ჰორმუზის სრუტე სამუდამოდ ჩვენია, ის სამუდამოდ დარჩება თეირანის მფლობელობასა და მართვაში, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელი ებრაჰიმ აზიზი აცხადებს.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ISNA-სთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე ირანისთვის ყოვლისმომცველი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ბერკეტია.
ამასთან, ცოტა ხნის წინ გავრცელდა თეირანის მიერ ვაშინგტონისთვის წარდგენილი სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, სადაც ირანი, ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ, აშშ-ისგან სანქციების მოხსნასა და ქვეყნის საზღვაო ბლოკადის დასრულებას ითხოვს.
ცნობისთვის, ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის მიერ ომის დაწყების შემდეგ თეირანმა ჰორმუზის სრუტე დახურა, სადაც მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით 20% გადის. ამ დროისათვის ენერგორესურსებით დატვირთული გემების უმეტესობა სრუტეში გავლას ვერ ახერხებს.

