რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ევროკომისიის ახალი, მე-19 პაკეტი ჯერ კიდევ მზადების პროცესშია, – ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესმდივანმა, პაულა პინიომ „ევროპეისკაია პრავდას“ განუცხადა.
„რამდენადაც ვიცი, სანქციების პაკეტი განსახილველად ჯერ არ წარგვიდგენია. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ის მზადების პროცესშია“, – აღნიშნა პაულა პინიომ.
ამასთან, ევროკომისიის მთავარი პრესმდივნის მოადგილე ოლოფ გილი აცხადებს, რომ როდესაც საქმე სანქციებს ეხება, ევროკომისია გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სანქციებმა მაქსიმალურად ეფექტურად იმოქმედოს.
ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს. დონალდ ტრამპის თქმით, ევროპელებს რუსეთის მიმართ საკმარისად მკაცრი პოზიცია არ აქვთ, ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ. ამასთან, ტრამპი მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ამას ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა გააკეთებს და რუსული ნავთობის შეძენას შეწყვეტს. რუსული ნავთობის შესყიდვების გამო ამერიკამ პრეტენზიები ევროპული ქვეყნების მიმართაც გამოთქვა.