ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაფარვაზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში, თუმცა ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე კიევისთვის დიდი ოდენობის სესხის გასაცემად, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სააგენტო იუწყება, რომ გადაწყვეტილების მიღებას ბელგიის მხრიდან გამოთქმულმა შეშფოთებამ შეუშალა ხელი.
როგორც „როიტერი“ წერს, სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული დეკლარაციის ტექსტი წინა ტექსტებთან შედარებით „შერბილებულია“.
„ევროპული საბჭო ვალდებულებას იღებს, დაფაროს უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებები 2026-2027 წლებში, მათ შორის სამხედრო და თავდაცვითი მიზნებისთვის“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, „რუსეთის აქტივები უნდა დარჩეს გაყინული, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და არ აანაზღაურებს ომით გამოწვეულ ზიანს“.
ამასთან, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში თავდაცვისთვის საჭირო რესურსები ექნება.
„რუსეთმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ უკრაინას ექნება თავდაცვისთვის საჭირო ფინანსური რესურსები“, – აღნიშნა კოშტამ.

