სამშაბათი, ოქტომბერი 6, 2026

როგორ უნდა მოიქცე, რომ ფოტოზე ლამაზად გამოიყურებოდე. ინსტრუქცია

თითოეულ ჩვენგანს ჰქონია განცდა, რომ ფოტოზე საკუთარი თავი არ მოგვწონს და მსგავსი სურათების სოციალურ ქსელში გავრცელებას თავს ვარიდებთ. იდეალური ფოტოს შექმნას უნარები და ცოდნა სჭირდება, მაგრამ პირველ ეტაპზე მარტივი წესების სწავლა ნამდვილად შესაძლებელია. როგორ უნდა მოიქცეთ ფოტოს გადაღებამდე? რა წესები უნდა დაიცვათ პოზირების დროს და რა არ უნდა გააკეთოთ გადაღების დასრულების შემდეგ?

პირველ რიგში, რა უნდა გავაკეთო?

განსაზღვრეთ, რომელია თქვენი სამუშაო პროფილი

ყველა ადამიანს აქვს ბუნებრივი არაპროპორციულობა, წლებთან ერთად კი შეიძლება შეძენილი ასიმეტრიაც განვითარდეს. სამუშაოდ მიიჩნევა სახის ის მხარე, რომელიც თქვენ ფოტოზე უფრო მოგწონთ. მისი განსაზღვრა კი ასე შეგიძლიათ: აიღეთ ქაღალდის ფურცელი, რომლითაც რიგრიგობით პროფილის ორივე მხარეს დაიფარავთ, გადაიღეთ ფოტოები და ერთმანეთს შეადარეთ. შესაძლებელია უფრო მარტივადაც: სახის მარჯვენა და მარცხენა მხარეები ცალ-ცალკე გადაიღეთ.

ამასთან, „სამუშაო მხარე“ და „ ფოტოსთვის საყვარელი პოზა და სახის გამომეტყველება“ ერთმანეთში არ უნდა აგერიოთ. ასევე თუ თქვენ ყოველთვის სხეულის ერთსა და იმავე მდებარეობას ან ერთსა და იმავე მიმიკას ამჯობინებთ, ეს არაბუნებრივად გამოიყურება.

იფიქრეთ განათებაზე

ფოტოს ყველაზე მეტად დღის სინათლე უხდება. ფოტოგრაფების საყვარელი პერიოდია დილა ან საღამო. მზის ჩასვლის განათება კი იდეალურია. შუადღის კაშკაშა სხივების ფონზე ფოტოს გადაღება ნამდვილად არ ღირს, რადგან სახეზე მკვეთრად კონტრასტული ჩრდილები გექნებათ. არ არის სასურველი, რომ სინათლის წყაროს პირდაპირ ან ქვეშ დადგეთ, რადგან ამ დროს სახეზე და თვალების ირგვლივ ზედმეტი ლაქები გაგიჩნდებათ. არასასურველი ჩრდილების თავიდან ასარიდებლად, თავი ოდნავ აწიეთ და  სახე სინათლისკენ მიაბრუნეთ.

დაიცავით ფოტოგრაფიის უმარტივესი წესები

თუ თავად იღებთ ფოტოს, დააკვირდით, რას ახვედრებთ კადრში და როგორი იქნება კომპოზიცია. მესამე წესიც დაიმახსოვრეთ: კადრი აზრობრივად 9 ტოლ ნაწილად უნდა დაჰყოთ, ხაზების გადაკვეთის წერტილებში კი ძირითადი ობიექტები მოახვედროთ.

არ დაგავიწყდეთ თეთრი ბალანსის გასწორება, რომ ობიექტები, რომელთაც ჩვენ თეთრად ვხედავთ, ფოტოზეც იმავე ფერში გამოჩნდეს. ტელეფონის შემთხვევაში შეგიძლიათ დავაჭიროთ ეკრანის ნათელ ან უფრო მუქ ადგილს და ამის მიხედვით განვსაზღვროთ, რომელი კადრი იქნება უმჯობესი.

როგორ მოვიქცე გადაღების დროს?

სცადეთ, თვალებით ემოცია გადმოსცეთ

ყველაზე მთავარი რჩევაა: შეიყვარეთ კამერა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ არის არა ფოტოაპარატი, არამედ საყვარელი ადამიანი. ასე თქვენ დადებითი ემოციის გადმოცემას შეძლებთ.

გადაღებამდე თვალები დაახამხამეთ

ეს რჩევა მათთვის არის, ვისაც ფოტოზე თვალები ხშირად ეხუჭება. გადაღების დაწყებამდე თვალები რამდენჯერმე დაახამხამეთ, შემდეგ კი მკვეთრად გაახილეთ, თუმცა ძალიანაც ნუ დააჭყეტთ.

