ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

მარკ კარნი – კანადა არ მისცემს აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირობების განსაზღვრის უფლებას

კანადა არ მისცემს აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირობების განსაზღვრის უფლებას, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.

„ეს არ არის შემთხვევა, როცა ერთი მხარე მოთხოვნებს აყენებს, მეორე კი მხოლოდ ითხოვს. ეს არ არის შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატები კარნახობს პირობებს. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება, შეგვიძლია, მივიდეთ ორმხრივად წარმატებულ შედეგამდე – ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – განაცხადა კარნიმ.

როგორც „ბიბისი“ წერს, კანადამ, აშშ-მა და მექსიკამ პირველი ივლისიდან სავაჭრო შეთანხმების სავალდებულო გადახედვა უნდა დაიწყონ. მაისში მექსიკა იწყებს ოფიციალურ ორმხრივ მოლაპარაკებებს აშშ-სთან. კანადასა და აშშ-ს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა სავაჭრო უწყებებს შორის კომუნიკაცია მიმდინარეობს.

მარკ კარნიმ კანადა-აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ახალი საკონსულტაციო კომიტეტი მოიწვია, რომლის პირველი შეხვედრა მომავალ კვირას არის დაგეგმილი. კვებეკის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჟან შარესტმა, რომელიც ახალი საკონსულტაციო კომიტეტის წევრია, განაცხადა, რომ აშშ ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე „კანადისგან ბევრ დათმობას“ ელოდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შაბათს, 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის და ყველას სურს, მაქსიმალურად შეეწიოს ჩვენს პატრიარქს. საპატრიარქო საზოგადოებას ილია II-ის სურვილსაც შეახსენებს, თუნდაც ერთი ნაკლოვანების გამოსწორებასთან დაკავშირებით.„შაბათს, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა.მოგეხსენებათ, ქრისტიანული სწავლებით, ამქვეყნად აღსრულებულ საქმეთა მიხედვით, მე-40 დღეს ხდება სულის დამკვიდრება იმ ადგილზე, რომელიც აღარ შეიცვლება მეორედ მოსვლამდე; მეორედ მოსვლისას კი ხელახლა მოხდება საბოლოო ადგილის მიკუთვნება გარდაცვლილისთვის მის სახელზე შემდეგ აღსრულებულ სხვა სიკეთეთა გათვალისწინებით.ასე რომ, მე-40 დღე ფრიად მნიშვნელოვანია.ფაქტია, მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის და ყველას სურს, მაქსიმალურად შეეწიოს ჩვენს პატრიარქს. გარდა ლოცვისა, რა თქმა უნდა, სხვა შესაძლებლობებიც მრავალგვარია; დიდად მნიშვნელოვანია, მაგალითად, მოყვასისათვის სიკეთის ქმნა.ამასთან, შეგახსენებთ ილია II-ის ერთ სურვილსაც, რომ, ღვთის სადიდებლად, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა და მას სამუდამოდ განვშორებოდით.თუ თითოეული ჩვენგანი ამას ჩვენი პატრიარქის სახელზეც გავაკეთებთ, წარმოიდგინეთ, უფლის რაოდენ დიდი მადლი და წყალობა მოეფინება ჩვენს ერს, როგორ გავახარებთ ამით მის უწმინდესობასა და უნეტარესობას და როგორი დიდი შეწევნა იქნება ეს (როგორც ჩვენი, ისე) მისი სულისთვის", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი – იმისათვის, რომ ამჯერადაც არ მოვსრიალდეთ, საჭიროა ყველა შეცდომის გადაუდებელი გაანალიზება – არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს, თუ გვინდა ძალის აკრეფა, აუცილებელია...

უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.სააკაშვილი რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი შეფასებით, ოპოზიციის შეცდომაა.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება, ქუჩა ბრძოლის აუცილებელი ელემენტია, მაგრამ პოლიტიკის გარეშე ძალიან გაძნელდება“.„დიქტატურა ირყევა, სინამდვილეში, ის უფრო სუსტია, ვიდრე როდისმე, ბოლო დღეებიც ამას ადასტურებს. წარმოშობილია უზარმაზარი ვაკუუმი, რომელიც აქტიურმა ადამიანებმა და ოპოზიციამ უნდა შეავსონ. იმისათვის, რომ ამჯერადაც არ მოვსრიალდეთ, საჭიროა ყველა ჩვენი შეცდომის გადაუდებელი გაანალიზება და სასარგებლო დასკვნების გამოტანა. ჰოდა, გადავწყვიტე ამ ყველაფერზე ძალიან ღიად საუბარი და არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს, თუ გვინდა ძალის აკრეფა, აუცილებელია კრიტიკის მიღებაც. დიდი შეცდომა იყო ეროვნული პატრიოტული თემის „ქოცებისთვის“ დათმობა, მაშინ, როცა იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იყო ღრმად პატრიოტული, ჯანსაღად ნაციონალისტური ხელისუფლება, მაშინ როცა ამათ პატრიოტიზმი ცინიკურ იმიტაციამდე დაიყვანეს და სინამდვილეში, სამშობლოს აქტიურად ჰყიდიან. ჩვენ ვერ შევძელით ამის სათანადოდ კარგად ახსნა. დიდი შეცდომა იყო ოპოზიციის მხრიდან ომი და მშვიდობის თემის იგნორირება, უნდა აგვეხსნა, რომ სწორედ "ქოცური" კაპიტულანტობა, განიარაღება, მეგობრების დაკარგვა იწვევს აქ ომს. განსაკუთრებით დიდი შეცდომაა კონკრეტული სოციალური თემების თითქმის სრული იგნორირება, ისე რომ ეს ხალხს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოპოზიცია ისედაც კარგად ცხოვრობს, ხალხის პრობლემები არ აინტერესებს და ძირითადად, დაკავებულია საკუთარი თავის წარმოჩენით და ურთიერთ-გარჩევებით. შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება, ქუჩა ბრძოლის აუცილებელი ელემენტია, მაგრამ პოლიტიკის გარეშე ძალიან გაძნელდება. ასევე, მცდარია ფაქტობრივად, შიდა ემიგრაციაში წასვლა, პასუხისმგებლობის მოხსნა და მხოლოდ დასავლეთის იმედად ყოფნა, რასაც ზოგიერთი ოპოზიციაში მუდმივად ასხივებს მუდმივი მკითხაობით: "აბა რუბიომ რაზე დარეკა, ალიევმა რა ჩამოიტანა", იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ - მავნებლობაა. ერთი და იმავე დაუსრულებელ წრეზე სიარული არაფერს გვაძლევს. თარიღების დაკიდება, თან სათანადო ახსნის გარეშე ბევრს არაფერს იძლევა, როგორც წარსულში არაერთხელ დავრწმუნდით. სამაგიეროდ, რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა სპონტანური აქციები, როგორიც იყო „გავრილოვის ღამე“ და კობახიძის განცხადების შემდეგ გამოსვლები (ასევე უცხოეთის გამოცდილება (კიევი 2014, ნეპალი 2025)) რომლებიც მიგვიყვანა რეჟიმის შეცვლამდე პოლიტიკური სპექტრი რომ მზად ყოფილიყო, თუმცა სპონტანური აქციები ციდან არ ეცემა. ისინი დაგროვილი საპროტესტო ენერგიის გამოხატულებაა და ამ ენერგიის დაგროვება ხდება ხალხთან მუდმივი მუშაობით. ეს მუშაობა ვერანაირად შემოიფარგლება ვერც ტელევიზიებით და ვერც სოციალური ქსელებით. ყველა ტელევიზიის ყურებადობა (სამთავრობოც და ოპოზიციურიც, ნუ სამთავრობოსი უფრო) მკვეთრად შემცირებულია. სოციალურ ქსელებში ერთი და იმავე „ბაბლში“ ვტრიალებთ გაუთავებლად და ეს პირიქით, გათიშვას უწყობს ხელს. საჭიროა იდენტიფიცირება კონკრეტული პრობლემების და მათზე მუშაობა აქტიური ჯგუფების შექმნით, იმის გამოცხადება, რომ ახლა ჩვენ ვერ დავწვრილმანდებით, მთავარი ივანიშვილი შეიცვალოს და მერე ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება, ჩემი აზრით, არის ძირშივე არასწორი - როგორ უნდა შეიცვალოს, თუ მოვლენების სათავეში არ ჩავალთ. განსაკუთრებით მცდარია ის გამონათქვამები, რომ ფართო მასის აზრზე მეტად საკუთარი ვიწრო წრის აზრი გაინტერესებთ. ასეთი მიმართულება უფრო ადვილს ხდის ოპოზიციის ნეიტრალიზაციას, ვინაიდან მათ მჯდომარე სამიზნედ აქცევს. მაშინ, როცა კონკრეტულ პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივი მთლიანობაში მოუხელთებელი ჯგუფები პრობლემას უქმნიან რეჟიმს და პატარ-პატარა გამარჯვებებს იპოვებენ, რომელიც შემდეგ გადაიზრდება დიდ გამარჯვებაში იმიტომ, რომ საყოველთაო საპროტესტო ენერგიას აგენერირებს. ეს ყველაფერი გამოსწორებადია. მე არც იმ თეზისს ვეთანხმები, რომელიც განსაკუთრებით უნგრეთის ამბის შემდეგ მუსირებს, რომ მხოლოდ ძლიერი ლიდერი შეძლებს სიტუაციის შეცვლას. ასე მართლა იყო „ვარდების რევოლუციის“ დროს, მაგრამ შევარდნაძე დიქტატორი არ იყო, მითუმეტეს არც ორბანი. აქ დიქტატურაა და ამიტომ, ბევრი სხვადასხვა ჯგუფი ასიმეტრიული მოქმედებებით და საჭირო დროს გაერთიანებით ააყირავებს დიქტატურას. რა უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლის მერე. ახლა გამეფებული კონცეფციაა, რომ მხოლოდ კოალიციური მთავრობა გადაარჩენს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თეზისის წინააღმდეგ წასვლა იწვევს ლიბერალების წასევას, მე მაინც ვიტყვი, რომ კოალიციური მთავრობა არის დემოკრატიული მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა. რატომ უარესი - იმიტომ, რომ კოალიცია იწვევს პოლიტიკურ კორუფციას. როცა რესურსები იმის მაგივრად, რომ ხალხისკენ მიიმართოს, კოალიციის სხვადასხვა წევრების მოსყიდვას ხმარდება. ასევე, კოალიციის პირობებში ბევრად უფრო ჭირს გადაწყვეტილების მიღება. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სისუსტე იმაშია, რომ ის ძალიან ადვილად პროგნოზირებადია დიქტატურისთვის. საერთო ჯამში, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოთ წინასწარ გაკვალული ტრაექტორიით ერთი და იგივე წრეზე სიარული. უნდა შეწყვიტოთ რეჟიმის მიერ შემოგზავნილი სუბიექტების ფულის აღება, ვითომ უმნიშვნელო კომპრომისების ფასად, უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

აბას არაღჩი – სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში არასტაბილურობის მიზეზი აშშ-სა და ისრაელის თავდასხმებია, ამ თავდასხმების დაგმობაში ქვეყნებმა მკაფიო და მტკიცე პოზიცია უნდა დაიკავონ

სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში არასტაბილურობის მიზეზი აშშ-სა და ისრაელის თავდასხმებია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ქვეყნებს, „ამ თავდასხმების დაგმობასთან დაკავშირებით მკაფიო და მტკიცე პოზიცია დაიკავონ“.არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანმა თავისი უსაფრთხოებისა და ინტერესების დასაცავად, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მიიღო ზომები და აღნიშნა, რომ შედეგებზე პასუხისმგებლობა აგრესორებს ეკისრებათ.

ჯუანშერ ბურჭულაძის და თავდაცვის სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ბურჭულაძის ცოლის ძმის - ვასილ მხეიძისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული.დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვებით უნდა ისარგებლონ, რის შემდეგაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.ბრალდებული 4 პირიდან ვლადიმერ ღუდუშაური ერთადერთია, რომელსაც პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმდა. მას პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას შემდეგი პირობით უფორმებს: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკვების აკრძალვა. აღნიშნულ შეთანხმებას სასამართლო ღუდუშაურს, რომელიც გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული, დღესვე დაუმტკიცებს.ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა აშშ-ში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილეობის მიწვევა მიიღო

რუსეთში აცხადებენ, რომ აშშ-ში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევა მიიღეს.„არსებობს მოწვევა უმაღლეს დონეზე მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ თარიღთან უფრო ახლოს ვნახავთ. ღმერთმა იცის, რა მოხდება მანამდე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ პანკინმა.„დიდი ოცეულის“ სამიტი მიმდინარე წლის დეკემბერში მაიამიში გაიმართება.

ბოლო სიახლეები