ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უახლოესი მომავლიდან, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ასევე პროფესიული და კვლევითი გამოცდილების შეძენას „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ორგანიზაციებში შეძლებენ.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სტუდენტებისთვის კვალიფიციური განათლების მიღებისა და კარიერული განვითარების მხარდასაჭერად, უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს პარტნიორი ორგანიზაციების წრე გააფართოოს. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ მსხვილი ქსელური ორგანიზაციაა, რომელთანაც სამომავლო ურთიერთობა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმით გაამყარა. დოკუმენტს ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და ცენტრის დირექტორმა არჩილ მამალაძემ მოაწერეს ხელი.

როგორც ვიცე-რექტორმა მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე აღნიშნა, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“, რომელიც საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 21 კლინიკას და 1300-მდე თანამშრომელს აერთიანებს, ამასთან ერთად, მაღალმთიან რეგიონებში სერვისების მიწოდების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს, სამედიცინო პერსონალის გარდა საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური პროფილის სპეციალისტები ესაჭიროება.

პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმების მიზანი, ერთი მხრივ, საინჟინრო მიმართულების სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მათი დასაქმების შესაძლებლობის ზრდა, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტსა და ცენტრს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაა, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვასა და ახალგაზრდა პროფესიონალთა მომზადებას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ქვეყნის წამყვანი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ისეთ ინსტიტუციებთან პარტნიორობა, რომლებიც ახალგაზრდების კარიერული წინსვლის ხელშეწყობას უზრუნველყოფენ.

დღეს ჯანდაცვის სფეროს განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ინჟინერიასთან. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი სამედიცინო ქსელია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალის გარდა, მას ესაჭიროება ახალგაზრდა ქიმიკოსები, ბიოსამედიცინო ინჟინრები, ფიზიკოსები, ქიმია-ბიოლოგიისა და გარემოსდაცვითი ინჟინრები, მშენებლები, ენერგეტიკოსები, არქიტექტორები, ლოგისტები, IT სპეციალისტები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და კომპეტენციებს პრაქტიკულ საქმიანობაში წარმატებით გამოიყენებენ და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.

ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მისიაა, მოამზადოს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, ინოვაციური ხედვის მქონე სპეციალისტები და მკვლევრები. ეს ახალი პარტნიორობა სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ რეალური სამუშაო გამოცდილება, განივითარონ პრაქტიკული თუ კვლევითი უნარები და თავიანთი პროფესიული კარიერა წარმატებით დაიწყონ. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ შორის საფუძველი ჩაეყრება გრძელვადიან, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას, რომელიც სარგებლიანი იქნება სტუდენტებისთვის, ჯანდაცვის სექტორისა და ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის თქმით, ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა აკადემიური და სამეცნიერო ტრადიციებით გამორჩეულ უნივერსიტეტთან, რომელიც კონკურენტუნარიან სპეციალისტებს ამზადებს, გაფორმებული მემორანდუმი კი ცენტრს შესაძლებლობას მისცემს, საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ჩართოს პრაქტიკულ საქმიანობაში. არჩილ მამალაძის განცხადებით, ორგანიზაციის საქმიანობაში ახალგაზრდების ინოვაციური ხედვისა და თანამედროვე კომპეტენციების ინტეგრირება მნიშვნელოვანი რესურსია, რაც „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ შემდგომ განვითარებას ხელს შეუწყობს.

სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე, რომელსაც უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მხარეებმა ასევე განიხილეს სტუდენტთა სტაჟირების, პრაქტიკული სწავლების, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებისა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თამარ იოსელიანი – ბუქარესტი იქნება 42-ე მიმართულება, რომელიც თბილისს ევროკავშირთან დააკავშირებს, ჩვენ ბაზრის დივერსიფიცირებაში დიდ ძალისხმევას ვდებთ

ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ ბაზრის დივერსიფიცირებაში და ქართულ საავიაციო სივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ. ბუქარესტი იქნება რიგით 42-ე მიმართულება, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ევროკავშირთან დააკავშირებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.მისი თქმით, Dan Air არის 50-ე ავიაკომპანია, რომელიც ქვეყნის საავიაციო ბაზარზე შემოდის.„პირველი ივლისიდან ქართულ საავიაციო ბაზარს ახალი საჰაერო ხაზი ემატება. რუმინული კომპანია Dan Air ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს და ორ დედაქალაქს ერთმანეთთან დააკავშირებს. Dan Air არის 50-ე, ასევე მე-17 ევროპული ავიაკომპანია, რომელიც ქვეყნის საავიაციო ბაზარზე შემოდის. ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ქართულ საავიაციო სივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ. ბუქარესტი იქნება რიგით 42-ე მიმართულება, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ევროკავშირთან დააკავშირებს. ჩვენთვის ეს ბაზარი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული მიმართულებაა, რაშიც წლიდან წლამდე დიდ ძალისხმევას ვდებთ, რათა შევინარჩუნოთ მზარდი ტენდენცია, გავაღრმაოთ ხალხთაშორისი თუ ეკონომიკური კავშირები, მოვიზიდოთ მეტი ტურისტი და ავამაღლოთ საქართველოს ცნობადობა ევროპულ ბაზრებზე“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.აღსანიშნავია, რომ Dan Air-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 ივნისს მიანიჭა.

საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ფრენებს რუმინული ავიაკომპანია DAN AIR-ი, ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.„ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია ფრენებს განახორციელებს პირველი ივლისიდან 24 ოქტომბრამდე, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 ივნისს მიანიჭა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირანის ელჩი – ​ჰორმუზის სრუტე როდესაც დახურულია, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის საჭირო პროდუქციის მიწოდება მისი გავლით მოხდეს

ყველანაირად შევეცდები, რომ ირანსა და საქართველოს შორის საქართველოსთვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თანაბარი გახდეს, რომ საქართველოდანაც ბევრი პროდუქცია შევიდეს ირანულ ბაზარზე, – ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ ირანის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.კითხვაზე, როგორი სახის თანამშრომლობას გეგმავს ირანის საქართველოსთან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ირანელმა დიპლომატმა უპასუხა, რომ თანამშრომლობა და სამომავლო პროგრამები დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები, შეჩერდება თუ არ ომი ირანის წინააღმდეგ.„ირანი 180 დღეზე მეტია, აგრძელებს წინააღმდეგობას და იბრძვის აგრესორების წინააღმდეგ. გუშინ, როდესაც ამერიკამ იერიში მიიტანა ირანის ერთ-ერთ პორტში არსებულ წყლის რეზერვუარზე, ჩვენ ამის შემდეგ საავიაციო თავდასხმები განვახორციელეთ რეგიონის ქვეყნებში არსებულ ამერიკის სამხედრო ბაზებზე, ავიაბაზაზე და ისიც ცნობილია, რამდენი სამხედრო თვითმფრინავი გამოვიდა მწყობრიდან. ეს ომი თუ გაგრძელდება, საელჩოს შემდგომი მუშაობა გარკვეულწილად დამოკიდებული იქნება ამ პროცესზე. თუმცა, ეს არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის საელჩოს ჩვეულებრივ მუშაობასთან. მე და საელჩოს თანამშრომლები გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას, იქნება ეს სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურის მიმართულებით თუ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. ბატონ პრეზიდენტს როდესაც გადავეცი რწმუნებათა სიგელი, მას განვუცხადე, რა პრიორიტეტები მაქვს დასახული. ეს პრიორიტეტებია: ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ტრანზიტული, სამეცნიერო და კულტურის სფეროში თანამშრომლობა. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, ეს ჩვეულებრივ გაგრძელდება“, – აღნიშნა ალი მოჯანიმ.ირანის ელჩის განცხადებით, სავაჭრო მიმართულებით არის გარკვეული გამოწვევები, რადგან, სამწუხაროდ, სავაჭრო ბალანსი ორ ქვეყანას შორის არ არის თანაბარი და საქართველოსთვის ყოველთვის უარყოფითია.„მე ყველანაირად შევეცდები, სავაჭრო ბალანსი თანაბარი გახდეს, რომ საქართველოდანაც ბევრი პროდუქცია შევიდეს ირანულ ბაზარზე. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გადაზიდვების სფეროში. გასული წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტმა ქართველმა გადამზიდავმა გამოიყენა ირანის ტერიტორია სხვადასხვა ქვეყნიდან ტვირთების გადასაზიდად. ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს და ხელს შევუწყობთ, რომ უფრო მეტად იყოს გამოყენებული ირანული პოტენციალი, რათა ქართველმა გადამზიდავებმა უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვა შეძლონ. საზღვაო გადაზიდვები როდესაც გართულებულია, გამომდინარე უკრაინის ომიდან, შავ ზღვაში არსებული მდგომარეობა, ასევე, სპარსეთის ყურე და ჰორმუზის სრუტე, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სახმელეთო გადაზიდვები. ამ მხრივ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და ხელი შევუწყოთ სახმელეთო გადაზიდვების განვითარებას“, – აღნიშნა ირანის ელჩმა.სეიედ ალი მოჯანიმ ასევე ისაუბრა ახალი დერეფნების განვითარების მნიშვნელობაზე.„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი, რაც გამოიკვეთა, არის ინდოეთის მიმართულება. შექმნილია სამმხრივი სამუშაო ჯგუფი: ინდოეთი, ირანი, სომხეთი და ეს სამუშაო ჯგუფი მუდმივ რეჟიმში მუშაობს და ამ ჯგუფის მუშაობა საკმაოდ უწყობს ხელს სომხეთის ეკონომიკის განვითარებას. ინდოეთი არის ძალიან დიდი, ერთ მილიარდიანი ბაზარი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ 40-მილიონიანი ერაყი, რომელიც მალე, შესაძლოა, 80 მილიონი გახდეს და ირანული 95-მილიონიანი ბაზარი. შესაბამისად, როდესაც ჰორმუზის სრუტე არის დახურული, სპარსეთის ყურის ქვეყნებს სხვა ალტერნატიული გზები თითქმის არ აქვთ, რომ მათთვის საჭირო პროდუქცია მიიღონ. ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა აქვს საქართველოს, რომ მისი გავლით მოხდეს მათთვის ტვირთების მიწოდება. ასე რომ, მომდევნო 180 დღე, შეიძლება ითქვას, ძალიან დატვირთული გვექნება იქიდან გამომდინარე, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბალანსის გათანაბრებისთვის“, – აღნიშნა ირანის ელჩმა.ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, ირანი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.„რატომ არ დავუჭირეთ მხარი გაერო-ს რეზოლუციას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ლტოლვილების დაბრუნებასთან დაკავშირებით? მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კენჭისყრაში საერთოდ არ მიგვიღია მონაწილეობა და ეს განსხვავებული პოზიციაა, ვიდრე მხარის არდაჭერა. არის, ასე ვთქვათ, ნაცვალგების პრინციპი. საქართველოს მხარე გარკვეულ რეზოლუციებზე კენჭისყრაში არ მონაწილეობს და ანალოგიურად, ამ კენჭისყრის დროს ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ სხვადასხვა დროს აფხაზეთიდან და სხვა რეგიონიდან ქართველ ლტოლვილებს ყოველთვის დავეხმარეთ“, – განაცხადა ირანის ელჩმა.

