გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამებაში ქადაგებისას განაცხადა.
შიო მესამემ ქადაგებისას ილია მეორის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ დღევანდელი დღის აღნიშვნით ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა.
„სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დააწესა. მოგეხსენებათ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ზნეობრივი ფასეულობების დაცვას. წელს პირველად ვხვდებით ამ დღეს მის გარეშე, თუმცა დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა, ის სიყვარული, ერთობა და ოჯახური სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელთაც იგი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ამკვიდრებდა ჩვენს ხალხში. რა თქმა უნდა, ასევე გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა“, – განაცხადა შიო მესამემ.

