ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება თუ განახლდება, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე „ტექნიკური ვეტო“ უნდა მოხსნას, – ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა და ქვეყნის მომავალმა პრემიერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.
პეტერ მადიარმა მის წინამორბედს თანამდებობის დატოვებამდე ვეტოს მოხსნისკენ მოუწოდა.
„ვიქტორ ორბანმა სესხი დეკემბერში დაამტკიცა, საარჩევნო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ ნავთობი ვიდრე არ იქნება, ფულიც არ იქნება“, – აღნიშნა მადიარმა.
მისივე თქმით, ნავთობის მიწოდების აღდგენა უნგრეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
პეტერ მადიარმა ასევე უახლოეს მომავალში რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
„მომდევნო 30 დღის განმავლობაში ორბანის მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების სახით იმოქმედებს. ამიტომ ვფიქრობ, „დრუჟბა“ მუშაობას თუ განაახლებს, ვიქტორ ორბანი თავის ტექნიკურ ვეტოს მოხსნის“, – განაცხადა მადიარმა.
ცნობისთვის, ფინანსურ სქემაზე ევროკავშირის 27 ლიდერი დეკემბერში შეთანხმდა, თუმცა პრემიერმა ვიქტორ ორბანმა თებერვლის შუა რიცხვებში სამართლებრივი პროცედურის დასაბლოკად ვეტო გამოიყენა. ამის მიზეზი კიევთან არსებული დავა გახდა, რომელიც „დრუჟბას“ ეხება. სწორედ ამ ნავთობსადენის მეშვეობით მიეწოდება უნგრეთს რუსეთიდან დაბალ ფასად ნავთობი.

