინციპების მიმართ.
ამ პროცესში ქართულმა მედიამ და მისმა საინფორმაციო საქმიანობამ მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული როლი შეასრულა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში. ამისათვის, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, გულწრფელ მადლობას ვუხდი იმ გამოცემებსა და მედიასაშუალებებს, რომლებმაც სამართლიანად და პროფესიული ეთიკის დაცვით იმუშავეს საკუთარი ხალხისა და პასუხისმგებელი პირების ინფორმირების მიზნით.
ამ პასუხისმგებლიანი და დამოუკიდებელი მედიაგარემოს პარალელურად, სამწუხაროდ, არსებობდნენ და დღესაც არსებობენ ისეთი მედიასაშუალებები, რომლებმაც რეალობის უგულებელყოფით არარეალური ნარატივების შექმნა არჩიეს. მაგალითად, მაშინ როდესაც თავად ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღიარეს სკოლაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა და აშშ-ის სენატსა და კონგრესში სამხედრო მეთაურები და თავდაცვის მინისტრი ამ აშკარა დანაშაულის გამო, დაკითხვისა და კრიტიკის ობიექტები გახდნენ, რამდენიმე მედიასაშუალებამ ეს აშკარა და დადასტურებული ფაქტი საკუთარი მაყურებლების წინაშე უარყო.
მათ მოგვმართეს იმ დღეს, როდესაც თავდასხმების მსხვერპლთა — საცხოვრებელ რაიონებზე თავდასხმის შედეგად დაღუპული წარმოშობით ქართველი მოწამეების — სამძიმრის წიგნი გაიხსნა, თუმცა საკუთარი დიასპორის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი არც დაუტოვებიათ და გულგრილად მოეკიდნენ წარმოშობით ქართველ ირანელთა ადამიანურ ტკივილს, დაუსაბუთებელი კითხვებითა და არადოკუმენტირებული ნარატივების შექმნით წარმოაჩინეს საკუთარი არაპროფესიონალიზმი და არაეთიკურობა.
მიუხედავად ამისა, დღეს კმაყოფილებით ვაცხადებთ, რომ დიალოგის კარი საქართველოს მედიის ამ ნაწილისთვისაც არ დაგვიხურავს.
გასული 180 დღის განმავლობაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო გულწრფელად ცდილობდა, თანამედროვე ირანის პოლიტიკა და მიდგომები პასუხისმგებლობითა და ყოველგვარი მცდარი პროპაგანდის გარეშე გაეზიარებინა საქართველოს მოსახლეობისთვის, პირდაპირი კომუნიკაციის გზით.
საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში; როგორც ოფიციალურ გარემოში, ისე ყოველდღიურ საზოგადოებრივ სივრცეებში, და მუდმივ კონტაქტსა და დიალოგში იყვნენ საქართველოს მოქალაქეებთან.
ამ ნახევარწლიანი ურთიერთობების მთავარი მიზანი ქართველი ხალხის უკეთ გაცნობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.
ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ მრავალი სიკეთე, მხარდაჭერა და ფასდაუდებელი თანაგრძნობა. გარკვეული სირთულეებისა და არასასიამოვნო მოვლენების წინაშე კი მოთმინებისა და შემწყნარებლობის პოლიტიკა ავირჩიეთ.
დღეს გვახარებს, რომ ირანის დიპლომატიამ საქართველოში დაამტკიცა: რომ მას შესწევს უნარი გასცდეს საელჩოს კედლებს და პირდაპირი კონტაქტი და დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან. გვახარებს, რომ ქართველმა ხალხმა ირანთან ურთიერთობაში, კონსტრუქციული მოსაზრებების გამოხატვითა და ღრმა ეთიკური და სოციალური გაგების გამოვლენით, თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოხატა.
ეს არის უდიდესი კაპიტალი ორი ერისთვის, რომლებიც ათასობით წლის განმავლობაში ერთმანეთთან თანაცხოვრობდნენ და საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებდნენ. ისინი ერთმანეთის გვერდით იდგნენ როგორც სიხარულში, ისე მწუხარებაში, გმობდნენ ისტორიის ტირანებისა და მჩაგვრელების ქმედებებს და მომავლისკენ იმედით იყურებიან.
ძვირფასო ქართველო ხალხო,
როდესაც ექვსი თვის წინ ჩემი მისია საქართველოში დაიწყო, ირანი იყო ქვეყანა, რომელმაც ისლამური რევოლუციის პირობებში, ორათას ხუთასწლოვანი სამეფო მმართველობის ღირებულებებისა და მმართველობის მოდელის გვერდზე გადადებით, ჩამოაყალიბა რესპუბლიკა, რომელიც ეფუძნება ხალხის მონაწილეობასა და მათი თავისუფალი, პირდაპირი არჩევანის უფლებას.
ირანის ისლამური რესპუბლიკის 47-წლიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც ირანელი ხალხის არჩევანის შედეგად ჩამოყალიბდა და რომელმაც უარი თქვა მონარქიული სისტემების ქედმაღლურ და დესპოტურ ქცევაზე, აშენდა ქვეყანა, რომელმაც გაუძლო პირდაპირ საგარეო აგრესიას, მრავალშრიან სანქციებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველდღიურ მუქარებს, და ამ ყველაფრის მიუხედავად, ღირსება შეინარჩუნა.
ამ ორმოცდაშვიდი წლის განმავლობაში ირანმა, საკუთარი შიდა შესაძლებლობების, რესურსებისა და ეროვნული პოტენციალის გამოყენებით (რომელსაც დღეს თავად ხედავთ), შეიძინა უნარი, რომელიც საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა მსოფლიოს უდიდესი არმიისგანაც კი (რომელსაც ბირთვული იარაღი გააჩნია), ასევე ისეთი რეჟიმისგან, რომელიც არ ემორჩილება არც მორალურ პრინციპებს და არც ჰუმანურ ღირებულებებს.
ისეთი რეჟიმი, როგორიც ისრაელია, რომელმაც ღაზაზე თავდასხმითა და თითქმის სამოცდაათი ათასი უდანაშაულო ადამიანის მასობრივი მკვლელობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიის ფხიზელი თვალებისა და მდუმარე ენების წინაშე, აგრეთვე მუსლიმთა და ქრისტიანთა წმინდა ადგილებზე თავდასხმებითა და მისი ჯარისკაცების მიერ ქრისტეს ქანდაკებების შეურაცხყოფითა და ეკლესიებში ცეკვითა და ზეიმით, აჩვენა, რომ თვით თორას ღირებულებებსაც უგულებელყოფს.
ირანი არის ქვეყანა, რომლის სიძლიერე და ღირსება არ გამომდინარეობს რომელიმე მსოფლიო ძალის მხარდაჭერიდან ან მისი ორბიტის ნაწილად ყოფნიდან; ეს სიძლიერე მომდინარეობს საზოგადოებრივი საფუძვლიდან. იმ ხალხისგან, რომელიც ას დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იდგა ქუჩებსა და მოედნებზე ისრაელისა და აშშ-ის სასტიკი თავდასხმების პირობებში (რომლებიც თავიანთი სამხედრო ოპერაციებისთვის მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცეს იყენებდნენ). იმ ხალხისგან, რომელიც ეროვნული დროშის ფრიალით ერთდროულად უჭერდა მხარს როგორც დიპლომატიას, ისე ბრძოლის ველს.
თუ აშშ, ქვეყანა, რომელიც დაუსრულებელ ომებშია ჩართული, ფიქრობს, რომ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა განსაზღვრავს შედეგს, ირანი დაანახებს, რომ მშვიდობის გეოგრაფიას რაკეტები მოხაზავენ.
