კვირა, მაისი 17, 2026

შიო მესამე – გაგრძელდება ნეტარხსენებული ილია მეორის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა

გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამებაში ქადაგებისას განაცხადა.

შიო მესამემ ქადაგებისას ილია მეორის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ დღევანდელი დღის აღნიშვნით ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა.

„სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დააწესა. მოგეხსენებათ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ზნეობრივი ფასეულობების დაცვას. წელს პირველად ვხვდებით ამ დღეს მის გარეშე, თუმცა დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა, ის სიყვარული, ერთობა და ოჯახური სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელთაც იგი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ამკვიდრებდა ჩვენს ხალხში. რა თქმა უნდა, ასევე გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა“, – განაცხადა შიო მესამემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა შიო მესამეს მიმართა – სიმამაცით და მტკიცე ნებით უწინამძღვრეთ, დამწყსეთ თქვენდამი რწმუნებული სამწყსო, თქვენთან არის პატრიარქ ბართლომეოსის ძმური სიყვარული და ლოცვები

ჩვენი დელეგაციის აქ ყოფნა არის თვალსაჩინო ნიშანი იმ საკვრელისა, რომელიც აერთიანებს კონსტანტინოპოლის დედაეკლესიას და საქართველოს ეკლესიას, ადასტურებს ჩვენს ერთობასა და სარწმუნეობის ერთიანობას, – ამის შესახებ მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა, ნიკიტამ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს მიმართა, რომ „ეკლესიის მიერ მისთვის მინდობილი კვერთხითა და განსვენებული სულიერი მამის სიყვარულის მანტიით შემოსილმა, სიმამაცითა და მტკიცე ნებით უწინამძღვროს სამწყსოს, სრულიად საქართველოს“.„უწმინდესო და უნეტარესო შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტე აღდგა! მაქვს პატივი და სიხარული, მოგმართოთ, როგორც მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის წარმომადგენელმა, ამ პირველ საპატრიარქო ლიტურგიასთან დაკავშირებით. ჩვენი დელეგაციის აქ ყოფნა არის თვალსაჩინო ნიშანი იმ საკვრელისა, რომელიც აერთიანებს კონსტანტინოპოლის დედაეკლესიასა და საქართველოს ეკლესიას, ადასტურებს ჩვენს ერთობასა და სარწმუნეობის ერთიანობას, როგორც ერთ წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას, რომელიც, მართალია, სხვადასხვა ადგილას მოღვაწეობს, მაგრამ ამავე დროს არის ერთი და განუყოფელი.თქვენი არჩევა და აღსაყდრება მოხდა მას შემდეგ, რაც მარადისობას შეუერთდა თქვენი საყვარელი სულიერი მამა, უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც, როგორც დიდმა წინასწარმეტყველმა ელიამ, როდესაც ცეცხლოვანი ეტლით ზეცად ამაღლდა, თავისი ხალენი დაუტოვა თავის მოწაფესა და სულიერ შვილს, ელისეს, ასევე მან, განსვენებულმა პატრიარქმა ილია მეორემ თქვენ გიბოძათ თავისი საპატრიარქო მანტია და კვერთხი, რათა გამწყსოთ სამწყსო, რომელიც ეკლესიამ თქვენს მზრუნველობას მიანდო.როგორც განსვენებული დიდი კათოლიკოსი, თქვენც მოწოდებული ბრძანდებით, იქადაგოთ ჭეშმარიტება თქვენდამი რწმუნებული სამწყსოს მიმართ, თქვენს გულზე ამოტვიფრული ხალხის მიმართ, როგორც მოძღვარმა. პატრიარქი ილია მეორე მთელ საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობდა. თქვენც უნდა აღაშენოთ და განავითაროთ მტკიცე კავშირები და ურთიერთობები ამ ღირსეული ქვეყნის ხალხთან, რადგან საქართველოსაც და მთელ მსოფლიოსაც სჭირდება სულიერი წინამძღოლები, რომლებიც მორწმუნეებს ზეციური სამეფოსკენ უწინამძღვრებენ.როგორც თავად უწყით, თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე სამყაროში, სამყაროში, რომელიც დაყოფილია, სავსეა კონფლიქტებით, ომებითა და დაბნეულობით, თუმცა ჩვენ, ვინც ღმერთს ვემსახურებით, მოწოდებულნი ვართ, ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი, განსაკუთრებით ამ მღელვარე დროში, რადგან ჩვენ ვქადაგებთ სიყვარულის გზას, როგორც ამას ხალხთა მოციქული, წმინდა პავლე გვასწავლის: „ესწრაფეთ სიყვარულს“.ეკლესიის მიერ თქვენთვის მონდობილი კვერთხითა და თქვენი განსვენებული სულიერი მამის სიყვარულის მანტიით შემოსილმა, სიმამაცით და მტკიცე ნებით უწინამძღვრეთ და დამწყსეთ თქვენდამი რწმუნებული სამწყსო, სრულიად საქართველო. გწამდეთ, რომ თქვენთან არის მისი ყოვლადუწმინდესობის, პატრიარქ ბართლომეოსის ძმური სიყვარული და ლოცვები. მისი ყოვლადუწმინდესობისა და ქრისტეს დიდი ეკლესიის სახელით, თქვენო უწმინდესობავ, ჩვენი დელეგაცია სიხარულით გეხვევათ, წარმოვთქვამთ რა იმ სიტყვებს, რაც წმინდა წერილშია: „ვიყვარებოდეთ ურთიერთარს“. დაე, ერთად ვიღვაწოთ უფლის ვენახში მისი სახელის სადიდებლად. ქრისტე აღდგა, აქსიოს, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!“ – მიმართა მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა საქართველოს პატრიარქს, შიო მესამეს.

შალვა პაპუაშვილი – სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება, როცა ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად

საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას – იქ, სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, მტკიცეა ეროვნული  თვითშეგნებაც და მტკიცეა თავად სახელმწიფოც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სწორედ ქრისტიანულმა ფასეულობებმა ჩამოაყალიბა ქართული ოჯახის მოდელი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, სიყვარულზე, თანადგომასა და პასუხისმგებლობაზე. მისი თქმით, სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება, როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად, როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს. ,,საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას – იქ, სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, მტკიცეა ეროვნული თვითშეგნებაც და მტკიცეა თავად სახელმწიფოც. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ – ომები, შემოსევები, იმპერიების ზეწოლა, სარწმუნოების, ენისა და იდენტობის წაშლის მცდელობები, მაგრამ ქართველმა ხალხმა შეძლო საკუთარი თავის შენარჩუნება. და ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართულმა ოჯახმა შეძლო – ოჯახმა, რომელმაც თაობიდან თაობას გადასცა რწმენა, სიყვარული, სამშობლოს ერთგულება და წინაპართა პატივისცემა. წლევანდელ წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს თარიღი მხოლოდ რელიგიური მოვლენა არ არის. ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების საფუძველი. ქრისტიანობამ ქართველ ხალხს მისცა ის სულიერი ღერძი, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში გაგვაერთიანა, გაგვაძლიერა და გადაგვარჩინა. სწორედ ქრისტიანულმა ფასეულობებმა ჩამოაყალიბა ქართული ოჯახის მოდელი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, სიყვარულზე, თანადგომასა და პასუხისმგებლობაზე. ოჯახი, სადაც იზრდება მომავალი თაობა; სადაც ბავშვი პირველად სწავლობს, რა არის სამშობლო, რა არის სიკეთე, ღირსება, შრომა და ერთმანეთის პატივისცემა. დღეს, როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის ფასეულობები, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა. სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება; როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად; როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს. ქართული ოჯახი ყოველთვის იყო არა მხოლოდ სოციალური ერთეული, არამედ ეროვნული გადარჩენის ინსტიტუტი. სწორედ ოჯახმა გადაარჩინა ქართული ენა, ქართული სიმღერა, ტრადიციები, ქრისტიანული რწმენა და ეროვნული მეხსიერება. ამიტომ ჩვენი ვალია, მომავალ თაობას გადავცეთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, არამედ სულიერად მტკიცე საქართველო, ქვეყანა, რომელიც საკუთარ ისტორიას იცნობს, საკუთარ ფასეულობებს უფრთხილდება და მომავალს სწორედ ამ საფუძველზე აშენებს. ამ დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენს წმინდა პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც 17 მაისი აქცია ერის მთლიანობის, მისი უმთავრესი ფასეულობების, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ. ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ღმერთი ფარავდეს ქართულ ოჯახს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, მტკიცედ დავიცავთ ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის

უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომლებიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია იმითაც, რომ დღეს პირველად აღავლინა საზეიმო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამოირჩა უფლის ნებით, ილია მეორის ანდერძით და წმინდა სინოდის თანადგომით.„უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომლებიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედაეკლესია, ღმერთმა დალოცოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შიო მესამე – მადლობა ეკლესიების წარმომადგენლებს უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის მათი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი ნუგეშისა და იმ ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია

ოჯახზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი სულიერი შვილები და მადლობა გადავუხადოთ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვისთვის, – ამის შესახებ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამებაში ქადაგებისას განაცხადა.კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას ემიგრანტებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა სამების ტაძარში მყოფ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს ქართველებისთვის მათი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი სულიერი ნუგეშისთვის.„დღეს თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება, ის, როგორც ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირი და საფუძველი, ერის გამაერთიანებელი, ხალხში ქრისტიანული ღირებულებების განმამტკიცებელია. აუცილებელია, ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთად ზრუნავდეს მომავალი თაობის ღირსეული აღზრდისთვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არა მარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს. ოჯახზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი სულიერი შვილები და მადლობა გადაგიხადოთ, ძვირფასო სტუმრებო, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებო, ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვისთვის, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის თქვენი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი სულიერი ნუგეშისა და იმ დიდი სულიერი ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია“, – განაცხადა შიო მესამემ.

მიხეილ ყაველაშვილი – ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, ეროვნულ იდენტობას ინახავს, მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია

ადამიანი სამშობლოს სიყვარულს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში, მშობლიურ კერასთან ეზიარება. ქართულ ხალხურ ტრადიციაში დედის ლოცვა, მამის დარიგება და წინაპართა ხსოვნა მუდამ იყო ის უხილავი ძალა, რომელიც ადამიანს სწორ გზაზე აყენებდა. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრო.საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს.„დღეს, 17 მაისს ჩვენ განსაკუთრებულ დღესასწაულს – ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღვნიშნავთ. ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს. საქართველოს წარსული მოწმობს, რომ ქვეყნის გადარჩენის ბედი არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ხშირად ქართულ ოჯახში წყდებოდა, როდესაც ომიანობის დროს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეკლესია დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა, ოჯახურ კერაში იწრთობოდა ჩვენი ენა, ტრადიციები, მტკიცდებოდა სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული და თავისუფლების იდეა თაობებს გადაეცემოდა. ადამიანი სამშობლოს სიყვარულს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში, მშობლიურ კერასთან ეზიარება. ქართულ ხალხურ ტრადიციაში დედის ლოცვა, მამის დარიგება და წინაპართა ხსოვნა მუდამ იყო ის უხილავი ძალა, რომელიც ადამიანს სწორ გზაზე აყენებდა. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფასეულობის დაცვასა და შენარჩუნებაში უდიდესია დედაეკლესიის როლი. მიხეილ ყაველაშვილმა ილია მეორის წვლილზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწორედ მისი ინიციატივით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე.„ამ უმნიშვნელოვანესი ფასეულობის დაცვასა და შენარჩუნებაში უდიდესია ჩვენი დედაეკლესიის როლი. დღეს, როდესაც ოჯახის სიწმინდეზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, უდიდესი მადლიერებით არ გავიხსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ეპოქალური მემკვიდრეობა. სწორედ მისი ინიციატივით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე. მისმა უწმინდესობამ ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში იტვირთა ერის სულიერი მამობა. განუზომელია მისი ღვაწლი დემოგრაფიის მხარდაჭერის საქმეში. მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების მონათვლის ინიციატივამ ათასობით ქართულ ოჯახს გამბედაობა და რწმენა ჩაუნერგა. ამ ტრადიციამ ახალი სული შთაბერა ჩვენს დემოგრაფიულ მომავალს და თითოეულ ჩვენგანს დაანახა, რომ ყოველი ახალი სიცოცხლე ქვეყნის უდიდესი სიმდიდრეა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობას დღეს ღირსეულად აგრძელებს უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე.„ამ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობას დღეს ღირსეულად აგრძელებს უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. მისი წინამძღოლობით ეკლესია კვლავაც მყარად დგას მშვიდობის, ერთობის, ოჯახური ღირებულებებისა და მორალური სიმტკიცის სადარაჯოზე. თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევების ფონზე ჩვენი ვალია, დავიცვათ და გავაძლიეროთ ის წმინდა სივრცე, სადაც სიყვარული, ერთგულება და თაობათაშორისი კავშირი ცოცხლობს. გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ღმერთმა დალოცოს, გაამრავლოს და გააძლიეროს ყოველი ქართული ოჯახი. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო -საქართველო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები