ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

როგორ უნდა მოიქცე, რომ ფოტოზე ლამაზად გამოიყურებოდე. ინსტრუქცია

თითოეულ ჩვენგანს ჰქონია განცდა, რომ ფოტოზე საკუთარი თავი არ მოგვწონს და მსგავსი სურათების სოციალურ ქსელში გავრცელებას თავს ვარიდებთ. იდეალური ფოტოს შექმნას უნარები და ცოდნა სჭირდება, მაგრამ პირველ ეტაპზე მარტივი წესების სწავლა ნამდვილად შესაძლებელია. როგორ უნდა მოიქცეთ ფოტოს გადაღებამდე? რა წესები უნდა დაიცვათ პოზირების დროს და რა არ უნდა გააკეთოთ გადაღების დასრულების შემდეგ?

პირველ რიგში, რა უნდა გავაკეთო?

განსაზღვრეთ, რომელია თქვენი სამუშაო პროფილი

ყველა ადამიანს აქვს ბუნებრივი არაპროპორციულობა, წლებთან ერთად კი შეიძლება შეძენილი ასიმეტრიაც განვითარდეს. სამუშაოდ მიიჩნევა სახის ის მხარე, რომელიც თქვენ ფოტოზე უფრო მოგწონთ. მისი განსაზღვრა კი ასე შეგიძლიათ: აიღეთ ქაღალდის ფურცელი, რომლითაც რიგრიგობით პროფილის ორივე მხარეს დაიფარავთ, გადაიღეთ ფოტოები და ერთმანეთს შეადარეთ. შესაძლებელია უფრო მარტივადაც: სახის მარჯვენა და მარცხენა მხარეები ცალ-ცალკე გადაიღეთ.

ამასთან, „სამუშაო მხარე“ და „ ფოტოსთვის საყვარელი პოზა და სახის გამომეტყველება“ ერთმანეთში არ უნდა აგერიოთ. ასევე თუ თქვენ ყოველთვის სხეულის ერთსა და იმავე მდებარეობას ან ერთსა და იმავე მიმიკას ამჯობინებთ, ეს არაბუნებრივად გამოიყურება.

იფიქრეთ განათებაზე

ფოტოს ყველაზე მეტად დღის სინათლე უხდება. ფოტოგრაფების საყვარელი პერიოდია დილა ან საღამო. მზის ჩასვლის განათება კი იდეალურია. შუადღის კაშკაშა სხივების ფონზე ფოტოს გადაღება ნამდვილად არ ღირს, რადგან სახეზე მკვეთრად კონტრასტული ჩრდილები გექნებათ. არ არის სასურველი, რომ სინათლის წყაროს პირდაპირ ან ქვეშ დადგეთ, რადგან ამ დროს სახეზე და თვალების ირგვლივ ზედმეტი ლაქები გაგიჩნდებათ. არასასურველი ჩრდილების თავიდან ასარიდებლად, თავი ოდნავ აწიეთ და  სახე სინათლისკენ მიაბრუნეთ.

დაიცავით ფოტოგრაფიის უმარტივესი წესები

თუ თავად იღებთ ფოტოს, დააკვირდით, რას ახვედრებთ კადრში და როგორი იქნება კომპოზიცია. მესამე წესიც დაიმახსოვრეთ: კადრი აზრობრივად 9 ტოლ ნაწილად უნდა დაჰყოთ, ხაზების გადაკვეთის წერტილებში კი ძირითადი ობიექტები მოახვედროთ.

არ დაგავიწყდეთ თეთრი ბალანსის გასწორება, რომ ობიექტები, რომელთაც ჩვენ თეთრად ვხედავთ, ფოტოზეც იმავე ფერში გამოჩნდეს. ტელეფონის შემთხვევაში შეგიძლიათ დავაჭიროთ ეკრანის ნათელ ან უფრო მუქ ადგილს და ამის მიხედვით განვსაზღვროთ, რომელი კადრი იქნება უმჯობესი.

როგორ მოვიქცე გადაღების დროს?