ამ პირობებში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 180 დღის საქმიანობის მიზანი იყო განეხორციელებინა განმარტებითი და განმსაზღვრელი პოლიტიკა საკუთარი პოზიციებისა და პრინციპების შესახებ. პოლიტიკა, რომელიც აჩვენებდა, თუ რა მიღწევები მოიტანა ირანის შესაძლებლობებმა ამ წლების განმავლობაში ტექნოლოგიის, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების, კულტურისა და სპორტის, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში.
შემთხვევითი არ არის, რომ მთელი ომის განმავლობაში არც ბენზინის ფასი გაზრდილა ოთხმოცდათხუთმეტი მილიონი ირანის მოქალაქისთვის და არც ერთი საცხობი არ დახურულა. უფრო მეტიც, არც ერთი გზა, რომელიც აგრესორი ძალების უსირცხვილო თავდასხმების შედეგად დაზიანებული სატრანზიტო ან ურბანული ინფრასტრუქტურის ნაწილს უკავშირდებოდა, არ დარჩენილა ჩაკეტილი.
ამ ას ოთხმოცი დღის განმავლობაში ირანმა აჩვენა, რომ დაამტკიცა საკუთარი თავდაცვითი ძალა და აღარ წარმოადგენს მხოლოდ „წერტილს გეოგრაფიულ რუკაზე“, რომლის განადგურება ან იგნორირება შესაძლებელია. ირანმა აჩვენა, რომ არის ქვეყანა-ცივილიზაცია, რომელიც წარმოადგენს მეოთხე საყრდენს ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული, პასუხისმგებლიანი, მამაცი და საკუთარ ძალებზე დაყრდნობილი ძალის წარმოსაჩენად.
ირანმა ამ ომში ნათლად აჩვენა, რომ მიუხედავად ორმოცდაშვიდწლიანი ძალისხმევისა კეთილმეზობლური ურთიერთობების შესანარჩუნებლად, თავშეკავებას ინარჩუნებდა იმ პირობებშიც კი, როდესაც სადამ ჰუსეინის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული რვაწლიანი ომის დროს ზოგიერთი მეზობელი ქვეყანა ღიად უჭერდა მხარს ისეთ აგრესორს, როგორიც სადამ ჰუსეინი იყო. ამავე მეზობლებმა 1990-იან წლებში, როდესაც სადამმა მათ ტერიტორიებზეც განახორციელა თავდასხმა, საკუთარი მცდარი გათვლების შედეგი საკუთარ თავზე იწვნიეს.
სამწუხაროდ, ბოლო ორი ომის განმავლობაში მათი საჰაერო სივრცე და ხმელეთი აგრესორის სამხედრო ძალების, სადაზვერვო სტრუქტურებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის თავმოყრის ადგილად იქცა.
ამ ვითარებაში ირანს აღარ სურს, შემწყნარებლობისა და თავშეკავების პოლიტიკის ფარგლებში დაუშვას, რომ მისი სამეზობლო გარემო გადაიქცეს პლაცდარმად, საიდანაც დარტყმები განხორციელდება ირანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, დიპლომატიური გზავნილების მეშვეობით მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მათ შორის მეზობელი რეგიონის ფარგლებს გარეთ მდებარე სახელმწიფოებსაც, მკაფიოდ განუცხადა: „ირანის მტრების მხარდაჭერა და მათთვის მოქმედების შესაძლებლობების შექმნა უპასუხოდ არ დარჩება.“
შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ამ გზავნილის მიღების შემდეგ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ საკუთარი საჰაერო სივრცე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დახურა და მკაფიოდ და კატეგორიულად განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებდა.
ქვეყნებმა, რომლებსაც ძლიერი ეროვნული არმიები ჰყავთ, ასევე უარი განაცხადეს საკუთარი აკვატორიის, ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის გამოყენების შესაძლებლობის მიცემაზე აგრესორი სახელმწიფოებისთვის.
