როგორ ვრცელდება დენგეს ვირუსი. ამის შესახებ პროფესორმა ივანე ჩხაიძემ გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.
„დენგე ძალიან უჩვეულო ვირუსია საქართველოსთვის. გარკვეული შიში არსებობს, რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ჩვენთვის, ვინაიდან მას შეუძლია მაღალი ლეტალობის გამოვლენა. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი.
არსებული სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის მაისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია 996 000 შემთხვევა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა წინა წელთან შედარებით 64% ნაკლებია. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 0,02% შეადგენს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძის შეფასებით, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არის ინფორმირებულობა და სიფრთხილე, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„რაც შეეხება ეპიდაფეთქებაზე საუბარს ეს არასწორია, ვინაიდან ეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის, შესაბამისად, იოლი გავრცელება ამ ინფექციის მოსალოდნელი არ არის. ასე, რომ დიდი სანერვიულო და საგანგაშო არ არის, თუმცა, უნდა ვიცოდეთ ქვეყანაში ამ ახალი ვირუსის არსებობის შესახებ“, – განაცხადა პროფესორმა.