სცადეთ, თვალებით ემოცია გადმოსცეთ

ყველაზე მთავარი რჩევაა: შეიყვარეთ კამერა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ არის არა ფოტოაპარატი, არამედ საყვარელი ადამიანი. ასე თქვენ დადებითი ემოციის გადმოცემას შეძლებთ.

გადაღებამდე თვალები დაახამხამეთ

ეს რჩევა მათთვის არის, ვისაც ფოტოზე თვალები ხშირად ეხუჭება. გადაღების დაწყებამდე თვალები რამდენჯერმე დაახამხამეთ, შემდეგ კი მკვეთრად გაახილეთ, თუმცა ძალიანაც ნუ დააჭყეტთ.

მიიღეთ თქვენთვის მოსახერხებელი და ბუნებრივი მდგომარეობა

ეცადეთ კალის გაშეშებულ ჯარისკაცს არ დაემსგავსოთ: არ ღირს, ხელების სხეულზე მიბჯენა ან ფეხების ერთმანეთზე მიტყუპება. თუ გინდათ, უფრო მოხდენილად გამოიყურებოდეთ, გვერდულად დადექით და ოდნავ მოხარეთ ის ფეხი, რომელიც კამერასთან უფრო ახლოს არის. სჯობს ქვედა ყბა და ტუჩები მოადუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი გამომეტყველება იქნება შებოჭილი, რაც არაბუნებრივად გამოგაჩენთ.

შეარჩიეთ რაკურსი

უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაზე დიდი და მოცულობითი გამოჩნდება თქვენი სხეულის ის ნაწილი, რომელიც ობიექტივთან უფრო ახლოს არის. აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის თქვენი მიზანი. ამ ხრიკის მეშვეობით შეგიძლიათ თქვენი ფიგურის გარკვეული ნაწილის ხაზგასმა ან პირიქით, დამალვა. მაგალითაად, იმისათვის, რომ უფრო მაღალი გამოჩნდეთ, საკმარისია ფოტოგრაფს სთხოვოთ ოდნავ ჩამოჯდეს და ფოტო დაბლიდან გადაიღოს. თუმცა ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, სხეულის პროპორცია დაირღვეს. მაგალითად, ნიკაპი შეიძლება უფრო მასიური გამოჩნდეს.

იმოძრავეთ

შეიცვალეთ მდებარეობა და სთხოვეთ ფოტოგრაფს, თან გამოგყვეთ. თუ თქვენ ფოტოს დოკუმენტისთვის არ იღებთ, მოძრაობაში გადაღებული სურათი ბევრად ბუნებრივია. სტატიკური პოზირება ხომ ბევრად რთულია. ფოტოგრაფმაც უნდა იმოძრაოს, რათა ფოტოები სხვადასხვა რაკურსითა და ხედით გადაიღოს.

როგორ გადავიღო სელფი?

პირველ რიგში, კამერა გაწმინდეთ

უბრალოდ შეგახსენებთ, რომ უმჯობესია, თუ წინა კამერაზე არ იქნება თითის ანაბეჭდები ან წვეთები.

ირგვლივ მიმოიხედეთ

მიმოიხედეთ, რა ხდება თქვენს ზურგს უკან. თუ თქვენი მიზანია მაქსიმალურად წარმატებული ავტოპორტრეტის გადაღება, უკანა ფონზე ნამდვილად არ გჭირდებათ სევდიანი ან უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. გამონაკლისია, როდესაც ეს ყველაფერი ავტორის კონცეფციის ან უწყინარი ხუმრობის ნაწილია.

შეარჩიეთ თავისა და სხეულის მდებარეობა

ცოტას თუ გამოსდის კარგი ფოტო მკაცრ ანფასში. ამიტომაც სახის შებრუნების ოპტიმალური კუთხეა 45 გრადუსი. სანამ ცდით, იქამდე შეგიძლიათ გაივარჯიშოთ კიდეც.

არ გადაიღოთ ფოტო ინსტაგრამის კამერით

ასე მხოლოდ ერთი ფოტოს გადაღებაა რეკომენდებული. უმჯობესია, სელფები ჩვეულებრივი კამერით გადაიღოთ, შემდეგ კი მისაღები ვარიანტი შეარჩიოთ.

თუ თქვენ ჯგუფურ სელფის იღებთ, ოპერატიულად იმოქმედეთ

იქამდე უნდა მოასწროთ სელფის გადაღება, სანამ ყველა კონცენტრირებულია. თუ პროცესი გაჭიანურდა, ადამიანები მოძრაობას დაიწყებენ და ყურადღება გაეფანტებათ. როგორც წესი, თქვენ ამ დროს რამდენიმე კადრს იღებთ, მაგრამ ნუ გექნებათ იმედი, რომ ყველა მოგეწონებათ.

გადაღების დასრულების შემდეგ შეგიძლიათ უბრალოდ დაისვენოთ ან დაიწყოთ იმ ფოტოების დამუშავება, რომელთაც საჭიროდ მიიჩნევთ.

რა უნდა გავაკეთო აუცილებლად?

ფოტოს კადრირება აუცილებელია. ამისათვის კი მესამე წესი გაიხსენეთ. შეარჩიეთ ჰორიზონტი, თეთრი ბალანსი გაასწორეთ, სიმკვეთრე და კონტრასტულობა რამდენიმე პუნქტით შეცვალეთ. ეს ყველაფერი შეგიძლიათ ფოტოს დასამუშავებელ პოპულარულ აპლიკაციებში გააკეთოთ. ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან ჭარბი დოზით ხელოვნურობა აშკარად თვალში საცემია. თუმცა, მეორე მხრივ, გადანათებულ ან ძალიან ჩაბნელებულ ფოტოს მაინც ვერ უშველით.

რა არ უნდა გავაკეთო?

სასურველია, ფერები არ დააკორექტიროთ. ეს იმ შემთხვევას ეხება, როდესაც თქვენ ერთ ობიექტს აფერადებთ, სხვები კი ფოტოზე შავ-თეთრია. ფონს ფილტრის მეშვეობით ხელოვნურად ნუ გააბუნდოვნებთ. არ გაითეთროთ კბილები, არ გაიფერადოთ თვალები, არ ეცადოთ ნაკეცების, ნაოჭების ან ფერიმჭამელების კორექტირებას. თუ წელის დაწვრილებას შეეცდებით, ამას შესაძლებელია სხვა ობიექტების დეფორმაცია მოჰყვეს. არ ღირს, ფოტოზე არარსებული კომპონენტების მიხატვაც. მაგალითად, წამწამების გახშირება ან ხალის ჩამატება.

რომელი აპლიკაციით ვისარგებლო?

შესაბამისი ინსტრუმენტები თქვენს ტელეფონში უკვე არის. როგორც წესი, იქ შესაძლებელია ჰორიზონტის გასწორება და ფოტოს კადრირება. ფოტოს დასამუშავებელი ყველაზე მარტივი და პოპულარული აპლიკაციებია: Facetune (iOS  და Android ), VSCO (iOS და Android) და FaceApp (iOS და Android).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” – გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებული პოლიციელის დაკავება მცირე წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არ ცვლის საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების ფართო სურათს