გვინდა ამ მეზობელ სახელმწიფოებს პირდაპირ შევახსენოთ: აგრესორების ის ბაზები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მდებარეობს და საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას, ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ლეგიტიმური თავდაცვის უფლების ფარგლებში სამიზნე გახდება.
დღევანდელი ირანი საკუთარ ეროვნულ ძალას ეყრდნობა. თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ. ირანის ისლამურ რესპუბლიკას არც ჰქონია და არც აქვს იმპერიად ქცევის სურვილი.
დღეს ჩემი ქვეყანა წარმოადგენს რესპუბლიკას, რომელიც ეფუძნება ხალხის პირდაპირ ნებას, და რომელიც საარჩევნო პროცესებისა და კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში გააგრძელებს საკუთარ გზას”-ირანის ელჩმა ალი მოჯანმა ამის შესახებ ირანის საელჩოში გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ფრენებს რუმინული ავიაკომპანია DAN AIR-ი, ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.„ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია ფრენებს განახორციელებს პირველი ივლისიდან 24 ოქტომბრამდე, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 ივნისს მიანიჭა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირანის ელჩი – ​ჰორმუზის სრუტე როდესაც დახურულია, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის საჭირო პროდუქციის მიწოდება მისი გავლით მოხდეს

ყველანაირად შევეცდები, რომ ირანსა და საქართველოს შორის საქართველოსთვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თანაბარი გახდეს, რომ საქართველოდანაც ბევრი პროდუქცია შევიდეს ირანულ ბაზარზე, – ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ ირანის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.კითხვაზე, როგორი სახის თანამშრომლობას გეგმავს ირანის საქართველოსთან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ირანელმა დიპლომატმა უპასუხა, რომ თანამშრომლობა და სამომავლო პროგრამები დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები, შეჩერდება თუ არ ომი ირანის წინააღმდეგ.„ირანი 180 დღეზე მეტია, აგრძელებს წინააღმდეგობას და იბრძვის აგრესორების წინააღმდეგ. გუშინ, როდესაც ამერიკამ იერიში მიიტანა ირანის ერთ-ერთ პორტში არსებულ წყლის რეზერვუარზე, ჩვენ ამის შემდეგ საავიაციო თავდასხმები განვახორციელეთ რეგიონის ქვეყნებში არსებულ ამერიკის სამხედრო ბაზებზე, ავიაბაზაზე და ისიც ცნობილია, რამდენი სამხედრო თვითმფრინავი გამოვიდა მწყობრიდან. ეს ომი თუ გაგრძელდება, საელჩოს შემდგომი მუშაობა გარკვეულწილად დამოკიდებული იქნება ამ პროცესზე. თუმცა, ეს არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის საელჩოს ჩვეულებრივ მუშაობასთან. მე და საელჩოს თანამშრომლები გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას, იქნება ეს სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურის მიმართულებით თუ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. ბატონ პრეზიდენტს როდესაც გადავეცი რწმუნებათა სიგელი, მას განვუცხადე, რა პრიორიტეტები მაქვს დასახული. ეს პრიორიტეტებია: ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ტრანზიტული, სამეცნიერო და კულტურის სფეროში თანამშრომლობა. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, ეს ჩვეულებრივ გაგრძელდება“, – აღნიშნა ალი მოჯანიმ.