სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის კომენტარს ველოდებით, ქნებ, ახლა მაინც დაგმოს ძალადობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის საქმეზე დღევანდელი განაჩენი ევროკავშირისთვის ერთგვარი ტესტია.
„დღევანდელი განაჩენი ტესტია ევროკავშირისთვის . ახლა მაინც, შვიდი თვის თავზე ვნახავთ, თუ რამდენად არის ევროკავშირის ნამდვილი სურვილი არაძალადობა, დანაშაულის წაქეზებაზე უარის თქმა. ეს ყველაფერი შეფასებებში გამოჩნდება – არის სასამართლოს დოკუმენტი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული განაჩენი. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის კომენტარს ველოდებით. იქნებ, ახლა მაინც დაგმოს ძალადობა, რომელიც დღეს მთლიანად შერაცხული აქვს ევროკავშირს. 4 ოქტომბერი ევროპული ძალადობის დღეა, როცა ევროპის დროშებით სცადეს ხელისუფლების დამხობა. 25 პოლიციელი დაშავდა, რომლებიც სხვათა შორის, არც ერთ ამ ელჩს არ მოუნახულებია და არც ერთს არ გამოუთქვამს წუხილი, რომ ევროკომისიის პრესსპიკერის წაქეზებული ბრბოს მიერ მოხდა პოლიციელების დაშავება. ეს არის პაველ ჰერჩინსკის ტესტი ევროპულობაზე. ვნახოთ, ჩააბარებს თუ არა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ საქმეზე ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯათ.

