ევროპელმა მინისტრებმა ევროპისთვის უნდა იმუშაონ და არა რუსეთისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა.
„მოკლედ ვიტყვი, რომ ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის“, – განაცხადა კალასმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, მედიაში სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.
მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე, ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ. თავად სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

