ჩვენ ადამიანური რესურსიც გვყოფნის, ჭკუაც და გამოცდილებაც, რომ კანონები მივიღოთ, არანაირად არ გჭირდება ზოგიერთი თავქარიანი უცხოელი პოლიტიკოსის ჩარევა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც საქართველო არ ერევა ესტონეთის საქმეში, ისე ესტონეთიც არ უნდა ჩაერიოს საქართველოს საქმეებში.
„ალბათ ის დროა, ესტონეთში დავიწყოთ ვინმეს დაფინანსება. სერიოზულად ამ ხალხთან საუბარი არ შეიძლება. ჩვენ გვაქვს საქმე ადამიანებთან, რომელთაც აქვთ საბჭოთა მენტალიტეტი. ისინი ზუსტად ისე იქცევიან, როგორც საბჭოთა კავშირი, მსოფლიოში რევოლუციების გეგმებს რომ აწყობდა და სხვა ხალხებზე საუბრობდა. როგორც ჩანს, ეს არის ესტონეთის მოქმედი ხელისუფლების ერთადერთი რამ, რაც საბჭოთა კავშირიდან წამოიღეს, ის მიდგომები, რომლებიც საბჭოთა კავშირში იყო.
ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რომელიც მათ თავიანთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. თუმცა ერთ რამეს ვეტყვი: როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში და არ ვერევით იმაში, რა კანონს იღებენ, კეთილი ინებონ და ესტონეთიც ნუ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენ ადამიანური რესურსიც გვყოფნის, ჭკუაც და გამოცდილებაც, რომ კანონები მივიღოთ. არანაირად არ გჭირდება ზოგიერთი თავქარიანი უცხოელი პოლიტიკოსის ჩარევა და რეკომენდაციები ჩვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ესტონეთში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაღებას უკრძალავს.