მიიღეთ თქვენთვის მოსახერხებელი და ბუნებრივი მდგომარეობა

ეცადეთ კალის გაშეშებულ ჯარისკაცს არ დაემსგავსოთ: არ ღირს, ხელების სხეულზე მიბჯენა ან ფეხების ერთმანეთზე მიტყუპება. თუ გინდათ, უფრო მოხდენილად გამოიყურებოდეთ, გვერდულად დადექით და ოდნავ მოხარეთ ის ფეხი, რომელიც კამერასთან უფრო ახლოს არის. სჯობს ქვედა ყბა და ტუჩები მოადუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი გამომეტყველება იქნება შებოჭილი, რაც არაბუნებრივად გამოგაჩენთ.

შეარჩიეთ რაკურსი

უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაზე დიდი და მოცულობითი გამოჩნდება თქვენი სხეულის ის ნაწილი, რომელიც ობიექტივთან უფრო ახლოს არის. აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის თქვენი მიზანი. ამ ხრიკის მეშვეობით შეგიძლიათ თქვენი ფიგურის გარკვეული ნაწილის ხაზგასმა ან პირიქით, დამალვა. მაგალითაად, იმისათვის, რომ უფრო მაღალი გამოჩნდეთ, საკმარისია ფოტოგრაფს სთხოვოთ ოდნავ ჩამოჯდეს და ფოტო დაბლიდან გადაიღოს. თუმცა ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, სხეულის პროპორცია დაირღვეს. მაგალითად, ნიკაპი შეიძლება უფრო მასიური გამოჩნდეს.

იმოძრავეთ

შეიცვალეთ მდებარეობა და სთხოვეთ ფოტოგრაფს, თან გამოგყვეთ. თუ თქვენ ფოტოს დოკუმენტისთვის არ იღებთ, მოძრაობაში გადაღებული სურათი ბევრად ბუნებრივია. სტატიკური პოზირება ხომ ბევრად რთულია. ფოტოგრაფმაც უნდა იმოძრაოს, რათა ფოტოები სხვადასხვა რაკურსითა და ხედით გადაიღოს.

როგორ გადავიღო სელფი?

პირველ რიგში, კამერა გაწმინდეთ

უბრალოდ შეგახსენებთ, რომ უმჯობესია, თუ წინა კამერაზე არ იქნება თითის ანაბეჭდები ან წვეთები.

ირგვლივ მიმოიხედეთ

მიმოიხედეთ, რა ხდება თქვენს ზურგს უკან. თუ თქვენი მიზანია მაქსიმალურად წარმატებული ავტოპორტრეტის გადაღება, უკანა ფონზე ნამდვილად არ გჭირდებათ სევდიანი ან უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. გამონაკლისია, როდესაც ეს ყველაფერი ავტორის კონცეფციის ან უწყინარი ხუმრობის ნაწილია.

შეარჩიეთ თავისა და სხეულის მდებარეობა

ცოტას თუ გამოსდის კარგი ფოტო მკაცრ ანფასში. ამიტომაც სახის შებრუნების ოპტიმალური კუთხეა 45 გრადუსი. სანამ ცდით, იქამდე შეგიძლიათ გაივარჯიშოთ კიდეც.

არ გადაიღოთ ფოტო ინსტაგრამის კამერით

ასე მხოლოდ ერთი ფოტოს გადაღებაა რეკომენდებული. უმჯობესია, სელფები ჩვეულებრივი კამერით გადაიღოთ, შემდეგ კი მისაღები ვარიანტი შეარჩიოთ.

თუ თქვენ ჯგუფურ სელფის იღებთ, ოპერატიულად იმოქმედეთ

იქამდე უნდა მოასწროთ სელფის გადაღება, სანამ ყველა კონცენტრირებულია. თუ პროცესი გაჭიანურდა, ადამიანები მოძრაობას დაიწყებენ და ყურადღება გაეფანტებათ. როგორც წესი, თქვენ ამ დროს რამდენიმე კადრს იღებთ, მაგრამ ნუ გექნებათ იმედი, რომ ყველა მოგეწონებათ.

გადაღების დასრულების შემდეგ შეგიძლიათ უბრალოდ დაისვენოთ ან დაიწყოთ იმ ფოტოების დამუშავება, რომელთაც საჭიროდ მიიჩნევთ.

რა უნდა გავაკეთო აუცილებლად?

ფოტოს კადრირება აუცილებელია. ამისათვის კი მესამე წესი გაიხსენეთ. შეარჩიეთ ჰორიზონტი, თეთრი ბალანსი გაასწორეთ, სიმკვეთრე და კონტრასტულობა რამდენიმე პუნქტით შეცვალეთ. ეს ყველაფერი შეგიძლიათ ფოტოს დასამუშავებელ პოპულარულ აპლიკაციებში გააკეთოთ. ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან ჭარბი დოზით ხელოვნურობა აშკარად თვალში საცემია. თუმცა, მეორე მხრივ, გადანათებულ ან ძალიან ჩაბნელებულ ფოტოს მაინც ვერ უშველით.

