2020 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩებზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი სპარინგ პარტნიორი სამხრეთ აფრიკის უძლიერესი გუნდი იქნება. შეხვედრა მომავალი წლის 18 ივლისს არის დაგეგმილი.
ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი და საქართველოს რაგბის ფედერაცია ავრცელებენ.
ქურციკები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან. ისტორიული შეხვედრის დაგეგმვაზე საუბარი ჯერ კიდევ იაპონიაში დაიწყო და დღეს უკვე საბოლოოდ გადაწყდა, რომ ზაფხულის ტესტებზე ქართველი მორაგბეები სამხრეთ აფრიკის გუნდს დაუპირისპირდებიან.
აქამდე ქურციკებთან ბორჯღალოსნებს მხოლოდ ერთხელ აქვთ ნათამაშები, 2003 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი მორაგბეები 46 : 19 დამარცხდნენ.
„მოლაპარაკებები მსოფლიო თასის მსვლელობისას გვქონდა და ჯენტლმენურ შეთანხმებასაც იაპონიაში მივაღწიეთ, რაც უკვე ოფიციალურად დადასტურდა. სამხრეთ აფრიკელები კეთილგანწყობილნი არიან ჩვენს მიმართ და შეთანხმებასაც მარტივად შედგა. ვფიქრობ, გულშემატკივარი საინტერესო თამაშს იხილავს, რადგან ორივე გუნდი დაახლოებით ერთი სტილის მიმდევარია. არაა გამორიცხული, რომ სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას ადგილობრივ კლუბებსაც ვეთამაშოთ, რაც ჩვენს ტურნეს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაცნობებთ“ – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.