საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, გაერო-ს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს.
საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.
სამიტის ფარგლებში სახელმწიფოთა ლიდერები კლიმატის ცვლილებებითა და კონფლიქტებით გამოწვეული გლობალური საბინაო კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ, რაც მდგრადი და ინკლუზიური ურბანული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სამიტში 180-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის არიან სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ურბანისტები და უძრავი ქონების დეველოპერები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