ნიკა გვარამია – ტექნიკური თვალსაზრისით „ქართული ოცნება“ გასულია რეალობიდან – ევროპული ბიუროკრატიის იმედი მაქვს, რომელიც ნელა მუშაობს, რომ ვერ მოასწრებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას,...

მაკა ბოჭორიშვილი ჩავა იმით, რომ კიდევ ახალი პოლიტიკური პატიმრები ეყოლებათ თუ ევროპა კარგად არ მოიქცევა, სხვა რით უნდა ჩავიდეს მაკა ბოჭორიშვილი, თავისი ძვირიანი ტანსაცმლის გარდა? - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.მისი თქმით, თუ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება, ეს ქართველებისთვის დიდი პრობლემა იქნება.„რეკომენდაციები მარტო დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ხომ არ ეხება? ტექნიკური თვალსაზრისით „ქართული ოცნება“ გასულია რეალობიდან. ევროპას კი არ ვჭირდებით ჩვენ, არამედ ჩვენ გვჭირდება ევროპა, უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით.ჩვენ თუ რეკომენდაციებს არ ვასრულებთ, ევროპას დარდი რატომ უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქე ევროპაში ადვილად ჩავა თუ არა? ჩვენ უნდა გვქონდეს იმის დარდი და ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ ეს არ დავკარგოთ.ევროპული ბიუროკრატიის იმედი მაქვს, რომელიც ნელა მუშაობს, რომ ვერ მოასწრებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ვიდრე ეს ხელისუფლება არის.ეს ყველაფერი პოლიტპატიმრებისა და ტყვეების საქმეებია და ეს ერთიანი სავაჭრო ლოტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გამოაქვს და მაგიდაზე „დაახორაგებს“, რომ მოლაპარაკებები გაიმარტივოს. „შარლ მიშელი 2“ არ გამოვა, პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ყოფნის მუდმივს უფლებას ვერ მოიპოვებს",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.ცნობისთვის, საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სავიზო რეგულაციის თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი და 11 ივნისს საქართველოს მხარეს და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება.აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა.„2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველი 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წევრმა ქვეყნებმა ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც გაძლიერებულ დიალოგს ვუწოდებთ. მისი მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომელმაც შეჩერება გამოიწვია. ამ კონტექსტში, 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

გია ვოლსკი – სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს, ის იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს

სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს. ის იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე.„ნიკა გვარამია ცხარე ცრემლებით ტიროდა, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია სჭირდა, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. სერიოზული კითხვა ჩნდება, ოპოზიციაში რამდენად სერიოზულია დაპირისპირება. მით უმეტეს, საუბარია, ერთი სულისა და საერთო წარსულის, აწმყოს მქონე ადამიანებზე. შესაძლოა, აქციებზე სააკაშვილის ფოტოების გამოჩენამ ის ადამიანები დააფრთხო. შეიძლება, ბევრს არ უნდა, რომ სააკაშვილის იმ წარსულთან იყოს დაკავშირებული, როცა ქვეყნის ტერიტორიები დაიკარგა, ათასობით ადამიანი გაუბედურდა და სადაც ადამიანებს ქუჩაში კლავდნენ, მათ შორის ახალგაზრდებს. სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს. შეიძლება, ეს სხვებისთვის ფაქტორი იყოს, მაგრამ ეს ადამიანები ერთი მიზნისა და ამოცანების მქონე არიან. შეიძლება, ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვის უფრო მეტი დესტრუქციის ძალა აქვს. მათი მიზანია, პატრონებს დაანახონ, აქ ლიდერი ვინ არის და ასევე საზოგადოების ნაწილი მიიმხრონ ექსტრემისტულ პროცესებში. სააკაშვილისგან ახალი რაც ვიხილეთ, არის ვარცხნილობა და ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ისედაც „ნაცმოძრაობის“ შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა. სააკაშვილი იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს.„მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს“, – დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები