აშშ-ის კონგრესმა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტს მხარი 218-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 214 წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინააღმდეგ მხოლოდ ორმა რესპუბლიკელმა მისცა ხმა.
დემოკრატიული პარტიის ყველა წევრმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ახლა კანონპროექტი დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, ტრამპმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ კონგრესს 4 ივლისამდე მისცა ვადა, რათა მისთვის ხელმოსაწერად კანონპროექტის საბოლოო ვერსია გაეგზავნა. კანონპროექტი ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, ასევე თავდაცვის სფეროსა და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ლიმიტის ოთხი ტრილიონი დოლარით გაზრდას. აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი ამჟამად 36 ტრილიონ დოლარს შეადგენს.