რუსეთის შსს-მ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით „კანონიერი ქურდის“ მერაბ ჯანგველაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
მერაბ ჯანგველაძე არის პირველი ადამიანი კრიმინალური სამყაროს ყველაზე გავლენიან ოთხ ფიგურას შორის, რომლის „კრიმინალური სტატუსიც“ ბრალდების საგანი გახდა.
მერაბისთვის მძიმე პერიოდი ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, როდესაც მისი ძმა ლევან ჯანგველაძე ვაკეში ქილერმა მოკლა.
მომხდარი მკვლელობიდან ორ თვეში მერაბ ჯანგველაძემ 30-მდე მხარდამჭერი შეკრიბა და მისი ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ „ნადირობა“ გამოაცხადა. თუმცა, ამ ნაბიჯს კრიმინალურ სამყაროში სკეპტიკურად შეხვდნენ.
მედია წერს, რომ უახლოეს მომავალში ჯანგველაძე საერთაშორისო ძებნილ სიაში იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ ჯანგველაძე იტალიაში ცხოვრობს, მისი ექსტრადიციის შანსი რეალურია. მას არ აქვს იტალიის მოქალაქეობა, იტალია კი იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის შსს-სთან საქმიანი ურთიერთობა აქვთ.