უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ მთავრობა ჩაატარებს სახელმწიფო კომპანიების აუდიტს და შედეგებს სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადასცემს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„მთავრობამ უკვე დაიწყო ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი. შემოწმების შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეცემათ. მთავრობამ ამას სრულად უნდა დაუჭიროს მხარი. სწორედ ამაზე ვამყარებ იმედებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ამზადებს სპეციალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვას. ზელენსკის თქმით, დღის განმავლობაში კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-მდე დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