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმაში ბრალდებული პოლიციელის დაკავება მცირე წინგადადგმული ნაბიჯია, ეს არ ცვლის საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების ფართო სურათს, სადაც პოლიციისა და სხვა სამოქალაქო პირების მიერ მედიის თანამშრომლებზე თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება. ამის შესახებ განცხადებას “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” ავრცელებს.კერძოდ, “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” თავისი განცხადებით ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმისთვის ბრალდებული სპეცრაზმის თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება.“სავარაუდო დამნაშავის დაკავება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტურმა გამოძიებებმა საჯაროდ დაადგინეს შესაბამისი პოლიციელის ვინაობა და არა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად.მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე წინგადადგმული ნაბიჯია, ეს არ ცვლის საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების უფრო ფართო სურათს, სადაც პოლიციისა და სხვა სამოქალაქო პირების მიერ მედიის თანამშრომლებზე თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება”, - ნათქვამია განცხადებაში.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის დეკემბერი-ნოემბრის პერიოდში დოკუმენტირებულია პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზის, ე.წ. წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლისა, სხვა ტოქსიკური ნივთიერებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან პროტესტებს აშუქებდნენ, ისევე, როგორც თავად დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი – ნეთანიაჰუ ირანთან ომის პერიოდში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საიდუმლო ვიზიტისას ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა, რაც ურთიერთობებში გარდამტეხი ნაბიჯი გახდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ირანთან ომის პერიოდში ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საიდუმლო ვიზიტით გაემგზავრა და პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.ისრაელის პრემიერის ოფისის ცნობით, აღნიშნული ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებში გარდამტეხი ნაბიჯი გახდა.მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ ისრაელმა ირანთან ომის დროს საამიროებს „რკინის გუმბათის“ სისტემა და მომსახურე სამხედრო პერსონალი გაუგზავნა.ამასთან, „უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დევიდ ბარნეა ომის პერიოდში, სულ მცირე, ორჯერ ეწვია საამიროებს კოორდინაციის მიზნით.

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს, ჩვენებას არ იძლევა, არ აღიარებს ბრალს – შემაჯამებელ გადაწყვეტილებას ევროსასამართლოში წავიღებთ

ევროსასამართლოში არამარტო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას წავიღებთ, არამედ გარკვეულ გადაწყვეტილებებსაც, რაზედაც უარი გვეთქვა, მათ შორის, ისეთი სახის ინფორმაციის დაცვის მხარისათვის დამალვა, როგორიც არის მაგალითად გამამართლებელი მტკიცებულებები, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე, სადაც ბაგა-ბაღების სააგენტოს ეპიზოდზე მოწმეების დაკითხვისას ყველა მათგანმა გამორიცხა რაიმე ფორმით ლილუაშვილის მონაწილეობა ამ ეპიზოდთან მიმართებაში.“ხუთივე მოწმემ გამორიცხა ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის რაიმე ფორმით მონაწილეობა იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რაც წარდგენილი აქვს მას ე.წ. ბაღების ეპიზოდთან მიმართებაში. არცერთი მოწმის მხრიდან არ დადასტურებულა და არ თქმულა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ე.წ. ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით.ბრალდების მხარე შესაძლოა ბრალის დადგენილებაში ამბობდეს გარკვეულ პოზიციას, თუმცაღა დასახელებული, ბუნებრივია, უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით.მოწმეები, გარდა იმისა, რომ არ იცნობენ გრიგოლ ლილუაშვილს და არ უნახავთ არასდროს ეს ადამიანი, არც კი გაუგიათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილს რაიმე ფორმით შემხებლობა ან ჩართულობა ჰქონდა დასახელებულ ეპიზოდთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალთან მიმართებაში.სასამართლო პროცესები იმიტომ იმართება, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება იქნეს გამოკვლეული და დადგენილი. შესაძლოა, პროკურატურას ჰქონდეს გარკვეული სახის ვერსია, ის მხარეს წარმოადგენს, ჩვენ გახლავართ დაცვის მხარე, ამ შემთხვევაში ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამოაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და განაჩენი, რომელიც, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გამამართლებელი იქნება.თავად ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენებას ამ ეტაპამდე არ იძლევა, თუმცაღა ცალსახაა, რომ ის არ აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალს არცერთ ეპიზოდთან მიმართებაში.სასამართლო პროცესები რომ ღია და საჯარო ყოფილიყო, მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარეს ჰქონდა პოზიცია, ვინაიდან მართლა ძალიან ბევრი რამ გვაქვს საზოგადოებისთვის სათქმელი სწორედ იმ მტკიცებულებების ფონზე, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რაც ცალსახად ადასტურებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის უდანაშაულობას. სწორედ ეს გვინდოდა ჩვენ, რომ სოციუმისთვის ყოფილიყო ცნობილი. სამწუხაროდ, ჩვენ ეს უფლებამოსილება შეზღუდული გვაქვს ერთი მხრივ, გაუთქმელობის ხელწერილზე ხელმოწერით და მეორე მხრივ, დახურული პროცესებიდან გამომდინარე.გრიგოლ ლილუაშვილი დღეის მდგომარეობით იმყოფება სამართლებრივი დავის რეჟიმში და ამ პირობებში დაცვის მხარე ყველაფერს აკეთებს თუნდაც საჭიროების შემთხვევაში, როგორც ქვეყნის შიგნით მოხდეს ყველა დონეზე გასაჩივრება თუ აპელირება სამართლებრივი წესით, მათ შორის, საზღვარგარეთაც, ვგულისხმობ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.ევროსასამართლოში არამარტო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას წავიღებთ, არამედ გარკვეულ გადაწყვეტილებებსაც, რაზედაც უარი გვეთქვა, მათ შორის, ისეთი სახის ინფორმაციის დაცვის მხარისათვის დამალვა, როგორიც არის მაგალითად გამამართლებელი მტკიცებულებები. დიახ, გამამართლებელი სახის მტკიცებულებებზეა საუბარი, რომელიც სრული მოცულობით ჩვენ არ გადმოგვეცა, რასაც შესაბამისი პროცედურების დაცვით ასაჩივრებს დაცვის მხარე”, - განაცხადა ადვოკატმა.

15 მაისს მოლდოვაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართება

15 მაისს მოლდოვაში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველწლიურ სხდომას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.სხდომას მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ გახსნის.როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, საუბრები ფოკუსირებული იქნება რიგ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც ევროპის საბჭოს მანდატის საფუძველში დევს.მათ შორის: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, განსაკუთრებული აქცენტით ომისშემდგომ პასუხისმგებლობასა და აღდგენაზე. ასევე, ევროპის საბჭოს მუშაობაზე მიგრაციის სფეროში, რომელიც 2025 წლის 10 დეკემბრის მინისტრთა კონფერენციის გაგრძელებაა, სადაც მინისტრთა კომიტეტის მიერ დეკლარაციის მიღებაზე მოწოდება გაჟღერდა.

“იმედის” განცხადებით, ევროპარლამენტმა შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გასაშუქებლად აკრედიტაციაზე უარი უთხრა

ევროპარლამენტმა „იმედს“ ერთი წლით შენობაში მუშაობა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.მათივე ცნობით, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ხოლო მოლდოვამ კი „იმედს”, „რუსთავი 2” -ს და „პოსტივის" აკრედიატაციაზე უარი უთხრა."დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო, „იმედი”, „რუსთავი 2“ და „პოსტივი“ ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი", - აღნიშნულია "იმედის" განცხადებაში.ამასთან, ტელეკომპანიის განცხადებით, „იმედი“ დაინტერესდა მათი მოტივაციითა და არგუმენტებით. ტელეკომპანია აქვეყნებს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხსაც.„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიისთვის აკრედიტაციის მოთხოვნები კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს. მოქმედი ეროვნული კანონმდებლობისა და მოლდოვას რესპუბლიკაში „უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის“ შესაბამისად. აკრედიტაციის პროცესი ყველა განმცხადებლისთვის სტანდარტული შეფასების პროცედურას მოიცავს. ამ განხილვის შემდეგ, თქვენი მოთხოვნა არ დადასტურდა. პატივისცემით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება ინდივიდუალური აკრედიტაციის შეფასებებთან ან შიდა განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში, რომელსაც ტელეკომპანია ავრცელებს."იმედის" თანახმად, საკითხის დაინტერესების მოტივით ევროპის საბჭოსაც მიწერა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

ბოლო სიახლეები