შაბათი, მარტი 14, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარული მოცურავე, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მკვლევარი და პედაგოგი, 9-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ვეტერანი სპორტსმენი – პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ფინეთის ქალაქ ოულუში გამართული 2026 წლის ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოში ჩემპიონის ტიტულით (ოქრო) და 2 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ლეგენდარულმა მოცურავემ, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის – „სპორტი ყველასათვის“ და სტუ-ის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით, ოულუს ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე 80+ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზა და უნივერსიტეტსა და ქვეყანას ახალი საერთაშორისო გამარჯვებები მოუტანა.

ოულუს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 2 000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 25-მეტრიან დისტანციაზე ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედლებს 25- და 50-მეტრიან დისტანციებზე თავისუფალი სტილით ასპარეზობისას დაეუფლა. ჩემპიონატზე წყლის ტემპერატურა 0.2 გრადუსი იყო.

ლეგენდარულ მოცურავეს წლევანდელ ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატში მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს. როგორც რექტორი აღნიშნავს, 80 წელს გადაცილებულმა ვეტერანმა სპორტსმენმა – პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა.

„სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარულმა სპორტსმენმა, მოცურავემ – ჩვენი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა, ცნობილმა მკვლევარმა და არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, არაერთი თაობის სპეციალისტებისა და მკვლევრების აღმზრდელმა, ყველასათვის საყვარელმა და პატივსაცემმა კოლეგამ – ბატონმა ჰენრი კუპრაშვილმა ფინეთში, ოულუს ზამთრის ცურვის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თავისუფალი სტილით ასპარეზობისას ორჯერ დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

ვულოცავთ ბატონ ჰენრის ამ დიდებულ გამარჯვებას, რომელიც მან არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ მთელ საქართველოს მოუტანა. განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ასეთ საპატიო ასაკში ის კვლავაც საოცარი ენერგიით, შეუპოვრობითა და პროფესიონალიზმით აგრძელებს სპორტულ კარიერას და მსოფლიო სპორტის საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ადამიანი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში იყოს ძლიერი, გამბედავი და მიზანდასახული.

პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მრავალი წელია ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს უნივერსიტეტს როგორც მეცნიერების, ისე სპორტის სფეროში. ის არის გამორჩეული მკვლევარი, შესანიშნავი პედაგოგი და მაგალითი ახალგაზრდა თაობისთვის, თუ როგორ შეიძლება ცოდნის, შრომისა და ძლიერი ნებისყოფის შერწყმა დიდი მიზნების მისაღწევად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს უფროს კოლეგას – პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედლებს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და ახალ გამარჯვებებს როგორც სპორტულ ასპარეზზე, ისე სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ბატონი ჰენრი კუპრაშვილი კიდევ არაერთხელ ასახელებს ჩვენს უნივერსიტეტსა და ქვეყანას”, – აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, პროფესიით ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, „მხედრული მამაცობისათვის“ მედლისა და ჯორჯ ბაირონის ოქროს მედლის კავალერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი), ასევე, უკვე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია ზამთრის ცურვაში. 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა)დარდანელის სრუტე (12 კმ) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მისი ავტორობით გამოიცა „ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო”. წამყვანი მსოფლიო მასმედია ჰენრი კუპრაშვილს სხვადასხვა მეტსახელით მოიხსენიებს: „ადამიანი დელფინი“, „დარდანელის გმირი“, „წყლის პრომეთე“, „სრუტეთა მბრძანებელი“, „კაცი ლეგენდა“ და სხვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.„ საბჭომ დღეს სანქციების გახანგრძლივება გადაწყვიტა კიდევ ექვსი თვით, 2026 წლის 15 სექტემბრამდე, მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.სანქციების მოქმედება გაგრძელდება 2,600 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ დასანქცირდნენ. სანქციები მოიცავს მოგზაურობაზე შეზღუდვებს, აქტივების გაყინვას, და დასანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ფინანსების ან სხვა ეკონომიკური რესურსების მიწოდებას.

გიგი წერეთელი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე – თუ „ქართული ოცნება” არ გაითვალისწინებს ამ დრამატულ მომენტში რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ეს არ იქნება თანხვედრაში მოთხოვნებთან,...

ამგვარი მექანიზმის აღძვრა მხოლოდ იმ ქვეყნებში ხდება, სადაც მძიმე დარღვევებია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.მისი თქმით, ეს დასკვნა ნებისმიერი ქვეყნისთვის მძიმე იქნებოდა.„ეს დასკვნა, ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნებოდა მძიმედ აღსაქმელი. ვფიქრობ, რომ საქართველოში საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც ესმის, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მომავალი და ეს ვითარება არის გაუსაძლისი, საქართველო თმობდეს კუთვნილ ადგილს მსოფლიოში და მიდიოდეს იმ გზაზე, რომელსაც რუსეთის ან არადემოკრატიული ქვეყნების მცირე ჯგუფში მივყავართ, ეს კატასტროფული პერსპექტივაა.ყველას კარგად ესმის, რომ ამგვარი მექანიზმის აღძვრა მხოლოდ იმ ქვეყნებში ხდება, სადაც მძიმე დარღვევებია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებით და საქართველო სწორედ, ამ ქვეყნების რიგში აღმოჩნდა. ყველა ის მცდელობა, რომ დასკვნის ნიველირება მოხდეს, ან იმის თქმა, რომ მიკერძოებულია და მხოლოდ 24 ქვეყანას უთქვამს თანხმობა ამ მექანიზმის ამუშავებისთვის, ეს სრულ თანხვედრაშია არადემოკრატიული ქვეყნების პასუხთან როგორიც ბელორუსში ან რუსეთში იყო. ასევე, ასეთი დამოკიდებულება არის კონტრპროდუქტიული და კიდევ უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს ქვეყნისთვის, იქნება ეს ინდივიდუალური თუ ცალკეული ქვეყნების მერ დაწესებული სანქციები.თუ „ქართული ოცნების" ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ დრამატულ მომენტში რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ეს არ იქნება თანხვედრაში იმ მოთხოვნებთან, რომელიც არსებობს, შედეგი იქნება ნეგატიური და ეს თითოეულ მოქალაქეზე აისახება.რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს, ამას თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ დიდი საფუძველი შექმნა „მოსკოვის მექანიზმის" ამ დასკვნამ. ყველა მოქალაქე განიცდის იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი შეფასებები აქვს. სომხეთს დღეს დიდი წარმატება აქვს და მის პრემიერ-მინისტრს ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავენ და ამავე დარბაზში, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ, ამგვარი ეპითეტებია, ეს მტკივნეულია. ამას კი გადაწყვეტა სჭირდება და სწორედ ამისთვის არის საზოგადოების დიდი ნაწილი ცვლილებებისთვის განწყობილი და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული ცვლილება იქნება, საქართველოს განვითარების საფუძველი",- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ნიკა გვარამია – არალეგიტიმურ ხელისუფლებას ვეტყვი, არ ვაპირებთ მაგიდასთან დასხდომას, რათა პოლიტპატიმრებს თავისუფლება მოვუპოვოთ, ეს მათი უფლებაა, რომელიც ისედაც ეკუთვნით

პოლიტპატიმრების საკითხი პოლიტიკური გემოვნების მიღმა უნდა დავაყენოთ, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.მისივე თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ აპირებენ.„რეზოლუცია ჩვენთვის სამწუხაროა, რადგან საქართველოზე ბოლო კვირის განმავლობაში ორი ისეთი დოკუმენტი დაიწერა, რომელიც არცერთი ხელისუფლების დროს შავ სიზმარშიც კი არ დაგვესიზმრებოდა.ევროკავშირის პერსპექტივა ჩვენ არ გვაქვს, თუ ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი იქნება ამ ქვეყანაში. რა ელენე ხოშტარია არ არის პოლიტპატიმარი? რაღაცა ქაღალდის გულისთვის არის დაპატიმრებული და თვეებია ზის. თუმცა არამხოლოდ ელენე ხოშტარია, ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი 5 წელია ზის, ამ ქვეყნის 9-წლიანი გამოცდილების პრეზიდენტი. რაც არ უნდა იდავოს და ვინც არ უნდა იდავოს, ჯერჯერობით სააკაშვილზე უფრო მნიშვნელოვანი მიღწევები ამ ქვეყანაში არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია. სხვებიც არიან ციხეში, მაგალითად ნიკა მელია, რომელიც გაუგონარი ბრალდებით არის, უფრო სწორად საერთოდ არანაირი ბრალდება არაა.ციხეში კიდევ ასზე მეტი ადამიანია, ვინც პოლიტიკოსი არ არის. ამიტომ პოლიტპატიმრების საკითხი არანაირ გადახედვას, არანაირ ვაჭრობას, არანაირ რაღაცა დამატებით შეფასებებს არ საჭიროებს. მათი რაღაცნაირად ცალკეულ ჯგუფებად დაყოფაც არ არის სწორი. ჩვენ გვყავს ბევრი პოლიტპატიმარი და ჩვენი პოლიტიკური გემოვნების მიღმა უნდა დავაყენოთ ეს საკითხი. პოლიტპატიმრები არიან პოლიტპატიმრები და კიდევ ერთი, არალეგიტიმურ ხელისუფლებას კვლავ ვეტყვი, რომ ჩვენ პოლიტპატიმრებით ვაჭრობას, მაგიდასთან დასხდომას, რათა მათ თავისუფლება მოვუპოვოთ, არ ვაპირებთ. ეს უფლებაა, რომელიც მათ ისედაც ეკუთვნით და რაც ისედაც ეკუთვნით, ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე, ისედაც უნდა მიიღონ“, – განაცხადა გვარამიამ.

„გარდიანი“ – ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გადაკვეთა

ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა ტანკერმა, რომლებსაც თხევადი გაზი გადაჰქონდათ, ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გადაკვეთა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს. „დღეს დილით მათ ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გადაკვეთეს და ამჟამად ინდოეთისკენ მიემართებიან“, – განაცხადა ინდოეთის პორტების, საზღვაო გადაზიდვებისა და საზღვაო გზის სამინისტროს სპეციალურმა მდივანმა, რაჯეშ კუმარ სინჰმა. „გარდიანი“ წერს, რომ ეს მნიშვნელოვანი გამონაკლისი ირანმა მას შემდეგ დაუშვა, რაც ინდოეთში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ ირანმა ინდურ გემებს გადაადგილების ნებართვა მისცა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენ მათგანზე გაიცა თანხმობა. ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი თხევადი გაზის იმპორტიორია. იგი ახლო აღმოსავლეთიდან საწვავის დაახლოებით 85%-ს და თხევადი ბუნებრივი აირის 50%-ის იმპორტირებას ახორციელებს.

„შენი გაქცევის საფასურს ამჯერად გეიჯი გადაიხდის“ – ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევს მიმართა

ილია თოფურია ისლამ მახაჩევთან არშემდგარ ბრძოლას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, იყო საუბრები, რომ მსუბუქი დივიზიონის ამჟამინდელ ქართველ ჩემპიონს თეთრ სახლში უნდა ეჩხუბა სწორედ დაღესტნელ მებრძოლთან, მაგრამ მის ნაცვლად, მოწინააღმდეგე ჯასტინ გეიჯი იქნება.„მახაჩევი კვლავ ეძებს ბრძოლისგან თავის არიდების მიზეზს, ამჯერად - ტრავმა. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ თეთრი სახლის ივენთის ნაწილი ვიქნებოდი, მაშინაც კი, როცა UFC-იმ ერთ მომენტში მითხრა, რომ აღნიშნული ღონისძიებისთვის არ განვიხილებოდი. ვიცოდი, ეს უბრალოდ მოლაპარაკების ნაწილი იყო. როდესაც ბოლოს მითხრეს, რომ თეთრი სახლის ქარდზე ვიქნებოდი, ახსენეს ისლამიც და ერთი წამითაც არ მიფიქრია - მაშინვე დავთანხმდი ჩხუბს. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ იყო, თეთრი სახლის ქარდი მე-2 დღეს უნდა გამოცხადებულიყო.დილით რომ გავიღვიძე, გავიგე, მახაჩევი ტრავმირებული აღმოჩნდა, შემდეგ გამოჩნდა გეიჯისთან ბრძოლის ვარიანტი. კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც გადაიხდის ისლამის გაქცევის საფასურს. მისი მენეჯერი ნაძირალაა და თან ძალიან მახინჯიც. ჯასტინ, შევხვდებით თეთრ სახლში. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ხალხს ამცირებს. ეს სწრაფად დასრულდება. როდესაც გამოფხიზლდები, ყველაფერი უკვე დამთავრებული იქნება“, - განაცხადა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში

ბოლო სიახლეები