რა არ უნდა გავაკეთო?

სასურველია, ფერები არ დააკორექტიროთ. ეს იმ შემთხვევას ეხება, როდესაც თქვენ ერთ ობიექტს აფერადებთ, სხვები კი ფოტოზე შავ-თეთრია. ფონს ფილტრის მეშვეობით ხელოვნურად ნუ გააბუნდოვნებთ. არ გაითეთროთ კბილები, არ გაიფერადოთ თვალები, არ ეცადოთ ნაკეცების, ნაოჭების ან ფერიმჭამელების კორექტირებას. თუ წელის დაწვრილებას შეეცდებით, ამას შესაძლებელია სხვა ობიექტების დეფორმაცია მოჰყვეს. არ ღირს, ფოტოზე არარსებული კომპონენტების მიხატვაც. მაგალითად, წამწამების გახშირება ან ხალის ჩამატება.

რომელი აპლიკაციით ვისარგებლო?

შესაბამისი ინსტრუმენტები თქვენს ტელეფონში უკვე არის. როგორც წესი, იქ შესაძლებელია ჰორიზონტის გასწორება და ფოტოს კადრირება. ფოტოს დასამუშავებელი ყველაზე მარტივი და პოპულარული აპლიკაციებია: Facetune (iOS  და Android ), VSCO (iOS და Android) და FaceApp (iOS და Android).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სტამბოლის სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა – დაკავებულიც მოსწავლეა

სტამბოლის ბაშაქშეჰირის რაიონში მდებარე სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა და 7 დაშავდა.თურქული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2011 წელს დაბადებული მოსწავლე გოგონაა, რომელიც სტამბოლის ქიუჩიუქჩექმეჯეს რაიონის სკოლაში სწავლობს. სტამბოლის გუბერნატორმა დავუთ გიულმა განაცხადა, რომ გოგონა, რომელიც სკოლის მიმდებარე უბანში ცხოვრობს, სკოლაში სასკოლო ფორმით შევიდა და მოსწავლეებს დანით ჭრილობები მიაყენა.სკოლის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თავდამსხმელი დააკავეს და პოლიციას გადასცეს. მოგვიანებით იგი დააპატიმრეს.თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.

„ამ ინფექციის გავრცელება უკონტროლოა… ეს კონკრეტული მაგალითი მაქსიმალური სიფრთხილის „წითელი ალამია“ – ივანე ჩხაიძე „შავი ჭირის“ შესახებ

რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალება საერთაშორისო ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია, თუმცა ამ ეტაპზე შემთხვევის ოფიციალური მიზეზი დადასტურებული არ არის. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.ჩხაიძის თქმით, შავი ჭირი იმ დაავადებებს მიეკუთვნება, რომლის გავრცელებაც შესაძლოა არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ გლობალურ პრობლემად იქცეს. მისი შეფასებით, ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.„ზოგადად, შავი ჭირი მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, რომლის გავრცელებაც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ, რეალურად, გლობალური პრობლემაა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონტროლის ქვეშაა“,- განაცხადა ჩხაიძემ.ჩხაიძის შეფასებით, მსგავს შემთხვევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან შავი ჭირის გავრცელება ერთ ქვეყანაში დარჩენილ პრობლემად არ უნდა განიხილებოდეს.„ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის „წითელი ალამია“. არცერთი ქვეყანა არ იგრძნობს თავს დაცულად, როდესაც, თუნდაც ერთ ნაწილში, ამ ინფექციის გავრცელება უკონტროლოა“,- განაცხადა მან.რაც შეეხება საქართველოსთვის შესაძლო საფრთხეს, ივანე ჩხაიძის თქმით, შემთხვევა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მოხდა, საიდანაც საქართველოსთან ინტენსიური მიმოსვლა არ არის. შესაბამისად, მისი შეფასებით, საქართველოში ინფექციის შემოტანის ალბათობა მცირეა.„თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, აქ შემოაღწიონ, თუმცა ამის ალბათობა მცირეა. არ მგონია, ეს საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, მაგრამ როგორც ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის უწყება, ისე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვალყურს უნდა ადევნებდეს და ადევნებს კიდეც მიმდინარე პროცესებს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.რა არის ცნობილი ლაბორანტის გარდაცვალებაზე?მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 28 წლის ლაბორანტი, დარია შიპილოვა გარდაიცვალა.გავრცელებული ვერსიის თანახმად, მისი დაინფიცირება შესაძლოა შავი ჭირის გამომწვევის შემცველი სინჯარის შემთხვევით გატეხვას უკავშირდებოდეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვალების მიზეზი ფილტვისმიერი, ანუ პნევმონიური შავი ჭირი იყო.თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური — „როსპოტრებნადზორი“ — უარყოფს.უწყების განცხადებით, დარია შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა. მათივე განმარტებით, პაციენტის ორგანიზმში მისი პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა.„როსპოტრებნადზორში“ ასევე აცხადებენ, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.შესაბამისად, ამ ეტაპზე შავი ჭირით ლაბორანტის დაინფიცირება და ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტი ოფიციალურად დადასტურებული არ არის. საქმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები ახლავს.ივანე ჩხაიძის თქმით, ლაბორანტის გარდაცვალების ფაქტი ყურადღების განსაკუთრებულ გამახვილებას მოითხოვს, თუმცა საბოლოო სურათის შესაფასებლად დამატებითი ოფიციალური ინფორმაციაა საჭირო.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „სტუ ნანო 2026 – ნანოტექნოლოგია“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სტუ ნანო 2026 – ნანოტექნოლოგია“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სფეროს ცნობილი მკვლევრები, ასევე ახალგაზრდა სპეციალისტები და დოქტორანტები, მსოფლიოს 17-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების, ინსტიტუტებისა და კვლევით ცენტრებიდან.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანი ნანოტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე კვლევების შედეგების წარმოჩენა, სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. ღონისძიების ფარგლებში მეცნიერებმა ნანოტექნოლოგიების განვითარების აქტუალურ საკითხებზე, უახლეს კვლევებსა და სამომავლო სამეცნიერო პერსპექტივებზე იმსჯელეს.კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა მოიცავს ნანოფიზიკის, ნანოქიმიის, ნანობიოლოგიის, ნანომედიცინის, ნანომასალათმცოდნეობის, ნანოინჟინერიისა და ნანოელექტრონიკის მიმართულებებს. მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი კვლევების შედეგები და განიხილეს ნანოტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები მედიცინაში, ენერგეტიკაში, ელექტრონიკაში, მასალათმცოდნეობასა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.„სტუ ნანო 2026“-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტების ჩართულობაა. კონფერენცია მათ შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი კვლევები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე წარადგინონ, მიიღონ პროფესიული გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.კონფერენციის საერთაშორისო მასშტაბს 17-ზე მეტი ქვეყნის მეცნიერებისა და მკვლევრების მონაწილეობა განაპირობებს. სხვადასხვა სამეცნიერო სკოლის წარმომადგენელთა შეხვედრა ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, ახალი კვლევითი იდეების განვითარებას და სამომავლო ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის „სტუ ნანო 2026“ მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის წარმოჩენას და ქართველი მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას.ინფორმაციისთვის: ნანოტექნოლოგია თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, რომელიც აერთიანებს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მედიცინისა და საინჟინრო მეცნიერებების მიღწევებს. შესაბამისად, ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნის, ისე ინოვაციური კვლევების განვითარებისათვის.

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.“ზურაბ აბაშიძეს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში - მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი ევროკავშირსა და ნატოში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში. ასევე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.ზურაბ აბაშიძე 2012 – 2024 წლებში გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში. 2024 – 2025 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.ზურაბ აბაშიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რამდენიმე წიგნის და პუბლიკაციის ავტორი.მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გურამ მაჭარაშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მცდელობას – ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი ახლა უცხოური ძალების საჭიროებების მიხედვით დასჭირდათ

პარტია „ხალხის ძალის„ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პატიმარი გიორგი დავითაძეს საქმეს ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ პატიმარის განცხადება, თითქოს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა მასზე იძალადეს, სარწმუნო არ არის, რადგან ის ექსპერტიზას არ თანხმდება.“მიზანმიმართულად ხდება ყველა სახელმწიფო უწყებაზე დეზინფორმაციის გავრცელება და ადგილი აქვს მათი დისკრედიტაციის მცდელობას.გიორგი დავითაძის საქმეზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა და ადვოკატმა პატიმარი მოინახულა. თუ სააკაშვილის მმართველობის დროს ხალხი იხვეწებოდა საავადმყოფოში გადაყვანას ექსპერტიზის ჩასატარებლად, ახლა აქეთ ეხვეწება პენიტენციური სამსახური, ექსპერტიზას ჩაგიტარებთო, და ამაზე უარს ამბობს პატიმარი. ამის შემდეგ, მისი სიმართლე როგორ შეიძლება იყოს დამაჯერებელი?!ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი ახლა უცხოური ძალების საჭიროებების მიხედვით დასჭირდათ,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები