პარასკევი, აპრილი 17, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არქიტექტორის, გიული გეგელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის არქპალატის საპატიო წევრის, ამავე კავშირის გამგეობისა და ეთიკის საბჭოს წევრის – გიული გეგელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გეგელიების ოჯახს, მის ახლობლებს, უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც რექტორის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, პროფესორ გიული გეგელიას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ქართული არქიტექტურის განვითარებასა და ახალგაზრდა თაობის პროფესიულ აღზრდაში. მისი მოღვაწეობა საქართველოს არქიტექტურული მემკვიდრეობის ისტორიაში დარჩება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტით, სამეცნიერო თუ პედაგოგიური მიღწევით.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის – გიული გეგელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, ჩვენი უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირს – ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც გიული გეგელიას მრავალწლიანი პროფესიული გზა აკავშირებდა.

გიული გეგელიას მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სადაც მოღვაწეობის თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არქიტექტურული განათლების განვითარებასა და სტუდენტთა არაერთი თაობის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გიული გეგელიას სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით, სიღრმითა და სიახლისადმი მუდმივი სწრაფვით. თბილისსა და საქართველოს რეგიონებს ამშვენებს მის მიერ მაღალი ოსტატობით რეალიზებული არაერთი ნამუშევარი, რომელთა შორისაა: საცხოვრებელი მიკრორაიონი „სანზონა“, საცხოვრებელი მიკრორაიონი ბახტრიონისა და იყალთოს ქუჩებს შორის, ბაკურიანის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი, სამხატვრო გალერეა და „ხსოვნის კლუბი“ სენაკში, ეთნოგრაფიული მუზეუმი ნოქალაქევში, რუსთაველის თეატრის რეკონსტრუქციის გეგმა, ცნობილი მოქანდაკის – ელგუჯა ამაშუკელის სახლი-სახელოსნო თბილისში, საქალაქო სასამართლოს შენობა და საცხოვრებელი კომპლექსები ფოთში, თბილისში, წყნეთში, მცხეთაში და მრავალი სხვა.

პროფესორ გიული გეგელიას ავტორობით გამოიცა 8 სამეცნიერო ნაშრომი თბილისის ისტორიული რაიონის რეკონსტრუქციისა და რესტავრაციის საკითხებზე; არაერთი სტატია თბილისის ისტორიული უბნების მხატვრული შეფასების, ადაპტაციის, ძველი და თანამედროვე განაშენიანების ურთიერთკავშირის დადგენის საკითხებზე; განხორციელდა 100-ზე მეტი პროექტი და მშენებარე ობიექტის სამეცნიერო-მეთოდური და საპროექტო ხასიათის გამოკვლევები. ნაყოფიერი და წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისათვის მას მიღებული აქვს მრავალი საპატიო ჯილდო.

გიული გეგელიას სახელი და მოღვაწეობა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში“, – ნათქვამია რექტორის სამძიმრის წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ევროკავშირს, ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შემუშავდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირს ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომის შემუშავებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ირლანდიის ლიდერებთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ კოორდინირებული მიდგომა გააძლიერებს როგორც ბავშვებისა და მოზარდების დაცვას ციფრულ სივრცეში, ისე მსხვილი ონლაინ პლატფორმების პასუხისმგებლობას.როგორც „ბლუმბერგი“ წერს, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ესპანეთი და საბერძნეთი, უკვე განიხილავს შეზღუდვების დაწესებას. თუმცა, თითოეულ ქვეყანაში განსხვავებული წინადადებებია წარმოდგენილი, სხვადასხვა მინიმალური ასაკითა და დაცვის მექანიზმებით, რაც ევროკავშირში არაერთგვაროვანი წესების შექმნის რისკს აჩენს.მაკრონს სურს, ეს ინიციატივები ევროკავშირის დონეზე ერთიანი იყოს.საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას ითვალისწინებს. პორტუგალიის პარლამენტმა პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც 13-დან 16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობისთვის მშობლების მკაფიო თანხმობა დასჭირდებათ. დიდი ბრიტანეთი განიხილავს 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის მხარდაჭერაში კიდევ უფრო დარწმუნდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო აცხადებს, რომ ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის მხარდაჭერაში კიდევ უფრო დარწმუნდა. ამის შესახებ სვირიდენკომ „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.სვირიდენკომ აღნიშნა, რომ აშშ-ის სახაზინო მდივანთან, სკოტ ბესენტთან შეხვედრა პოზიტიური და მეგობრული იყო.„ვფიქრობ, ბესენტი უკრაინის გვერდით დგას და უკრაინას უჭერს მხარს“, – განაცხადა სვირიდენკომ.მისი თქმით, შეხვედრის დროს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ უნდა შესუსტდეს, გადაიდოს ან გაუქმდეს.სვირიდენკომ აღნიშნა, რომ ამერიკელი პარტნიორები სრულად აცნობიერებენ სანქციების გამკაცრების მნიშვნელობას, რათა რუსეთი დასუსტდეს და სანქციების გვერდის ავლის გზები შეიზღუდოს.უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომის დასრულება მისი ოცნებაა, თუმცა ეს უნდა მოხდეს მკაფიო უსაფრთხოების გარანტიებით, ეკონომიკური განვითარების გეგმითა და ქვეყნის აღდგენის პროგრამით.„უკრაინელ ხალხს იმ ცხოვრების უფლება აქვს, რომელსაც იმსახურებს, რადგან ისინი ასე გამორჩეულად იბრძოდნენ“, – განაცხადა სვირიდენკომ.უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ორდღიანი შეხვედრების შემდეგ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა იგრძნო.„ორდღიანი შეხვედრების შემდეგ ჩემი პირველი აზრი ის არის, რომ ყველაფერი შეიცვალა“, – განაცხადა სვირიდენკომ და აღნიშნა, რომ განწყობა უფრო კონსტრუქციული იყო, ვიდრე წინა შეხვედრებზე.ამასთან, „როიტერთან“ ინტერვიუში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.სვირიდენკომ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, სადაც ვიქტორ ორბანი ხელისუფლებიდან წავიდა, შესაძლებელი გახდება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღება, ასევე 90 მილიარდი ევროს სესხის დამტკიცება, რომელსაც ბუდაპეშტი ბლოკავდა.მისივე თქმით, ეს დადებითად აისახება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზეც.„ყველა უკრაინელი თავს ევროკავშირის ოჯახის ნაწილად გრძნობს და ვფიქრობ, ისინი იმსახურებენ იქ ყოფნას. ახლა ჩვენთვის შესაფერისი დროა, უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ და ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებული გზა მივიღოთ“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

დონალდ ტრამპი – იმედი მაქვს, „ჰეზბოლა“ კარგად მოიქცევა, თუ ასე მოიქცევიან, ეს მათთვის შესანიშნავი მომენტი იქნება, მშვიდობა საბოლოოდ უნდა დამყარდეს

ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი „ჰეზბოლას“ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს.„იმედი მაქვს, „ჰეზბოლა“ ამ მნიშვნელოვან პერიოდში კარგად მოიქცევა. თუ ასე მოიქცევიან, ეს მათთვის შესანიშნავი მომენტი იქნება. მკვლელობები აღარ იქნება. საბოლოოდ მშვიდობა უნდა დამყარდეს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.როგორც ტრამპი აღნიშნავს, შესაძლოა, ეს ისტორიული დღე იყოს ლიბანისთვის.

მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება “მძიმე დარტყმას” მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება "მძიმე დარტყმას" მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და დააკარგინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ბრიუსელის მხრიდან დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით, მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას და საფრთხეს შეუქმნის ახლობლებს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებას, რომლებიც საქართველოში და რუსეთში ცხოვრობენ - მათ შეიძლება დაკარგონ ერთმანეთის ნორმალურად მონახულების შესაძლებლობა. გარდა ამისა, საქართველოს მოუწევს შეურთდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ ენერგეტიკულ ემბარგოს,“ - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი მთავარი და სანდო მიმწოდებელი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის მიმართულებით. „ევროკავშირში გაწევრიანება ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაკარგავს შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან, რომლებიც მისთვის მთავარი საექსპორტო ბაზრებია,“- დასძინა ზახაროვამ. ასევე ზახაროვას თქმით, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება, გამოიწვევს რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას. "ეს უბრალოდ ანტირუსული სანქციები არ არის - ეს არის არალეგიტიმური, უკანონო სანქციები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით დაწესდა. რას ნიშნავს ეს კონკრეტულად საქართველოსთვის? მაგალითად, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას და მკაცრი სავიზო რეჟიმის შემოღებას,“ — განაცხადა მან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.რა იცვლება კონკრეტულად?ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე; ან საინვესტიციო მიზნით; ან სათამაშო ბიზნესში; ან ვირტუალურ აქტივებთან; ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.„მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, - ამბობენ ეროვნულ ბანკში.

ბოლო სიახლეები