აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ მოუსმენია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ისრაელთან დაკავშირებით გაკეთებული დღევანდელი განცხადება.
ტრამპს ერდოღანის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტმა დაუსვა. კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, აწუხებს თუ არა ისრაელსა და თურქეთს შორის შესაძლო დაპირისპირება და გეგმავს თუ არა ანკარისთვის F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას.
კითხვის პასუხად ტრამპმა აღნიშნა, რომ ერდოღანი მისი მეგობარია და საჭიროების შემთხვევაში მას დაურეკავდა.
„მსგავსი არაფერი მსმენია, რომ გამეგო, დავურეკავდი და დავრწმუნებოდი, რომ ყველაფერი კარგადაა. როგორც იცით, ის ჩემი ძალიან კარგი მეგობარია და ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. ძალიან მომწონს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა და ერდოღანის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა.
მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთის უსაფრთხოება იწყება ალეპოდან, დამასკოდან, ბეირუთიდან და თავდასხმებზე თვალს არ დახუჭავს. „არავინ არ უნდა გაჰყვეს სიონისტური ხოცვა-ჟლეტის ქსელის კვალს. ისრაელის ბანდიტური ძალადობა თუ არ შეჩერდება, შედეგები მთელი კაცობრიობის და რეგიონის მხრებზე იქნება. ისრაელი უნდა შეჩერდეს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