ირანის ელჩის განცხადებით, სავაჭრო მიმართულებით არის გარკვეული გამოწვევები, რადგან, სამწუხაროდ, სავაჭრო ბალანსი ორ ქვეყანას შორის არ არის თანაბარი და საქართველოსთვის ყოველთვის უარყოფითია.„მე ყველანაირად შევეცდები, სავაჭრო ბალანსი თანაბარი გახდეს, რომ საქართველოდანაც ბევრი პროდუქცია შევიდეს ირანულ ბაზარზე. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გადაზიდვების სფეროში. გასული წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტმა ქართველმა გადამზიდავმა გამოიყენა ირანის ტერიტორია სხვადასხვა ქვეყნიდან ტვირთების გადასაზიდად. ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს და ხელს შევუწყობთ, რომ უფრო მეტად იყოს გამოყენებული ირანული პოტენციალი, რათა ქართველმა გადამზიდავებმა უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვა შეძლონ. საზღვაო გადაზიდვები როდესაც გართულებულია, გამომდინარე უკრაინის ომიდან, შავ ზღვაში არსებული მდგომარეობა, ასევე, სპარსეთის ყურე და ჰორმუზის სრუტე, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სახმელეთო გადაზიდვები. ამ მხრივ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და ხელი შევუწყოთ სახმელეთო გადაზიდვების განვითარებას“, – აღნიშნა ირანის ელჩმა.სეიედ ალი მოჯანიმ ასევე ისაუბრა ახალი დერეფნების განვითარების მნიშვნელობაზე.„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი, რაც გამოიკვეთა, არის ინდოეთის მიმართულება. შექმნილია სამმხრივი სამუშაო ჯგუფი: ინდოეთი, ირანი, სომხეთი და ეს სამუშაო ჯგუფი მუდმივ რეჟიმში მუშაობს და ამ ჯგუფის მუშაობა საკმაოდ უწყობს ხელს სომხეთის ეკონომიკის განვითარებას. ინდოეთი არის ძალიან დიდი, ერთ მილიარდიანი ბაზარი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ 40-მილიონიანი ერაყი, რომელიც მალე, შესაძლოა, 80 მილიონი გახდეს და ირანული 95-მილიონიანი ბაზარი. შესაბამისად, როდესაც ჰორმუზის სრუტე არის დახურული, სპარსეთის ყურის ქვეყნებს სხვა ალტერნატიული გზები თითქმის არ აქვთ, რომ მათთვის საჭირო პროდუქცია მიიღონ. ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა აქვს საქართველოს, რომ მისი გავლით მოხდეს მათთვის ტვირთების მიწოდება. ასე რომ, მომდევნო 180 დღე, შეიძლება ითქვას, ძალიან დატვირთული გვექნება იქიდან გამომდინარე, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბალანსის გათანაბრებისთვის“, – აღნიშნა ირანის ელჩმა.ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, ირანი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.„რატომ არ დავუჭირეთ მხარი გაერო-ს რეზოლუციას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ლტოლვილების დაბრუნებასთან დაკავშირებით? მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კენჭისყრაში საერთოდ არ მიგვიღია მონაწილეობა და ეს განსხვავებული პოზიციაა, ვიდრე მხარის არდაჭერა. არის, ასე ვთქვათ, ნაცვალგების პრინციპი. საქართველოს მხარე გარკვეულ რეზოლუციებზე კენჭისყრაში არ მონაწილეობს და ანალოგიურად, ამ კენჭისყრის დროს ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ სხვადასხვა დროს აფხაზეთიდან და სხვა რეგიონიდან ქართველ ლტოლვილებს ყოველთვის დავეხმარეთ“, – განაცხადა ირანის ელჩმა.

ნიკა გვარამია – ტექნიკური თვალსაზრისით „ქართული ოცნება“ გასულია რეალობიდან – ევროპული ბიუროკრატიის იმედი მაქვს, რომელიც ნელა მუშაობს, რომ ვერ მოასწრებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას,...

მაკა ბოჭორიშვილი ჩავა იმით, რომ კიდევ ახალი პოლიტიკური პატიმრები ეყოლებათ თუ ევროპა კარგად არ მოიქცევა, სხვა რით უნდა ჩავიდეს მაკა ბოჭორიშვილი, თავისი ძვირიანი ტანსაცმლის გარდა? - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.მისი თქმით, თუ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება, ეს ქართველებისთვის დიდი პრობლემა იქნება.„რეკომენდაციები მარტო დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ხომ არ ეხება? ტექნიკური თვალსაზრისით „ქართული ოცნება“ გასულია რეალობიდან. ევროპას კი არ ვჭირდებით ჩვენ, არამედ ჩვენ გვჭირდება ევროპა, უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით.ჩვენ თუ რეკომენდაციებს არ ვასრულებთ, ევროპას დარდი რატომ უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქე ევროპაში ადვილად ჩავა თუ არა? ჩვენ უნდა გვქონდეს იმის დარდი და ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ ეს არ დავკარგოთ.ევროპული ბიუროკრატიის იმედი მაქვს, რომელიც ნელა მუშაობს, რომ ვერ მოასწრებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ვიდრე ეს ხელისუფლება არის.ეს ყველაფერი პოლიტპატიმრებისა და ტყვეების საქმეებია და ეს ერთიანი სავაჭრო ლოტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გამოაქვს და მაგიდაზე „დაახორაგებს“, რომ მოლაპარაკებები გაიმარტივოს. „შარლ მიშელი 2“ არ გამოვა, პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ყოფნის მუდმივს უფლებას ვერ მოიპოვებს",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.ცნობისთვის, საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სავიზო რეგულაციის თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი და 11 ივნისს საქართველოს მხარეს და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება.აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა.„2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველი 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წევრმა ქვეყნებმა ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც გაძლიერებულ დიალოგს ვუწოდებთ. მისი მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომელმაც შეჩერება გამოიწვია. ამ კონტექსტში, 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

გია ვოლსკი – სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს, ის იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს

სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს. ის იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე.„ნიკა გვარამია ცხარე ცრემლებით ტიროდა, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია სჭირდა, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. სერიოზული კითხვა ჩნდება, ოპოზიციაში რამდენად სერიოზულია დაპირისპირება. მით უმეტეს, საუბარია, ერთი სულისა და საერთო წარსულის, აწმყოს მქონე ადამიანებზე. შესაძლოა, აქციებზე სააკაშვილის ფოტოების გამოჩენამ ის ადამიანები დააფრთხო. შეიძლება, ბევრს არ უნდა, რომ სააკაშვილის იმ წარსულთან იყოს დაკავშირებული, როცა ქვეყნის ტერიტორიები დაიკარგა, ათასობით ადამიანი გაუბედურდა და სადაც ადამიანებს ქუჩაში კლავდნენ, მათ შორის ახალგაზრდებს. სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს. შეიძლება, ეს სხვებისთვის ფაქტორი იყოს, მაგრამ ეს ადამიანები ერთი მიზნისა და ამოცანების მქონე არიან. შეიძლება, ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვის უფრო მეტი დესტრუქციის ძალა აქვს. მათი მიზანია, პატრონებს დაანახონ, აქ ლიდერი ვინ არის და ასევე საზოგადოების ნაწილი მიიმხრონ ექსტრემისტულ პროცესებში. სააკაშვილისგან ახალი რაც ვიხილეთ, არის ვარცხნილობა და ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ისედაც „ნაცმოძრაობის“ შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა. სააკაშვილი იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს.„მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს“, – დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

ელჩი: „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ და საზღვრების ცვლილებას არ ვაღიარებთ“

ის, რომ ჩვენი ქვეყანა ახერხებს მსოფლიოს ზესახელმწიფოს უძლიერესი არმიის შეკავებას ჰორმუზის სრუტეში, ვფიქრობ, მრავლისმეტყველი ფაქტია, – ასე უპასუხა საქართველოში ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ შეკითხვას, რა მექანიზმები აქვს თეირანს სამხრეთ კავკასიაში „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელების წინააღმდეგ?ირანელი დიპლომატის მტკიცებით, თეირანი სამხრეთ კავკასიაში საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას ეწინააღმდეგება.„ირანი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის განვითარებას, რამდენადაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ კავკასიის ქვეყნები არიან ერთგვარი ურთიერთშემავსებლები და ჩვენი ქვეყნების ეკონომიკები ერთმანეთს ეხმარებიან და ავსებენ. ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ, რომ არ დავუშვებთ გეოგრაფიული საზღვრების ცვლილებას და არ აქვს მნიშვნელობა, ეს გეოგრაფიული ცვლილება სად იქნება, საქართველოში, სომხეთში თუ აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ, ირანის ისლამური რესპუბლიკა, თავისი პოლიტიკიდან გამომდინარე, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ესეც მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად და არ დავუშვებთ რეგიონში საზღვრების ცვლილებას. ის, რომ ჩვენი ქვეყანა ახერხებს მსოფლიოს ზესახელმწიფოს უძლიერესი არმიის შეკავებას ჰორმუზის სრუტეში, ვფიქრობ, მრავლისმეტყველი ფაქტია. ზოგადად მიგვაჩნია, რომ თავად რეგიონის ქვეყნების გადასაწყვეტია, რომ მათ უნდა უზრუნველყონ თავიანთი სუვერენიტეტი, დაიცვან ტერიტორიული მთლიანობა და თავიანთი ეკონომიკური განვითარება. ირანი არის საკმაოდ დიდი ფართობის მქონე მეზობელი ქვეყანა კავკასიის ქვეყნებისთვის. საზღვრების და გეოგრაფიის ნებისმიერი ცვლილება არის საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის და, ბუნებრივია, ირანი ამას არ დაუშვებს“, – აღნიშნა სეიედ ალი მოჯანიმ.სეიედ ალი მოჯანიმ ასევე განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, ბოლო ორი ომის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცე და ხმელეთი აგრესორის სამხედრო ძალების, სადაზვერვო სტრუქტურებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის თავმოყრის ადგილად იქცა.„აშშ, ქვეყანა, რომელიც დაუსრულებელ ომებშია ჩართული, თუ ფიქრობს, რომ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა განსაზღვრავს შედეგს, ირანი დაანახებს, რომ მშვიდობის გეოგრაფიას რაკეტები მოხაზავენ“, – აღნიშნა ელჩმა.ამასთან, ალი მოჯანის განცხადებით, ამ ვითარებაში ირანს აღარ სურს, შემწყნარებლობისა და თავშეკავების პოლიტიკის ფარგლებში დაუშვას, რომ მისი სამეზობლო გარემო გადაიქცეს პლაცდარმად, საიდანაც დარტყმები განხორციელდება ირანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.„სწორედ ამიტომ, ირანმა დიპლომატიური გზავნილების მეშვეობით მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მათ შორის მეზობელი რეგიონის ფარგლებს გარეთ მდებარე სახელმწიფოებსაც, მკაფიოდ განუცხადა: „ირანის მტრების მხარდაჭერა და მათთვის მოქმედების შესაძლებლობების შექმნა უპასუხოდ არ დარჩება“. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ამ გზავნილის მიღების შემდეგ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ საკუთარი საჰაერო სივრცე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დახურა და მკაფიოდ და კატეგორიულად განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ქვეყნებმა, რომლებსაც ძლიერი ეროვნული არმიები ჰყავთ, ასევე უარი განაცხადეს საკუთარი აკვატორიის, ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის გამოყენების შესაძლებლობის მიცემაზე აგრესორი სახელმწიფოებისთვის. გვინდა, ამ მეზობელ სახელმწიფოებს პირდაპირ შევახსენოთ: აგრესორების ის ბაზები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მდებარეობს და საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას, ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ლეგიტიმური თავდაცვის უფლების ფარგლებში სამიზნე გახდება. დღევანდელი ირანი საკუთარ ეროვნულ ძალას ეყრდნობა. თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ. ირანის ისლამურ რესპუბლიკას არც ჰქონია და არც აქვს იმპერიად ქცევის სურვილი“, – აღნიშნა საქართველოში ირანის ელჩმა.

ბოლო სიახლეები